ელზა პაპოშვილი
(03.05.2023)

ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დიდ გადაჯგუფებას გეგმავს და როგორც ოპოზიციის ლიდერების განცხადებებიდან ჩანს, ამაზე მსჯელობა უკვე დაწყებულია. საუბარია 3 მთავარ პოლიტიკურ ცენტრზე, რომელიც განსხვავებული იდეოლოგიისა და პოზიციების პარტეიბს გააერთიანებს. გარდა ამისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ ახლა უნდა ველოდოთ ასპარეზზე ახალი პარტიების გამოჩენას, რომლებიც, როგორც წესი, წინასაარჩევნოდ იქმნება ხოლმე.

პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში უკვე ღიად განიხილება 2 მოსალოდნელი ცვლილება. პირველ რიგში ნიკა მელიასა და მისი მომხრეების გამოყოფა ენმ-საგან და დამოუკიდებელი პარტიის ფორმირება. ასევე ენმ-ის, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და  „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ალიანსის.

ამას გარდა, ენმ-დან წამოსული ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ თავადაც განიხილავს ახალი პარტიის შექმნას. მისივე შეფასებით, მომავალი წლის არჩევნებზე შეიძლება ვიხილოთ ე.წ. შუა პარტიების ალიანსიც, რომლებიც არც „ქართულ ოცნებასთან“ იქნებიან ასოცირებული და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

ამ სახის გადაჯგუფებას ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ მიესალმებიან და აცხადებენ, რომ სხვავარად პარლამენტში მოხვედრას მხოლოდ „ოცნება“ და ენმ შეძლებენ. ისინი პატარა პარტიებს დაშლას და ერთ ან რამოდენიმე დიდ პარტიად დაჯგუფებას ურჩევენ.

ახალი პარტიები და შესაძლო ალიანსები

„ნაციონალური მოძღაობიდან“ წამოსული ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავს. კითხვაზე - „შეიძლება შექმნათ ახალი პარტია?“ - იგი პასუხობს: „არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“.

ამასთან, მან იმ შესაძლოა ალიანსებზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაჩნდეს.

„ნიკა მელია ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაშია“. მასთან კომუნიკაცია მაქვს და ვფიქრობ, რომ გეგმებზე მას უნდა ჰკითხოთ. მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა სრულიად მოსალოდნელია. 

„მოცემულობაა ორი ორბიტა. როგორც ვხვდები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიდის სამი პარტია: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. იმის გამო, რომ ბლოკები აკრძალულია, როგორც ჩანს, ერთიანი სია გაკეთდება. 

„ქართულ ოცნებას“ თავისი ორბიტა აქვს. არიან პატარა პარტიებიც, ვინც გამსხვილებას ვერ ახერხებს. ამიტომ ლანდშაფტის გადალაგება აუცილებლად უნდა მოხდეს. ახალი ცენტრის შექმნის გარეშე ვერ მოხერხდება შუა პოზიციის მქონე ამომრჩევლის მობილიზება. ჩემს თავს „ნაცმოძრაობასთან“ არ ვხედავ, პარტიიდან წამოვედი და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ალბათ იმ ნაწილში ვიქნები, ვინც უნდა მოაბილიზოს შუა ხმები, „ლელოში“ - არა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე კი აცხადებს, რომ არჩევნების წინ ახალი პარტიების გამოჩენა ჩვეულებრივი ამბავია.

„ახალი პარტიის შექმნის თაობაზე ინფორმაცია არსებობს. დადასტურებელი ინფორმაცია არ მაქვს, თუ ვინ ქმნის, მაგრამ ეს ინფორმაცია არის პოლიტიკურ წრეებში და ამაში ახალი არაფერია.

„საუბარია ნიკა მელიაზე, რომელსაც ჯერ პარტია არ დაუტოვებია, მაგრამ საუბარია, რომ ახალ გუნდს შექმნის. ვის მოიაზრებს გუნდში, არ ვიცი. საუბარია სხვა ცენტრების შექმნაზეც, მაგრამ ჯერ ეს დადასტურებული არ არის“, - განაცხადა სამნიძემ.  

ახალი პოლიტიკური ლანდშაფტის კონტურები 

ანალტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ აცახდებს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულმა პოლიტიკოსებმა რა სახის პარტიაც არ უნდა შექმნან, ისინი მაინც „ნაციონალებად“ იქნებიან აღქმულები.

„ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალების“ თავმჯდომარედ მოსვლის შემდეგ, ძალიან ბევრი ამ პარტიის ვეტერანი პოლიტიკოსი უკმაყოფილოა. ამიტომ მათ ნელ-ნელა ენმ-დან გადინება დაიწყეს. ეს უკვე დე ფაქტოდ ნიკა მელიამ დაასრულა, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური პარტიის შემქნას აპირებს. 

„თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს დღემდე სჯერათ „ენდიაის“ და „აირაის“ კვლევების, მაშინ თავადაც ხედავენ რა სავალალო მდგომარეობაში არიან.  „ენდიაის“ ბოლოს კვლევით, შესაძლოა ენმ-მ ის 5%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახოს. ამიტომ მგონია, რომ გადაჯგუფებას აპირებენ. 

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ენმ-ის ერთი ჯგუფი, მელიას თაოსნობით, კეზერაშვილი-მერაბიშვილი-ხაბეიშვილისგან დისტანცირებას მოახდენენ. მთავარი ისაა, მელია სხვა რომელ პატარა პარტიებს მიიზიდავს, იქნება ეს „ლელო“, თუ სხვა პარტიები, რომლებთანაც წლებია თანამშრომლობენ. ვფიქრობ 2024 წლისთვის  მოვლენების ძალიან საინტერესო განვითარება გველის. 

„რაც შეეხება „დროას“, „სტარტეგია აღმაშენებელს“ და „გირჩი - მეტ თავისუფლებას“, ფაქტი - ენმ-სთან კოალიციაში შევლენ. თუმცა, არ მგონია ამან ხაბეიშვილის გამო დავარდნილ ენმ-ის რეიტინგს რამე მნიშვნელოვანი ქულები მოუტანოს“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.

ვის მიიმხრობს მელია

რაც შეეხება ენმ-დან წასვლის შემდეგ გაიყოლებს თუ არა მელია პარტიის მნიშვნელოვან ელექტორატს, აბაშიძე ამბობს, რომ ეს მეტწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ მელია პარტიიდან ვის გადაიბირებს. თუკი ეს ვეტერანი პოლიტიკოსები იქნებიან, რა თქმა უნდა, ენმ-ს ამით უფრო დიდი ზიანი მიადგება. 

„მე არც იმას გამოვრიცხავ, ნიკა მელიამ ვაშაძის, ხოშტარიასა და ჯაფარიძის გადაბირებაც კი სცადოს. შესაძლოა „ლელოც“ შეუერთდეს და სხვა ე.წ. შუალედური პარტიები. უბრალოდ „ბალასტი პოლიტიკოსების“ აკიდებას ნამდვილად არ ვურჩევ, მაგალითად „ლეიბორისტების“, რომელთა რეიტინგი 1%-ც არ არის. 

„მე საერთოდ ველი, რომ მელიას და მის ფლანგს სერიოზულად დაუპირისპირდებიან. ეს შესაძლოა იყოს თამარ ჩერგოლეიშვილი, თაკო  ჩარკვიანი და ა.შ. ამ ქალბატონებს უყვართ ხოლმე რაღაცეების წამოძახება და შეხსენება. 

„არჩევნებამდე წელიწადზე მეტი რჩება და დიდი ალბათობით, ახალი პარტია ავანსცენაზე უკვე გამოჩნდება. ალბათ მელია იმაზეც იმუშავებს, რომ ეს ე.წ. ნეიტრალური პატარა პარტიები მიიმხროს. ანა დოლიძის პარტიასა და სხვებს ვგულისხმობ. გიორგი გახარიასთან ალიანსი ნაკლებად მოსალოდნელი მგონია. ან თავად ეს შუალედური პარტიები გაერთიანდებიან. ვნახოთ, საინტერესო მოვლენების მომსწრენი გავხდებით“, - ამბობს აბაშიძე. 

რაც შეეხება ე.წ. კონსტრუქციულ ოპოზიციას, შესაძლოა თუ არა „ოცნებამ“ 2024 წლისთვის თავის რიგებში მიიღოს, აბაშიძე ამბობს, რომ მმართველ ძალას ეს პარტიები არ სჭირდება და ის მათგან დამოუკიდებლადაც 2024 წლის არჩევნებში გასვლას უპრობლემოდ  შეძლებს.   

რატომ არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის გადაჯგუფება 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ მსგავსი სახის გადაჯგუფებას პოლიიტკურ ველზე მიესალმება და ფიქრობს, რომ სხვაგვარად 2024 წლისთვის  სურათი იმაზე მძიმე იქნება, ვიდრე დღეს გვაქვს. 

„რადგან „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება ვეღარ იჭერს თავს და დიდი ალბათობით მელიას იქიდან წასვლა მოუწევს, მე ვურჩევ დროზე წავიდეს. ჯობია  თავისი მომხრეების ხმები დროზე გადაარჩინოს. ვისაც დარჩება ნომერი „5“ და „ნაციონალების“ სახელი, ბოდიში და ტაბურეტკი რომ დაუსვა, ხმას ხალხი მაინც მისცემს. ეს პარტია რელიგიურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და ენმ-ს სულ ცოტა 7-8% მაინც ექნება. 

„ვნახეთ, რომ ხაბეიშვილს და მელიას შორის ხმები თითქმის შუაზე გაიყო. მელიას მოხმრე თითქმის  ნახევარი პარტია გამოდის. ანუ, თუ ის „ნაციონალებიდან“ დროზე გამოვა, ასევე ენმ-სგან გამოყოფილ პარტიებს გადაიბირებს და მასთან გაერთიანდებიან, ეს პარტია 7%-მდე მაინც აიღებს. ეს კი პოლიტიკურ ველზე უკვე სერიოზული განაცხადი იქნება. 

„თუ კიდევ სადმე მესამე ჯგუფი შეიქმნება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საერთოდ არ ყოფილა, მით უფორ კარგი. თუკი „ლელო“ „ნაციონალებისგან“ დისტანცირებას საერთოდ მოახერხებს და რაღაც ახალ, ე.წ. უფრო ნეიტრალურ პარტიებთან სხვა ძალას შემქნიან, გადასარევი იქნება. უბრალოდ წყენას თუ დაივიწყებდნენ და გიორგი გახარიასთან ერთად შექმნიდნენ ახალ ძალას, ეს მთლად უკეთესი. ხოლო თუ მათ სალომე ზურაბიშვილიც დაემატა, რეიტინგს კიდევ უფრო აიმაღლებენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე