რუსული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში დააკავეს უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის წევრები, რომლებიც ადგილობრივი პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების ლიკვიდაციას და სხვადასხვა ტერაქტებს გეგმავდნენ. ამავე წყაროს ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტები ყირიმში მათ საქართველოდან შეიტანეს. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ დასახელებული ეს მარშური არარეალურია და ამ საქმეში საქართველოს ხსენება საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის ნაწილი და საქართველოზე ერთგვარი ზეწოლაა.
რუსული მედიის ინფორმაციით, საუბარია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს კონსპირაციულ ჯგუფზე, რომელიც ყირიმში მოქმედებდა. მათი თავდასხმის სამიზნეები „ყირიმის რესპუბლიკის" მეთაური სერგეი აქსიონოვი, დე ფაქტო ყირიმის პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმირ კონსტანტინოვი და იალტის დე ფაქტო მერი იანინა პავლენკო იყვნენ. გარდა ამისა, თავდასხმების სამიზნე ყირიმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ეფესბე") ცნობით, ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებულები არიან რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები ვიკტორ პოდვალნი, ალექსანდრ ლიტვინენკო, სერგეი კრივოშეინი, კონსტანტინ ევმენენკო, იგორ ზორინი და სერგეი ვოინაროვსკი. ასევე დაკავებულია ბულგარეთის მოქალაქე ვინმე პეტრანოვი, რომელიც ტერაქტებისათვის საჭირო აღჭურვილობის ტრანსპორტირებაზე იყო პასუხისმგებელი.
„დაკავებულებს აღმოაჩნდათ 5 მზადყოფნაში მოყვამნილი ბომბი, ელექტროდეტონატორი, რეადიომართვადი მექანიზმები და სათვალთვალო ჯიპიეს ტრეკერები.
„ჩაკეტილია ის არხიც, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული და საიდანაც ასაფეთქბელი ნივთიერებები ბულგარეთიდან თუირქეთსა და საქართველოს გავლით ყირიმში გადაჰქონდათ. ასაფეთქებელი მოწყობილობები კი ელექტროღუმელებად იყო შენიღბული", - წერს რუსული მედია.
ეს ელექტროღუმელები, მათი მტკიცებით ყირიმში, ალექსანდრე ლიტვინენკომ შეიტანა, თავად ტექნიკა კი რუსეთში ბულგარეთიდან თურქეთისა და საქართველოს გავლით შევიდა.
როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ეს მარშრუტი - ბულგარეთი-თურქეთი-საქართველო-რუსეთი-ყირიმი - ლოგიკაში არ ჯდება, რადგან ამხელა გზა თუნდაც იარაღის მიწოდებისთვის საერთოდაც არ სჭირდებოდა.
„ეს პირველ რიგში საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომია და როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს საქართველოს მისამართით მესიჯები გამოაგზვანოს, რადგან არაა გამორიცხული, რომ საბრძოლო მოქმედებები აქაც დაიწყოს.
„აქ ბრძოლა უკვე მიდის რუსეთსა და ნატოს გავლენებთან დაკავშირებით. ეს ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებამ ნატოს სამხედრო სტრატეგიულ წვრთნებში მონაწილეობაზე უარი რომ განაცხადა, ეს პირდაპირი ინდიკაციაა. ასევე საქართველოში პრორუსული სენტიმენტებიც გაიზარდა.
„ეს მესიჯი ალბათ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისკენაა მიმართული. ჩვენი ხელისუფლება საუბრობს, რომ მეორე ფრონტი დასავლეთს და უკრაინას უნდათო, მაგრამ მე პირდაპირ გეუბნებით, რომ მეორე ფრონტი რუსეთს თავისთვის უნდა. უნდა, რომ საქართველო მისი მთავარი პლაცდარმი გახდეს. თუ რუსეთი საქართველოში მეორე ფრონტს გახსნის, ამ ტერიტორიას ყოველგვარი ოპრობლემების გარეშე გამოიყენებს.
„ასეთ შემთხვევაში დასავლეთს კი არ უნდა ჩამოვცილდეთ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა გვქონდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, რაც ნატოში წინსვლაზე უარი ვთქვით. რუსეთმა „ცეცხლი გაგვიხსნა" და ეს ტყუილი მოიგონეს, რომ თურმე ბულგარეთიდან წამოსულა ტვირთი", - განცახადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე