ელზა პაპოშვილი
(01.05.2023)

მთელი უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, მათ შორის კიევშიც, დედაქალაქში აფეთქებები დაფიქსირდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, კიევში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. სამხედრო ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს არ დააიგნორონ საფრთხე, გამოიჩინონ სიფრთხილე და დარჩნენ თავშესაფრებში.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში ფრონტის ხაზზე ქალაქი ორიხივი დაბომბეს, დაზიანდა სახანძრო სადგური, აფეთქებების ხმა ისმოდა დროებით ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკშიც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აფეთქებების ხმა ისმოდა დნიპროპეტროვსკშიც, ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით გასულ დღეს ნიკოპოლის რეგიონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი. შეტევა განხორციელდა სუმის ოლქის 3 დასახლებაზეც.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის თქმით, ოკუპანტები მთელ რესურსს ბახმუტზე მიმართავენ, ქალაქის დაცვა კი გრძელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ჩრდილოეთით, ბელარუსის მხრიდან შემტევი ჯგუფების ფორმირების ნიშნები არ დაფიქსირებულა, რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ ბელარუსში ყოფნას.   

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტში კონტრშეტევებით მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურზე, გენერალ ალექსანდრე სირსკისზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერი წინსვლისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს და არაფერს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მუდმივად ხდება „ვაგნერის“ ახალი თავდასხმის ჯგუფების, სხვა კერძო კომპანიების მებრძოლებისა და მედესანტეების ამ მიმართულებით გადასროლა, მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქის აღებას“, - აღნიშნა უკრაინელმა გენერალმა.

მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება, მაგრამ მტერმა ჯერ ვერ შეძლო უკრაინის პოზიციების თავდაცვის ხაზის გარღვევა.

ამასთან, უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის ინფორმაციით, ლიმანის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთი თავდასხმა მოიგერიეს და რუსებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. „უკრაინელებმა 10 ოკუპანტი ტყვედ აიყვანეს“, - აღნიშნა ალექსანდრე სირსკიმ.  

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინის მოკავშირეები და მისი მოსახლეობა დარჩნენ „რაც შეიძლება ერთიანნი“ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვიდეო მიმართვაში მან აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ესაუბრა ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს იარაღის მიწოდებისა და შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.

მან ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს იარაღის მიწოდებისა და ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა: „და რომ რაც შეიძლება მეტი გლობალური მოთამაშე აბსოლუტურად პრინციპულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის დაცვაში მისი ტერორის გამო“.

მისი თქმით, მესაზღვრეები, რომლებმაც პირველებმა დაიცვეს ქვეყანა რუსული ძალებისგან, კვლავ უკრაინის საზღვრების დაცვას დაუბრუნდებიან.

„აუცილებლად დადგება დღე, როცა დონეცკისა და სიმფეროპოლის საერთაშორისო აეროპორტებში უკრაინის საზღვრის კონტროლი მგზავრებისთვის ისევ ჩვეულებრივი იქნება”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ”მაქსიმალური ერთიანობით, უდიდესი პრინციპული პოზიციის შენარჩუნებით ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად და თავდაცვის შეთანხმებების რაც შეიძლება სწრაფი განხორციელებით, ყველა ერთად უკრაინაში, ევროპასა და მსოფლიოში, შევძლებთ თავიდან ავიცილოთ რუსეთის მიერ ომის გაჭიანურება და ნორმალური, სამართლიანი მშვიდობის აღდგენა“.   

პოლკოვნილი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ რუსების მხრიდან სარაკეტო თადასხმებს არანაირი სამხედრო ტაქტიკური დანიშნულება არა აქვს. მათ მთავარ მიზანს მხოლოდ ის წარმოადენს, რომ უკრაინელები შეაშინოს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანონ. ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსების საჰაერო სივრცე ბევრ სამხედრო დაწესებულებას ვეღარ წვდება, ამიტომ სრულიად არაფერში რომ არ სჭირდებათ და გამოადგებათ ისეთი ქალაქების მასობრივი დაბომბვა მიდის.   

„ამ სარაკეტო თადასხმებს  არანაირი სამხედრო დანიშნულება არა აქვს. რუსები ამას აკეთებენ იმისთვის, რათა უკრაინელებმა  თავისი საჰაერო ძალების დეცენტრალიზება მოახდინონ. ამიტომ უკრაინის სამოქალაქო დაწესებულებებზე და მცხოვრებლებზე საკამაოდ დიდი გავლენა აქვს. 

„რუსები ისეთი სიხშირით, როგორც ადრე ამ სარაკეტო თავდასხმებს ვეღარ ახერხებენ. ფაქტიურად ბოლო 50 დღეა მსგავსი მასშტაბური სარაკეტო თავდასხმები არ ყოფილა. ეს ემსახრება ორ მიზანს, ერთი რომ სამოქალაქო მოსახლეობა პრინციპული პოზიციისთვის და უკრაინის ხელისუფლების მხარდაჭერისთვის დასაჯონ და აიძულონ უკრაინის მთავარობა, საჰაერო განლაგება შეცვალონ. 

„თან რაღაცა მესიჯს უგზავნიან, რომ ყველა მოქალაქის დაცვას ვერ შეძლებენ. ამ ყველაფერმა უკვე კონტროლი დაკარგა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ აი ვიღაცა კრემლში გაბრაზდა და თქვა რაკეტები გაუშვითო. ამას არანაირი სამხედრო დატვირთვა არა აქვს. ეს არის სპონტანური გადაწყვეტილებები და მოქმედება. სამოქალაქო მოსახლეობის სადამსჯელო ოპერაციაა“,-ამბობს ბერიძე. 

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე ბახმუტის ირგვლივ გაყინულ საბრძოლო მოქმედებებს, რომელიც არც წინ მიდის და არც უკან, პოლკოვნიკი ამბობს, რომ რეალურად ყველა მონაკვეთზე ბრძოლა მიმდინარეობს. ბერიძე ამბობს, რომ თუკი აღმოსავლეთ ფრონტს ავიღებთ, იქ რუსები მაინც ცდილობენ კუპიანსკის მიმართულებით, ბახმუტის, ლიმანის, ავდეევკას, დონეცკის და აღმოსავლეთ ზაპროჟიეს ოლქის მიმართულებებზე შეუტიონ. 

„ბახმუტი მართლა ცხელი წერტილია. მართლა ქალაქის ბედი უკვე ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მცხეთის ხელა ქალაქმა ორივე მხარისთვის უკვე პრინციპული მნიშვნელობა მიიღო. არცერთი მათგანი პოზიციას არ თმობს. 

„რაც შეეხება სამხრეთ უკრაინას, რუსეთი აქ ძირითადად თავდაცვაზეა გადასული. საბრძოლო მოქმედებები ყველგან მიმდინარეობს, თუმცა ინტენსივობა დაბალია, ვიდრე ეს ადრე იყო. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ რუსებს შეტევის გაგრძელება აღარ შეუძლიათ. ეხლა ცდილობენ რაღაცა გაურკვეველი მანევრები ჩაატარონ. არსებობს მოწოდებები, რომ რუსები სრულად ყველა ხაზზე თავდაცვაში გადავიდნენ. ვნახოთ მოვლენები გამოჩნდება როგორც განვითარდება“,-ამბობს ბერიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე