თამთა ჩაჩანიძე
(01.05.2023)

30 აპრილს „აი უცნობის" დაორგანიზებით გამართულა აქციამ დაგვანახა, რომ არცთუ ისე ცოტა მხარდამჭერი ჰყავს ლოზუნგებს „არა ომს", „მშვიდობა ჩვენს ქვეყანას", „საქართველო უპირველეს ყოვლისა", რაც თავისთავად მიშნავს იმას, რომ ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც იგივე თემებზე მკაფიო პოზიცია ექნება, ხალხის გარკვეული ნაწილის ყურადღებას დაიმსახურებს - აცხადებენ ანალიტიკოსები „რეზონანსთან".

მმართველი გუნდის შეფასებით 30 აპრილის აქციაზე იყო ხალხი გამოსული, „რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს" და „საქართველოსა და საქართველოს სიყვარულის გარდა, იქ არაფერზე არ იყო საუბარი".

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ორგანიზებულობისა, ჩამოყვანილი ადამიანებისა და მრავალკვირიანი კამპანიისა, აქცია იმის მაჩვენებელი იყო, რომ „რუსეთს და ანტიდასავლურ პროპაგანდას ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვს". მათივე თქმით, „აქციაზე გაჟღერებული თითოეული განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" 30 აპრილის აქციას დადებითად აფასებს, მისი თქმით, გამოჩნდა, რომ გაჟღერებულ ლოზუნგებს არცთუ ცოტა მხარდამჭერი ჰყავს, რაც მიშნავს იმას, რომ ახალ პოლიტიკურ ძალა, რომელსაც იგივე თემებზე მკაფიო პოზიცია ექნება, ამ ხალხის ყურადღებას დაიმსახურებს.

„აქციას დადებითად შევაფასებდი, ამ შემთხვევაში რაოდენობაზე არ ვლაპარაკობ, სტილისტიკა იყო ისეთი, რაც დადებითად მაფასებინებს.

„აქცია მოკლე იყო, საზოგადოება მშვიდად იდგა, ყველა გამომსვლელს კარგად უსმენდა და ეს რეაქციებზე ეტყობოდათ. ყველაფერზე იყო შესაბამისი რეაქცია და მერე ისევ მშვიდად დაიშალნენ. მათ ქცევაში ექსცესები და რადიკალიზმი არ ყოფილა, თან აქციის ეს სტილი ჩემთვის უფრო მისაღებია.

"რაც შეეხება იმას, მესამე პოლიტიკური ძალა იკვეთება თუ არა - ამ აქციამ აჩვენა, რომ საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს იმ პოზიციას, რასაც დღევანდელი ოპოზიციური პარტიები არ იზიარებენ.

„არა ომს", „საქართველო უპირველეს ყოვლისა", „არა "ნაციონალურ მოძრაიბას", აღმოჩნდა, რომ ეს ლოზუნგები ბევრისთვის მისაღებია, რაც თავისთავად მიშნავს იმას, რომ ახალ პოლიტიკურ ძალა, რომელსაც იგივე თემებზე მკაფიო პოზიცია ექნება, ხალხის ყურადღებას დაიმსახურებს. ეს შეიძლება აქციიდან გამდინარე ვივარაუდოთ",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხალხში ახალი პოლიტიკური ძალის მოთხოვნა აქციამდეც იყო, თუმცა, ჯერჯერობით ეს ძალა ვერ გამოჩნდა.

„ხალხში ახალი პოლოტიკური ძალის მოთხოვნა, ამ აქციამდე კარგა ხნის წინ იყო მომწიფებული, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს პოლიტიკური ძალა ვერა და ვერ გამოჩნდა. ხოლო იმ პოლიტიკურმა ძალებმა, თუ ჯგუფებმა, რომელსაც ახალი პოლოტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბების პრეტენზია ჰქონდათ, საზოგადოებას იმედები ვერ გაუმართლეს.

"30 აპრილის აქციამ დაგვანახა ის, რომ საზოგადოება ორად გაყოფილი და პოლარიზებულია, სწორედ ღირებულებითი და მსოფლმხედველობითი კრიტერიუმების მიხედვით," - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ 2024 წლამდე ისეთი ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს, რომელიც არც ენმ-ს პოლიტიკას იზიარებს და არც "ოცნების", ანჯაფარიძემ გვითრა: „ჩვენს ტურბულენტურ და პოლიტიკურად განუჭვრეტელ გარემოში არაფერი გამორიცხული არაა. ვინმე ელოდა, რომ მაგალითად ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდებოდა?! მაგრამ ეს ამბავი მოხდა და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ. არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ იმ მოცემულობით, რაც ამჟამად საქართველოში გვაქვს, ჯერჯერობით ასეთი პოლიტიკურ კონტურებს ვერ ვხედავ.

„თვალი რომ გადავავლოთ, თუნდაც იმ პოტენციურ პოლიტიკურ ლიდერებს, საზოგადოებაში ცნობად ადამიანებს, რომლებსაც სოციალური კაპიტალი, ავტორიტეტი გააჩიათ და აზრის ლიდერებად ითვლებიან, მათგან პოლიტიკაში მოსვლის მზაობა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

„მხოლოდ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი საკმარისი არაა, პოლიტიკაში რომ მოხვიდე, ამისთვის გარკვეული რესურსებია საჭირო. საზოგადოებამ, ან გავლენის ჯგუფებმა მხარი უნდა დაგიჭიროს, რომელიც შენში თავიანთ ადამიანურ, ფინანსურ თუ სხვა რესურსებს ჩადებენ, რომ შენგან ლიდერი გამოძერწონ და ჯერჯერობით ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, „სტრატეგია აღმაშენებელის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, აქციაზე გაჟღერებული თითოეული განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული.

"შეხვედრა იყო ძალიან სამარცხვინო. მე პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს, მაგრამ იქ გაჟღერებული განცხადებები არ იყო განსხვავებული აზრი, ყველა სიტყვა იყო მავნებლობა, ბოროტმოქმედება და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ნეიტრალიტეტზე იფიქროს საქართველომ, ეს არის მავნებლობა და დუგინის გეგმა საქართველოში, რომ საქართველო აიძულონ დათმოს სუვერენიტეტი ბუტაფორიული მშვიდობის ნაცვლად. ეს არის ლეგენდა. არ იყო ნატო და ევროკავშირი, მაგრამ რუსეთი საქართველოს ანგრევდა, ღებავდა ეკლესიებს, კლავდა პატრიოტებს.

„1921 წელს, რა საქართველო ნატო-ს წევრი იყო და ამიტომ დაგვესხა რუსეთი თავს? 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რატომ გააუქმეს? ნატო-ს წევრი იყო და ამიტომ?! პატრიარქებს რატომ გვიკლავდნენ?! სამწუხაროა, რომ ეს ხალხი გამოყენებულია მტრული მიზნებისთვის, ეს შეკრება შემთხვევითი არ არის, ეს არის რუსული საგარეო დაზვერვის ოპერატიული თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი სპეციალური დანაყოფი და იდეოლოგია,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით გახმოვანებული მოთხოვნა ახალი არაა, 11 წელია ეს გვესმის და ამაზე დგას ბიძინა ივანიშვილი. "ქართული ოცნების" პარადიგმიდან უნდა გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად მრავალკვირიანი კამპანიისა და ორგანიზებისა, ამ აქციამ აჩვენა, რომ რუსეთს და ანტიდასავლურ პროპაგანდას ჩვენს ქვეყანაში მომავალი არ აქვს.

"ეს ადამიანები იყვნენ "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული ადამიანები და სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" მოვლით და არაპირდაპირი გზით ცდილობს ადამიანების შეცდომაში შეყვანას და ანტიდასავლური გზავნილების გამეორებას. მიუხედავად ორგანიზებულობისა, ჩამოყვანილი ადამიანებისა, მრავალკვირიანი კამპანიისა, მათთვის სამწუხაროდ და ჩვენთვის საბედნიეროდ, ეს აქცია იყო იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში, სადაც მოსახლეობის 85 პროცენტს სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი ჩვენი ქვეყანა, რუსეთს და ანტიდასავლურ პროპაგანდას მომავალი არ აქვს.

„რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობასთან" დაკავშირებით გახმოვანებულ მოთხოვნას, ესეც ხომ არ არის ახალი, 11 წელია ეს გვესმის და ამას სთავაზობს ეს პარტია ადამიანებს, 11 წელია ამაზე დგას ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ "ქართული ოცნების" პარადიგმიდან უნდა გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა და კანდიდატის სტატუსი მიიღოს," - განაცხადა დეკანოიძემ.

„ჩვენი ოპოზიცია იმ კონდიციამდე მივიდა, რომ სადაც იქნება სიტყვა „ქართული", მათ ანტიდასავლურობა და პრორუსობა ელანდებათ. როგორც ჩანს, მათთვის ქართველობაც ანტიდასავლურობას ნიშნავს", - ამის შესახებ კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „აი უცნობის" ორგანიზებით 30 აპრილს გამართული აქცია და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, აქცია გამსჭვალული იყო ქართული იდეითა და ეროვნული ინტერესით. პაპუაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, საკუთარ ლექსიკონში ტერმინი „ეროვნული ინტერესი" დააბრუნონ.

„რა მოვისმინეთ საერთო ჯამში? იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს და საქართველოსა და საქართველოს სიყვარულის გარდა, მე მგონი, იქ არაფერზე არ იყო საუბარი. გამოდის, რომ ამ ხალხის თვალში, ვინც არიან კრიტიკოსები, საქართველოზე საუბარი ნიშნავს ანტიდასავლურობას და პრორუსობას? ეს არის საერთო ჯამში, სადაც ისინი ტოლობას სვამენ. როგორც კი ვინმე საუბრობს საქართველოზე, ეროვნულ ინტერესზე და ა.შ. იქვე გამოდის პირდაპირ იარლიყების მიწებება, თითქოს ეს არის ანტიდასავლური.

„მე რაც ვნახე, ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესით გამსჭვალული აქცია. პირიქით, ოპოზიციას მოვუწოდებდი, რომ ამ იდეებს ჩაუფიქრდნენ და დააბრუნონ საკუთარ ლექსიკონში „ეროვნული ინტერესი", როგორც ერთ-ერთი განმსაზღვრელი პრინციპი გადაწყვეტილების მიღებისა. ეს „ეროვნული ინტერესი" რომ ამოგდებული აქვთ საკუთარი ლექსიკონიდან და ყველაფერთან პრორუსობა და ანტიდასავლურობა ელანდებათ, ეს არის პრობლემა.

„საბოლოო ჯამში, ჩვენი ოპოზიცია მივიდა იმ კონდიციამდე, რომ სადაც იქნება სიტყვა „ქართული" მათ ანტიდასავლურობა და პრორუსობა ელანდებათ. როგორც ჩანს, მათთვის ქართველობაც ანტიდასავლურობას ნიშნავს. ამიტომ ეს პრობლემა არის ოპოზიციის," - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ნეიტრალიტეტსა და ნატო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით აქციაზე გაჟღერებულ განცხადებას, როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, აღნიშნული განცხადების ანტიდასავლურობად შეფასება არ შეიძლება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში საქართველო ნატოსთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობაშია და ერთადერთი, რაც ნატოს წევრობას გვაცილებს, თავად ნატოს გადაწყვეტილებაა.

„მოლდოვას ოფიციალურად აქვს გამოცხადებული ნეიტრალიტეტი და ამას ანტიდასავლურად არავინ აფასებს. საქართველოს პოზიცია არის ნათელი. ჩვენ ვესწრაფვით ნატოში წევრობას. არათუ ვესწრაფვით, საქართველოს ყველაფერი აქვს თავის მხრივ გაკეთებული, არის ნატოს წევრობასთან თავსებადი და აღიარებულია, რომ ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, რომ გავხდეთ ნატოს წევრი. ერთადერთი, რაც გვაცილებს ნატოს წევრობას ჩვენ, არის თავად ნატოს გადაწყვეტილება. ეს გვაკლია მხოლოდ," - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე