თამთა ჩაჩანიძე
(30.03.2023)

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, „თითქმის ყველაფერი მზად არის" იმისთვის, რომ ექსპრეზიდენტის ოჯახმა სტრასბურგს მიმართოს. მე-3 პრეზიდენტის გარემოცვის თქმით, პროცესს ის აჭიანურებს, რომ დოკუმენტაციის, მათ შორის სამედიცინო ისტორიის მიღების პროცესში შეფერხებებია, თუმცა როგორც „ვივამედი" აცხადებს, ისტორია მზადაა და მისი წაღება ოჯახსა და ადვოკატებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

მმართველ გუნდში ამაზე აცხადებენ, რომ სარჩელის არგასაგზავნად ოპოზიცია საბაბს ეძებს. მათი თქმით, „ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა, ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან".

„უკვე ძალიან გაჭიანურდა და ვფიქრობ, რომ ამ კვირაში სტრასბურგში გასაჩივრება უნდა მოხდეს, მგონი ყველაფერი მომზადებულია," - აცხადებს გიული ალასანია. „ - იურიდიულად ყველაფერი მზად არის, ადვოკატებს ბოლო ინფორმაცია სჭირდებათ. თუ ობიექტურობა არსებობს, ამ ადამიანს ეკუთვნის ის, რასაც ვითხოვთ. რა მოლოდინი უნდა მქონდეს, საბედნიეროდ დღემდე მათთან ურთიერთობის გამოცდილება არ მქონია და იმედია, არასდროს არ მექნება. მე ერთი რამ ვიცი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი კვდება იმიტომ, რომ ქვეყანა ააშენა. აი, ეს ზუსტად ვიცი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ეს მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს. გუშინ დაცემულა, იმიტომ, რომ ვერ დადის."

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის გარემოცვა საქმის სტრასბურგში გაგზავნას ვერ ბედავს.

„ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა, ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან. აქედან გამომდინარე, საბაბის მოძებნას ცდილობენ სარჩელის არგასაგზავნად. სინამდვილეში, სარჩელის ამის მიზეზი ერთადერთია, ისინი ვერ იქნებიან ამ სარჩელში წარმატებული", - განაცხადა კობახიძემ.

სამედიცინო ცენტრ „ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, გიორგი ჩალაძის განცხადება, თითქოს მათ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიას არ აძლევენ, სრულიად უსაფუძვლოა, რადგან კლინიკას პაციენტის სამედიცინო ისტორიის გაცემაზე არავისთვის პრობლემა არ შეუქმნია.

„ეს არის სრულიად უსაფუძვლო განცხადება ბატონი გიორგისგან, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ადამიანს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს თუ რას ნიშნავს სამედიცინო ისტორია, რა დანიშნულება აქვს და რამდენად მნიშვნელოვანია ის პაციენტის სტაციონარში მართვის მიზნით, და რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის, ექიმებისთვის. რა თქმა უნდა, შემოსვლის პირველივე დღიდან გახსნილია ისტორია და უხერხულიცაა ამის მტკიცება. რამდენჯერმე ყოფილა გამოთხოვილი სამედიცინო ისტორია, თუნდაც ადვოკატების მიერ ყოველთვის დროულად იქნა მიწოდებული. ადვოკატის ბოლო განცხადებაც შესრულებულია და ტექნიკურად ისტორია მზადაა და რამდენიმე დღის განმავლობაში არც არავის არ მოუკითხავს. ისტორია არაერთხელ იყო გამოთხოვილი და ყოველთვის დროულად ბარდებოდა იმას, ვინც ითხოვდა, ესენი იყვნენ ადვოკატები, სახალხო დამცველის აპარატი, ეს იყო თუნდაც ის ბოლო კომისია, რომელიც ვიზიტით იმყოფებოდა წინა დღეებში ჩვენს კლინიკაში, რომლებიც სრულად გაეცნენ ავადმყოფობის ისტორიას და სრულად გაეცნენ ყველა იმ კვლევას, რომელიც ჩატარებულია, მას რეგულარულად უტარდება და არასდროს ავადმყოფობის ისტორიასთან დაკავშირებით არავისთვის არანაირი პრობლემა არ შეგვიქმნია", - განაცხადა ჩხაიძემ „რუსთავი 2"-თან.

რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ საჩივრის შესატანად დოკუმენტების მომზადების პროცესი მიმდინარეობს და შემდეგ, თავად სააკაშვილმა და ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს, სარჩელი გაიგზავნება თუ არა.

„სერიოზულად სჭირდება ამას მომზადება [დოკუმენტების კუთხით] და ამის შემდეგ თავად ოჯახი და სააკაშვილი მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაიგზავნოს, არ გაიგზავნოს თუ როდის გაიგზავნოს. ჩვენი მოვალეობა ამ შემთხვევაში არის, რომ გავამზადოთ ეს დოკუმენტები, მაგრამ ჯერ არ არის ბევრი პასუხი მიღებული," - განაცხადა ადვოკატმა „პალიტრანიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე