თამთა ჩაჩანიძე
(29.03.2023)

წელიწადნახევარში კონსტიტუციით გათვალისწინებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია, თუმცა პატარა ოპოზიციურ პარტიებს ამ მოცემულობით მისვლა „საშიშად ეჩვენებათ", რადგან, თუ ბარიერი არ იქნა დაწეული, მთავარ აქტორებად კვლავ „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" მოიაზრებიან.

ანალიტიკოსების ნაწილსაც ეეჭვება, რომ მთავარი აქტორები შეიცვალონ, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის პროგნოზით, ისევ ორი ძალის ცენტრი იქნება, თუმცა, გადაჯგუფებები ყველა ვარიანტში მოსალოდნელია.

„მეეჭვება, რომ მთავარი აქტორები შეიცვალონ, სახელებში შესაძლოა კორექტივი შევიდეს, მაგრამ ძალის ცენტრი მემგონი ეს ორი (ენმ, „ქართული ოცნება") ისევ იქნება, რადგან „ოცნებას" ხელისუფლება უკავია, წამრთმევიც არ ჩანს და ამდენად ის ძალის ცენტრი იქნება.

„რაც შეეხება ენმ-ს, მის გარშერმო ის ხალხი მაინც შეიკრიბება, ვისაც სააკაშვილი ისევ ხიბლავს და სააკაშვილისტები ისევ უფრო ბევრნი იქნებიან, ვიდრე სხვა ოპოზიციური პარტიის მომხრეები, ამიტომ ეს ორი დარჩება.

„გადაჯგუფებები, ახალი ჯგუფების შექმნა,რაღაც დინამიკა რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ცენტრი იქნება ორი",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ 2024 წლისთვის მთავარი აქტორები შეიცვალოს იმ მხრივ, რომ „ქართულ ოცნების" ხმები „ხალხის ძალამ" წაიღოს, ენმ-ს ხმები კი რაიმე ახალმა ოპოზიციური პარტიების კოალიციამ.

„პოლიტიკური კონფიგურაციის შეცვლა იმაზეა დამოკიდებული, ვის რა მხარდაჭერა ექნება. დღეს, როცა ვსაუბრობთ, რომ ენმ მთავარი ოპოზიციური პარტიაა, ეს იმის გამოა, რომ მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი მხარს „ნაცმოძრაობას" უჭერს, ეს არჩევნებით დასტურდება.

„შესაძლოა ეს კონფიგიურაცია შეიცვალოს იმ გაგებით, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესების გამო, მათი მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდეს და ეს ხმები სხვა პროდასავლურ ძალებზე გადანაწილდეს. შესაძლოა გადაადგილებებსაც ჰქონდეს ადგილი, ოღონდ ეს შეიძლება თავად პროდასავლურ პარტიებს შორის იყოს, მაგალითად რომელიმე პოლიტიკური პირი ერთი პარტიიდან მეორეში გადავიდეს.

„2024 წლისთვის შესაძლოა პოლიტიკური პარტიების ალიანსიც ვიხილოთ, ასეთი დღესაც არსებობს, „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა", თუმცა სხვა ალიანსებიც გამორირცხული არაა. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ პროდასავლურ ძალებს ურთიერთკოორდინაცია დასჭირდებათ, შესაძლოა ოფიციალური ბლოკი არ იყოს, თან კანონმდებლობა ბლოკების შექმნას გარკვეულწილად ზღუდავს, მაგრამ რაღაც კოალიცია იქნება",- განაცხადა მან.

კითხვაზე რამდენად შეიძლება, რომ მომავალი არჩევნებისთვის მთავარი აქტორები შეიცვალონ, ჩიტაძემ გვითხრა:

„გამორიცხული არაა, რომ მთავარი პოლიტიკური აქტორები შეიცვალონ, ვერ ვიტყვი, რომ წმინდა ორპოლუსიანი დაპირისპირება იქნება, ერთის მხრივ „ოცნება" და მეორეს მხრივ ენმ, რადგან არაა გამორიხული, რომ „ოცნების" მხარდამჭერთა ნაწილმა ხმა „ხალხის ძალას" მისცეს და „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერთა ნაწილმა სხვა პროდასავლურ პარტიებს.

„ასპარეზზე რაც უფრო მეტი პარტია იქნება, მით უკეთესი, თუმცა 2024 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პარტიების შემოსვლა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ახალ პარტიის შექმნას ფინანსური და მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდება, ელექტორალური მხარდაჭრით კი ახლადგამოჩენილი პარტია ვერ ისარგებლებს.

„ხალხის მხარდაჭერით ჯერჯერობით სახელისუფლებო პარტია და ენმ სარგებლობენ, ასევე გახარიას პარტიასაც თავის ელექტორატი ჰყავს. ქვეყნისთვის მრავალპარტიულობა კარგია, აქ მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ბარიერი დაიწიოს, რადგან სხვა პარტიებსაც ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა მიეცეს.

„მგონია, რომ გახარია მეტად გაატქიურდება, შესაძლოა ბევრ საკითხში მას არ ვეთანხმები, მაგრამ გვინდა თუ არა, მას თავისი ამომრჩეველი ჰყავს.

„რაც შეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, ისინი ვის მისცემენ ხმას, ეს უკვე დამოკიდებულია იმაზზე თუ რომელი პარტია მოსახლეობას რა გეგმას შესთავაზებს, პროცენტულად როგორ გადანაწილება ვნახოთ, თუმცა მგონია, რომ ხმას მისცემენ",-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

როგორც „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, „ასე მისვლა 2024 წლის არჩევნებამდე ცოტა საშიში ეჩვენება". საზოადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითვხვაზე რამდენად არის კონსოლიდაცია როგორც „ქართულ ოცნებასთან", ისე დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრთან, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის 1%-იანი ბარიერის შემოტანის საკითხი დადგეს, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ სპექტრთან არანაირი კონსოლიდაცია არ არსებობს.

„ჩვენ პირველი მოსმენით მიღებული გვაქვს 2%-იანი ბარიერი, რომელიც დღევანდელ სიტუაციაში შესაცვლელია და ბუნებრივამდეა დასაწევი. გახსოვთ, 2%-იანზე ქვემოთ ძალიან ბევრი იყო და 2%-იანი ბარიერის პირობებში პოლიტიკაში ახალი ადამიანის შემოსვლა არის ურთულესი ამოცანა, თითქმის შეუძლებელი.

„ისინი მაინც უნდა მივიდნენ რომელიღაც პარტიასთან. მაშინ, როდესაც ბუნებრივი ბარიერის შემთხვევაში, რაც არის 0,67%, დაახლოებით არის 15 000 ამომრჩეველი, 15 000 ამომრჩევლის ხმის მობილიზაცია კი შეუძლია ავტორიტეტის მქონე ადამიანს, რომელსაც არასოდეს არ ჰქონია საქმე პოლიტიკასთან. ანუ, მას შეუძლია, დააფუძნოს პარტია, ერთკაციანი პარტია, მარტივად რომ ვთქვათ, და ერთკაციანი პარტიებიდან ის ერთი ადამიანი, რომელიც 15 000 ამომრჩევლის ხმას მიიღებს, შეიძლება, აღმოჩნდეს პოლიტიკაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„მეორე, ეს გვაძლევს ორი უზარმაზარი პარტიის დაშლის სტიმულს. მაგალითად, დღეს თუ შენ პოლიტიკაში გინდა და ამ კონკრეტულ პარტიულ დისციპლინას არ ემორჩილები, ფაქტობრივად, პოლიტიკიდან ვარდები. ეს პარტიები თავის პოლიტიკოსებს ინარჩუნებენ იმის ხარჯზე, რომ მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ თავიანთი პარტიების მიღმა", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

საკითხზე თუ რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ორმა დიდმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი დაუჭიროს საარჩევნო სისტემას, რომელიც მათ ძალაუფლებას დააკარგვინებს, ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" ამას არ იზამს, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა" არ იზამს დღევანდელ სიტუაციაში.

„არც „ნაციონალური მოძრაობის" იმედი არ მაქვს, თუმცა ეს პოლიტიკურად ძალიან დამაზიანებელი იქნება, განსაკუთრებით, ოპოზიციისთვის. არ მჯერა, რომ „ქართული ოცნება" ამას გააკეთებს და ამიტომ ვთქვი, რომ რიგგარეშე არჩევნები ამას ძალიან შეუწყობდა ხელს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, წელიწად-ნახევარია არჩევნებამდე და ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, თუ ოპოზიციამ რამეზე უნდა იმუშაოს და ისაუბროს, საწყისი წერტილი არის ბარიერის საკითხი", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე