ელზა პაპოშვილი
(29.03.2023)

რუსეთ-უკრაინის ომში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურად გრძელდება.  უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში ოთხი მიმართულებით მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება ბელოგოროვკა, ბახმუტი, ავდიივკა, მარინკა და მათი შემოგარენი. პროფესიული და კარგად კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ამ მიმართულებებით მტრის შეტევები მოიგერიეს. 

რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ჯარების პოზიციებისა და ქვეყნის დასახლებების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 18 საჰაერო და 3 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 50-ჯერ გახსნეს. ამასთანავე, მოწინააღმდეგე ქალაქ ბახმუტზე შტურმს აგრძელებს. თუმცა, თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ ქალაქს და მტრის შეტევებს იგერიებენ. 

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 5 დარტყმა მიაყენა.

„ამავდროულად, ჩვენმა დამცველებმა მტრის კუთვნილი „ორლან-10“ და ZALA-ს ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა სამეთაურო პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 6 ტერიტორიას, საზენიტო სარაკეტო სისტემასა და საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.     

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, უკრაინული ძალები აღმოსავლეთ ქალაქ ბახმუტზე რუსეთის მძიმე თავდასხმების მოგერიებას განაგრძობენ.

„ბახმუტისთვის ბრძოლის ყველაზე ინტენსიური ეტაპი გრძელდება. მდგომარეობა მუდმივად რთულია. მტერი ადამიანური რესურსების, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის, მაგრამ აგრძელებს შეტევითი მოქმედებების განხორციელებას“, - განაცხადა მან.

სირსკის თქმით, ბახმუტის დაცვა „სამხედრო აუცილებლობაა“.

„ბახმუტის დაცვა განპირობებულია სამხედრო აუცილებლობით. ვაანალიზებთ მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტს და ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ არსებულ ვითარებაზე“, - აღნიშნა სირსკიმ. 

პენტაგონის ხელმძღვანელის, ლოიდ ოსტინის განცხადებით კი უკრაინას გაზაფხულზე კონტრშეტევის ძალიან კარგი შანსი აქვს.

როგორც ლოიდ ოსტინმა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე განმარტა, უკრაინელებს კონტრშეტევის გაზაფხულზე დაწყების შანსი რუსული ძალების გამოფიტვისა და დასავლეთიდან მიღებული შეიარაღების დამსახურებით აქვთ.

ოსტინის თქმით, უკრაინას დღეს საგრძნობი უპირატესობა აქვს იმის მიუხედავად, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია ცვალებადი იყო და ქალაქ ბახმუტთან სერიოზული ბრძოლა გრძელდება.

ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინელების წარმატებული მოქმედებების შედეგად, რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი დანაკარგი და სამხედრო ტექნიკის დანაკლისი აქვთ. ამის გამო, ოსტინის თქმით, რუსეთი იძულებულია, ჩრდილოეთ კორეა და ირანს დახმარების თხოვნით მიმართოს.  

 აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეშფოთებულია რუსეთის გეგმის გამი, რომელიც მეზობელ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ითვალისწინებს.

„მათ ეს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, თუ რამე არ მომხდარა, სანამ მე ვერტმფრენში ვიჯექი. რა თქმა უნდა, ამის გამო შეშფოთებული ვარ. რაზე გელაპარაკებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში? ეს სახიფათო საუბარია და შემაშფოთებელია“, - განაცხადა ბაიდენმა.  

საქართველოს შეიარაღებული ძალების  გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ რუსებმა  ახლა მთავარი დატვირთვა ავდეევკას და კუპიანსკის მიმართულებაზე გადაიტანეს. ავდეევკის მიმართულებაზე რუსები ალყის გაკეთებას ცდილობენ, თუმცა, აქაც ჯერჯერობით არაფერი გამოსდით. კუპიანსკის მიმართულებაზე კი თვითოეული გოჯი მიწისთვის  ორივე მხარე თავგანწირვით იბრძვის. 

„ორივე მხარე სერიოზულ დანაკარგს განიციდის. რუსები ისევ მობილიზაციის გამოცხადებას იწყებენ. არადა სულ ნახევარი წლის წინ სადღაც 300 000-იანი კონტიგენტი შეკრიბეს. აშკარად ეტყობათ, რომ ამ კონტიგენტს შევსება სჭირდება. რაც შეეხება სამხრეთის მიმართულებას, საუბარია ზაპროჟიეზე, აქ აქტიურ საჯარისო დაპირისპირებას ადგილი არა აქვს. უფრო საარტილერიო დარტყმები მიმდინარეობს.   

„რაც შეეხება გაზაფხულზე უკრაინის კონტრშეტევას, არ ვიცი რაზე დაყრდნობით მიდის საუბარი, მაგრამ, უკრაინა კონკრეტული იარაღის და შეიარაღების გარეშე ვერაფერს იზამს.  

„ახლა  პოზიციური ბრძოლები მიდის, დაპირისპირების  დროს სამხედრო მასალაში ძალიან დიდი ხარჯვა აქვთ. მაგალითად, რუსების მხრიდან დღე-ღამური ხარჯი 17 ათასიდან 20 ათასამდე გასროლილი ჭურვია,  რომელსაც უკრაინელები 5 დან 7 ათასამდე პასუხობენ. ეს რომ ერთ თვეზე გადავიყვანოთ, უკრაინა დაახლოვებით, საშუალოდ, 300 000 ჭურვს საჭიროებს. ეს კი რთულად შესაგროვებელი მარაგია. 

„უკრაინამ კონტრდარტყმა რომ შეძლოს, ჯერ ეს რესურსი უნდა ჰქონდეს. ამიტომ მას კონტრშეტევაზე გადასასვლელად, მომზადებულ დანაყოფებთან ერთად, ამ რაოდენობის  შეიარაღება  სჭირდება. ნუ, რიგი მიზეზების გამო დასავლეთიდან ამას ერთნაირად ვერ იღებს. აქ არის მარაგებზე საუბარი, რომ თავად დასავლეთშიც ამის მობილიზება რთულია და ა.შ.“, - ამბობს გენერალი.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე