ნაზი ბერიძე
(29.03.2023)

შარლ მიშელი აცხადებს, რომ მოლდოვის უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც პოლიტოლოგი, ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან"განმარტავს ეს მნიშვნელოვანი განაცხადია უკვე ევროსაბჭოს ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან და შესაბამისად, ვარაუდობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველო წლის ბოლოს დაიმსახურებს

შარლ მიშელის განცხადება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

„ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს შემდეგი ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, და ასევე დასავლეთ ბალკანეთს. მინდა, დავადასტურო, რომ მე ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს წინაშე ვაპირებ წლის ბოლოსთვის.

„ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომიასია მოამზადებს. გულწრფელი იმედი მაქვს დადებითი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდება წლის ბოლოსთვის"-განაცხადა შარლ მიშელმა.

ირაკლი მენაღარიშვილი, არ გამორიცხავს რომ, რადგან საქართველო 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესშია და ევროკავშირის ხელმძღვანელობა ასეთ განცხადებას აკეთებს, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ წლის ბოლოს. ანალოგიური შანსები აქვთ დასავლეთ ბალკანეთის, და აპლიკანტ ქვეყნებს უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„მე ვფიქრობ, რომ იმ მონაცემებით, რომელიც დღეისათვის გვაქვს, საქართველო წლის ბოლოსთვის პრაქტიკულად უნდა იყოს მზად, ევროპის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილებისათვის.

„ის, რომ დაახლოებით მუშაობის ასეთი გრაფიკი იქნა გამოცხადებული ევროკავშირის მიერ, ეს მოსალოდნელი იყო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ადრეც იყო განცხადებები, თუმცა ახლა უკვე ევროკავშირის ხელმძღვანელობა აცხადებს ამის თაობაზე. შედეგთან დაკავშირებით კი მხოლოდ იმედი შემიძლია გამოვთქვა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წელს ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და საქართველომ სწორედ ის გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე. მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს მივიღებთ".

„რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ყველა ვინც 12 რეკომენდაციას შეასრულებს და ყველა იმ საკითხს რაც ევროკავშირის წევრობის სტატუსს განაპირობებს, მათ მიმართ წლის ბოლოს დადებითად გადაწყდება კანდიდატის სტატუსის თუ გაწევრიანების საკითხი.

„ეს ეხება უკრაინასაც და მოლდოვასაც, ესენი არიან აპლიკანტი ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირში შესვლის სურვილი აქვთ გაცხადებული და სამივე ამისათვის დგამს ნაბიჯებს. მე იმედი მაქვს რომ ეს ნაბიჯები წარმატებული იქნება. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც ასევე გაცხადებული აქვთ სურვილი ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ისინი ევროკავშირისგან იგივე ლოგიკით, მათ მიმართ მიდგომას მოითხოვენ" - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

შეგახსენებთ, 2023 წლის 3 თებერვალს ევროკავშირმა გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ანგარიში რამდენიმე სფეროს ეხებოდა, მათ შორის მართმლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს, სადაც ის საჭიროებდა გარკვეულწილად გაუმჯობესებას.

შემდეგ ანგარიშს ევროკავშირი 2023 წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.

ასევე, გაცნობებთ, რომ 2022 წლის 23 ივნისს ევრო საბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა საქართველოს არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს მას, საქართველომ კი ევროკავშირის 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე