თამთა ჩაჩანიძე
(29.03.2023)

დასავლელ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ გაზაფხულზე უკრაინას წარმატებული კონტრიერიშის "ძალიან კარგი შანსები აქვს", „რუსეთის რესურსები კი თანდათან იცლება". როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, უკრაინისთვის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდი ყველაზე მეტად ხელსაყრელია და ეს შესაძლებლობა კარგად უნდა გამოიყენოს.

ამასთან, ანალიტიკოსთა შეფასებით, გაწვრთნილი ცოცხალი ძალისა და დასავლური ტექნიკის თანდათან უკრაინაში თავმოყრა, ასევე დასავლელი ლიდერების განცხადებებში ირიბი მინიშნებები ცალსახად იმის მანიშნებელია, რომ უკრაინალები რაღაც სერიოზულს აპირებენ.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, უკრაინის მხრიდან რაც უფრო მეტად იწელება კონტრშეტევის დაწყების დრო, საოკუპაციო ძალები პირიქით, უფრო მეტად თამამდებიან და შეტევაზე გადადიან. ეს კონცენტრაცია და განცხადებები კი მათ ფსიქოლოგიურად ძაბავს და კონტრშეტევის მოულოდნელობის ეფექტს საერთოდაც არ ამცირებს.

გაზაფხულზე უკრაინას წარმატებული კონტრიერიშის "ძალიან კარგი შანსები" აქვს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სენატში სხდომის დროს განაცხადა.

ოსტინის თქმით, რუსეთის ძალებთან შედარებით უკრაინას ახლა "მნიშვნელოვანი უპირატესობა" გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ფრონტის ხაზი ორივე მხარეს იცვლებოდა და "ბახმუტის რაიონში ახლა საკმაოდ სერიოზული ბრძოლები" მიმდინარეობს.

"უკრაინელებმა რუსებს მნიშვნელოვანი დანაკარგები მიაყენეს, და მათ საკუთარი ჯავშანტექნიკის მარაგები ამოწურეს ისე, როგორც ამას არავინ არასდროს არ წარმოიდგენდა. და ახლა ვხედავთ, რომ რუსეთს საწყობებიდან ტე-54 და ტე-55 ტანკები მოაქვს იმ დანაკარგების დონის გამო, რომელიც უკრაინელებმა მიაყენეს", - განაცხადა ოსტინმა.

ოსტინმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით რუსეთის რესურსები იცლება, მათ შორის საარტილერიო ჭურვების, რის გამოც იგი იძულებულია დახმარება ირანსა და ჩრდილოეთ კორეას სთხოვოს.

"ამიტომ ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე საბრძოლო ქმედებების გააქტიურებას დავინახავთ, ვინაიდან მანევრირებისთვის პირობები უმჯობესდება, და ასევე იმის საფუძველზე რაც უკვე გავაკეთეთ და რის კეთებასაც ვაგრძელებთ. ვფიქრობ, უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება", - განაცხადა ოსტინმა.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია გვეუბნება, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი უკრაინისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება.

„უკრაინის მხრიდან რაც უფრო მეტად იწელება კონტრიერიშის დაწყების დრო, საოკუპაციო ძალები პირიქით უფრო მეტად გადადიან შეტევაზე და საომარ მოქმედებებში ფაზებს ააქტიურებენ. მათ ახლა ამით შექმნეს ისეთი მდგომარეობა, რომ პროპაგანდისტებს არ მისცეს საშუალება, რომ ეს ვითარება თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ.

„ეს მეორე მხარის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლაა და შესაძლოა დაშინებაც კი ეწოდოს. ამ შემთვევაში გეგმების გარკვეულწილად გახმოვანება შეტევის ეფექტურობას არ ამცირებს, რადგან იმას არ აფიქსირებენ, სად როგორ და რანაირად აპირებენ. დეტალებს არ ახმოვანებენ, შეიარაღება რომ ჩადის და ჯარისკაცები იწვრთნებიან, ეს ისედაც ბუნებრივი მოვლენაა, ამას თავად რუსებიც აკეთებენ.

„ფრაზა რომ „უკრაინას გაზაფხულზე ძალიან კარგი შანსები აქვს", პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებს რუსულ სამხედრო მანქანასთან ბრძოლის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს, მათ ფსიქოლოგიური ბარიერი გადატეხეს, რომ რუსების შეიარაღებული ძალების დამარცხება სავსებით შესაძლებელია.

„ბახმუტის ახლანდელი სიტუაციაც ამის კარგი მაგალითია, რომ რუსებმა ერთი პატარა ქალაქი რვა თვეა ვერ აიღეს. უკრაინელები საკმაოდ ეფექტურად ომობენ ე.წ. მანერჰეიმის ხაზს ოკუპანტები ვერ არღვევენ.

„ოსტინი ღიად მსგავს განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს ხოლმე და ახლა რა თქმა უნდა იმის იმედზეცაა რა შეიარაღებაც უკრაინაში ეტაპობრივად ჩადის და ალბათ შესაძლო შეტევამდე საკმაო იარაღს დააგროვებენ. ბუნებრივია, რომ უკრაინა ამ შეიარაღების საფუძველზე წარმატების მიღწევას შეძლებს", - აცხადებს მაისაია.

მისი თქმით, რუსებში კონტრშეტევის მოლოდინმა დაბნეულობა გამოიწვია.

„რუსებშიც ერთგვარი დაბნეულების ელემენტებია, იციან უკრაინის შეტევა რას ნიშნავს, მათ წინა წლის შემოდგომაზე და მანამდე, გაზაფხულზე ეს „იგემეს". ამ კონტექსტიდან გამომდინარე, უკრაინის წარმატება დიდი ალბათობით შესაძლოა შემდგარი მომენტი იყოს, მთავარია, რომ უკრაინამ ტერიტორიების გათავისუფლება დაიწყოს. ეს გაზაფხული და ზაფხული „ძალიან ცხელი" იქნება და ეს შესაძლებლობა უკრაინამ კარგად უნდა გამოიყენოს.

„თუმცაღა, აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, უკრაინამ მთლიანი ტერიტორიები რომც გაათავისუფლოს, პუტიმა არა მგონია ომი დასრულებულად გამოაცხადოს, ეს მის დამარცხებას და პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ" - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე