ნაზი ბერიძე
(28.03.2023)

„ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს, რომლის დროსაც საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და ბიუროს წევრებს აირჩევენ. ნიშნავს თუ არა ეს მმართველ პარტიაში უკვე რეგიონალურ დონეზე წმენდის დაწყებას? ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სავარაუდოდ პარტიას ჩამოშორებენ ისეთ წევრებს, ვინც ორჭოფობს, პარტიის პოლიტიკით უკმაყოფილებას გამოთქვამს, ან პარტიისაგან მეტ თავისუფლებას ითხოვს მოქმედებაში. თუმცა, მისივე აზრით, მასშტაბური საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

პირველი კონფერენცია სამშაბათს ბათუმში გარკვეული ინციდენტის ფონზე გაიმართა. ბათუმის თეატრთან, სადაც კონფერენცია იყო დაგეგმილი, „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძღაობის" წარმომადგენლლები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ასეთი კონფლიქტი იქნება ყველა მომავალ შეხვედრაზე.

„ქვეყანაში არის ორი დაპირისპირებული ძალა, რომელთაც ხელს არ აძლევთ უერთმანეთოდ ყოფნა, ამიტომ ისინი შეეცდებიან რომ იყოს მათ შორის კონფლიქტი და ამ კონფლიქტით რომ შეინარჩუნონ პირველ-მეორე ადგილი პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასე გაგრძელდება ყველა რაიონში, სადაც „ქართული ოცნება" ამ კონფერენციის ჩატარებას გადაწყვეტს", -განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

აღსანიშნავია, რომ 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, გასულ კვირას პარლამენტში „ქართული ოცნების" 5-მა დეპუტატმა პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღონ. რამდენად შესაძლებელია, რომ მმართველი პარტიის რეგიონალური კონფერენციები ამ პროცესის გაგრძელება იყოს? ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მმართველი პარტია „ფორმაში არ არის" და გარკვეული გადაადგილებები სავარაუდოდ იქნება.

„მე არ ვიცი ეს 7-9 მარტის მოვლენებს უკავშირდება თუ არა. უფრო მგონია, რომ ეს დიდი წმენდა კი არა, უფრო პიარის შემადგენელი ნაწილია. გეთანხმებით, რომ გაჩნდა პრობლემა. გაჩნდა სხვა მიმართულებითაც. პარტია, როგორც ჩანს, ფორმაში არ არის, ყოველ შემთხვევაში პარტიის ხელმძღვანელობამ ასე ჩათვალა და იწყება გარკვეული რეორგანიზაცია, მაგრამ არა პარტიული ლიდერების წმენდა.

„მე არ ვარ ჩახედული, სად რა ვითარებაა პარტიაში, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ პარტიული წმენდა რეგიონალურ დონეზე იწყებოდეს. გადაადგილებები იქნება, მაგრამ პარტიის ხელმძღვანელობა და პარტიის ლიდერები არ შეცვლილან. აქ რომ ყოფილიყო ისეთი შემთხვევა, ირაკლი კობახიძის ადგილი სხვას დაეკავებინა, მაშინ ვიფიქრებდით, რომ ხდება გადაჯგუფება იქედან გამომდინარე, რომ ახალი ხელმძღვანელი მოვიდა და ის ცვლის კადრებს თბილისსა და რეგიონებში. მაგრამ რადგან ასეთი რამ არ ხდება და მაინც კიდევ მიდის პროცესი, მე ვვარაუდობ, რომ ეს არის გარკვეული პიარი.

„გარკვეულ ხალხს, რომელიც შემჩნეულია ორჭოფობაში, ან უფრო თავისუფალ მოქმედებას ითხოვს პარტიისგან და პარტიის პოლიტიკით უკმაყოფილოა, ბუნებრივია, მათ ჩამოიშორებენ, რათა დისციპლინა გააძლიერონ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე