ნაზი ბერიძე
(25.03.2023)

„ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ოპოზიციის ნაწილს საქართველოს ევროინტეგრაციი საბოტირებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, „ვიღაცებს" აქვთ პოზიცია, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხაზარაძე, სავარაუდოდ, პროდასავლურ პარტიებს გულისხმობდა, თუმცა მისთვის გაუგებარია რატომ წაუყენა მათ ასეთი ბრალდება „ლელოს" ლიდერმა.

ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ პარასკევს თბილისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ენმ-ის, „ლელოს", პარტიის „საქართველოსთვის" და „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები.

„ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს, თითოეულ მოქალაქეს, ყველას მოვუწოდებ, რომ მომავალი თაობა არ გვაპატიებს გაშვებულ შესაძლებლობას, თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ წლის ბოლოს. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა.

„ჩემი პოზიცია პირდაპირია. ვიღაცების პოზიცია არის, რომ „ქართული ოცნების" პირობებში არ უნდა იქნას მიღებული კანდიდატობა, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნიკა ჩიტაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციაში პირველ რიგში სწორედ ოპოზიციაა დაინტერესებული.

„პირველ რიგში, მგონია, რომ ოპოზიციური პარტიების სურვილია საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ვიცით, რომ ამას ოფიციალურად აცხადებენ იგივე „სტრატეგია აღმაშენებელის" წევრები, იგივე „ნაცმოძრაობის" ლიდერები, შეხვედრებსაც მართავენ ევროპაში პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან და აცხადებენ, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს ევროკავშირის მხრიდან იქნება გამოხატული პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ და არა საქართველოს ხელისუფლების მისამართით. ამიტომაც მე ბატონი მამუკა ხაზარაძის განცხადებას არ ვეთანხმები.

„თუ ხაზარაძე ამ აზრს ავრცელებდა ოპოზიციურ პარტიებზე, ალბათ პროდასავლურ პარტიებს გულისხმობდა, მაგრამ არ ვიცი რატომ გააკეთა ასეთი განცხადება. იმიტომ, რომ არანაირი ამის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს.

„კი, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა არსებობს, თუ რამდენად შეიძლება საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, როდესაც გაქვს, ვთქვათ, ოლიგარქიული მმართველობა, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და კორუფცია მაღალ დონეზეა. მაგრამ ფაქტია, რომ არავის არ გამოუხატავს არანაირი ნეგატიური მოსაზრება ოპოზიციური პროდასავლური პარტიებიდან, რომ მათი სურვილი არ არის, რომ „ოცნების" პირობებში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე შეფასებით, ხაზარაძე, სავარაუდოდ, პროდასავლურ პარტიებს გულისხმობდა.

„გულისხმობდა წამყვან ოპოზიციურ პარტიებს, რეალურ ოპოზიციურ პარტიებს, იმიტომ რომ ფრიდონ ინჯიას „ევროპელი სოციალისტები", „ხალხის ძალა" და სხვები, ისინი რეალურად არ არიან ოპოზიციური პარტიები", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

კითხვაზე - თუკი ოპოზიციის ნაწილში მართლაც არსებობს ასეთი მიდგომა, რამდენად დააზინებს ეს საქართველოს პერსპექტივას, ანალიტიკოსი პასუხობს, რომ ერთადერთი პარტია, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია შეაფერხოს, „ქართული ოცნებაა".

„პირველ რიგში, საქართველოს აზიანებს „ქართული ოცნების" ქმედება. მთავარი მოთხოვნა არსებობს მმართველი პარტიის მიერ, იმიტომ რომ საქართველოში სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მმართველ პარტიას აქვს საპარლამენტო უმრავლესობა, ის აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და სამწუხაროდ, სასამართლო ხელისუფლებასაც. ამიტომაც, თუ რამე ზიანზეა ლაპარაკი, პირველ რიგში შეგვიძლია ვისაუბროთ ზიანზე, რომელსაც „ქართული ოცნება" აყენებს საქართველოს", -განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე