თამთა ჩაჩანიძე
(22.03.2023)

ოპოზიციამ შესაძლოა პარლამენტის ბოიკოტი ისევ შეწყვიტოს. ცალკეულ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ბრძოლა უფრო შედეგიანი აღმოჩნდა, ვიდრე გარედან. როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ოპოზიციის მოქმედებები უკვე „ბოიკოტობანას" თამაშს დაემსავსა, თუმცაღა მიიჩნევს, რომ 12 პუნქტის შესრულებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციონერების სადეპუტატო საქმიანობა კვლავ გაგრძელდეს, რასაც დასავლელი ლიდერებიც მოუწოდებენ.

ენმ-დან ახლადწასული რომან გოცირიძე ოპოზიციას პარლამენტის ზღურბლზე დგომას უწუნებს და აცხადებს, რომ სინამდვილეში ეს თვალთმაქცობა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობაა.

„ბოიკოტისტობა" რას ნიშნავს, კი ვიცით. ღმერთმა მიუტევოთ მათი შეცდომები. არიან „ნახევრადბოიკოტისტებიც. „პარლამენტში ყოფნა არ გვინდა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, 12 რეკომენდაციაზე ხომ უნდა ვიმუშაოთ?" დაახლოებით ასე ჟღერს მათი პოზიცია.

„სინამდვილეში ეს თვალთმაქცობაა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა -მოინადირონ ბოიკოტის მოყვარული საზოგადოების გულები და ამავე დროს, დარჩნენ პარლამენტში რაღაც საბაბით. თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან, უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა.

„ხვალ არის ფინანსთა მინისტრის მოსმენა, ზეგ საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის. ამ განხილვებს არ უნდა დაესწროს ოპოზიცია, რადგან 12 პუნქტს არ ეხება? ან შემოდი ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე. გამჭოლმა ქარმა გაციება იცის", - წერს რომან გოცირიძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარტიაში შესაძლოა ბოიკოტის საკითხი გადაიხედოს. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ე.წ. აგენტების კანონზე პარლამენტში გაწეულმა წინააღმდეგობამ უფრო გამოიღო შედეგი, ვიდრე ბოიკოტმა, რადგან ადამიანებამდე სწორედ პარლამენტიდან შეძლეს სათქმელის მიტანა.

„რუსულ კანონპროექტზე ავხსენით კარგად სათქმელი, გავმართეთ დებატები კომიტეტზე, შემდეგ პლენარულ სხდომაზე, რამაც უფრო შედეგი გამოიღო, ვიდრე ბოიკოტმა. ამიტომ, შეიძლება, დავაყენო საკითხი, ხომ არ გადავხედოთ ბოიკოტის საკითხს. 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, ბოიკოტის გაგრძელება არასწორი იქნება, პირიქით, უნდა ჩავერთოთ. როგორც რუსულ კანონზე მივიტანეთ სათქმელი, ასე უნდა მოხდეს რეკომენდაციებზეც. საბოტაჟი მხოლოდ რუსული კანონით კი არ ხდებოდა, საბოტაჟია, როცა არ აკეთებ სასამართლო რეფორმას, დეოლიგარქიზაცია არ ხდება, ან ცუდი ფორმით ხდება, როცა ანტიკორუფციული უწყება დაუქვემდებარეს ღარიბაშვილს, როცა ევროკავშირი გინდა, არ უნდა თქვა, რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირია", - განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეხება ენმ-ს, ამაზე ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა როგორც ცალკეული ლიდერების გამონათქვამებიდან ირკვევა, ნაწილი ბოიკოტის მომხრეა, ნაწილი წინააღმდეგი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილოებით უნდა შსრულდეს, ამას დასავლელი წონიანი ლიდერებიც აცხადებენ, რაც ოპოზიციისთვის მინიშნებაც უნდა ყოფილიყო, რომ ეს მოწოდება მხოლოდ „ქართულ ოცნებას" არ ეხება.

„რადიკალური ოპოზიცია ზოგადად არასერიოზული და არათანმიმდევრულია, ერთს ამბობენ, იმუქრებიან და შემდეგ საპირისპიროს აკეთებენ, წლებია ასე ხდება. რომან გოცირიძის გარდა, ბოიკოტს ენმ-ში შიგნითაც აკრიტიკებენ, ეს იქნება დეკანოიძე თუ სხვები. ფაქტია, რომ ერთიანობა და ბოლომდე ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა მათ არ შეუძლიათ. იციან, რომ ამას სხვა შედეგები მოჰყვება განსაკუთრებით საგარეო პარტნიორებისგან.

„შევხედოთ იმასაც, რომ ევროკომისარმა ვარჰეიმ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტებერგმა საჯაროდ მოუწოდეს, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციები ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობით უნდა შესრულდეს. ეს განცხადებები ნამდვილად მხოლოდ „ქართული ოცნების" მისამართით არ იყო გაკეთებული, ეს იმ არასერიოზულ პოლიტიკურ სუბიექტებსაც ეხებოდა, რომელიც დღემდე ვერ გაერკვივნენ ბოიკოტის რეჟიმში არიან, ე.წ. ტექნიკურ მთავრობას ქმნიან თუ ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

„ოპოზიციის ეს ქმედებები ელექტორატზე და არჩევნებამდე მათ პოლიტიკურ რეიტინგებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. გიორგი ვაშაძის და სხვა დესტრუქციული პატრარა პარტიების რეიტინგებს რომ შევხედოთ, ძალიან სავალალო მდგომარეობაში არიან. 7-8 მარტს, როცა პარლამეტთან საზოგადოებრივი პროტესტი იყო და სანამ რადიკალიზმში გადაიზრდებოდა, იქ გიორგი ვაშაძე პარლამენტის კიბის ტრიბუნიდან საჯაროდ, ყველას თვალწინ გააძევეს. ეს ბევრ რაღაცაზე მეტყველებს, რადგან საზოგადოებას კონსტრიუქციული პარტია სურს, ეს ეხება, როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ მხარეს.

„სწორი პოლიტიკა მაშინ წარიმართება, როცა არგუმენტების ჭიდილია და არა „ბოიკოტიობანა". დესტრუქციულ ურეიტინგოებს ბოიკოტის გარდა სხვა რესურსი უბრალოდ არ გააჩნიათ", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე