თამთა ჩაჩანიძე
(20.03.2023)

განათლების მინისტრის ახლა შეცვლა შეიძლება ოპოზიციურ მედიასა და საზოგადოების ერთ ნაწილში აღქმული იყოს, როგორც პასუხი სტუდენტების აქტივობაზე და ერთგვარი დამსჯელი ღონისძიება. თუმცაღა მედალს მეორე მხარეც აქვს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ ჩხენკელმა, სავარაუდოდ, უმაღლეს სასწავლებლებში მინდინარე პროცესებზე გარკვეული თვალსაზრისით კონტროლი დაკარგა და შესაძლოა, მთავრობას სხვა გზა არც ჰქონდა დარჩენილი.

პრემიერ-მინსტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელის გადადგომის შესახებ განცხადება ორშაბათს გააკეთა და მის შემცვლელად პარლამენტის წევრი გიორგი ამილახვარი დაასახელა.

როგორც ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, ჩხენკელის მინისტრობის პერიოდში გარდა იმისა, რომ განათლების სისტემაში პრობლემები დაგროვდა, მოხდა ისიც, რომ უნივერსიტეტები „პოლიტიკური აქტივობის ადგილად გადაიქცა".

„შეიძლება ეს ოპოზიციურ მედიაში და საზოგადოების ერთ ნაწილში აღქმული იქნეს, როგორც პასუხი სტუდენტების აქტივობაზე და ერთგვარი დამსჯელი ღონისძიება. თუმცაღა ჩემი აზრით, შესაძლოა ერთმა მხარემ ერთი კუთხით შეხედოს - როგორც საკადრო პასუხს სტუდენტების ამ აქტივობაზე, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს.

„ჩხენკელის მინისტრობის პერიოდში, გარდა იმისა, რომ განათლების სფეროში პრობლემები დაგროვდა (ამას განათლების სფეროს სპეციალისტების მოსაზრებებზე დაყრდნობით ვსაუბრობ), რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტები, რომლებიც წესით მხოლოდ განათლების კერა უნდა იყოს და მეტი არაფერი, ერთგვარად პოლიტიკური აქტივობების ადგილად გადაიქცა. ეს კი ის არაა, რაც საუნივერსიტეტო სივრცეს უნდა ახასიათებდეს.

„თუ ვინმეს პოლიტიკური აქტივობა სურს, ეს უნივერსიტეტის კედლებს გარეთ უნდა გააკეთოს. დასამალია არაფერია, როგორ მოუწოდებდნენ ცალკეული მასწავლებლები, ლექტორები, პროფესორები, რომლებიც დაახლოებული, ან აფილირებულები არიან კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. აღარ ვსაუბრობ სხვა პროცესებთან, რომელიც უშუალოდ უნივერსიტეტის კედლებში „იხარშება" და საგანმანათლებლო საქმიანობასთან საერთო არაფერი აქვს.

„ჩემი ვარაუდოთ, ეს პროცესები სამინისტროს გამოეპარა და ესეც საკადრო გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. უნივერსიტეტები პოლიტიკისგან თავისუფალი უნდა იყოს.

„კი, ბატონო, ყველას აქვს სრული თავისუფლება თავისი პოლიტიკური აქტიოვობა აწარმოოს, ოღონდ ეს უნივერსიტეტების გარეთ გააკეთოს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, უშვებს თუ არა საქართველოს მთავრობა შეცდომას, როდესაც მიხეილ ჩხენკელს ახლა 7-8 მარტის აქციების ფონზე ცვლის, ზაალ ანჯაფარიძემ გვითრა, რომ რადგანაც „მინისტრს კონტროლის მექანიზმები გაექცა", შესაძლოა მთავრობას სხვა გამოსავალი არ დარჩა.

„მთავრობას შექმნილ სიტუაციაში უბრალოდ სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, რადგან ცხადი გახდა, რომ ამჟამინდელ მინისტრს კონტროლის მექანიზმები გაექცა. მართალია, სამინისტრო უნივერსიტეტების საქმიანობაში ასე პირდაპირ ვერ ჩაერევა, მაგრამ რაღაც კონტროლის მექანიზმები უნდა იყოს, რომ უნივერსიტეტები მხოლოდ განათლებაზე იყვნენ ორიენტირებული. ჩემი ვარაუდით, ალბათ მინისტრ ჩხენკელის საქმიანობაში ხარვეზები აღმოაინეს.

„როცა ასეთ მომენტში ასეთ მკვეთრ საკადრო გადაწყვეტილებას იღებ, ალბათ ხელისუფლებას მეტი ინფორმაცია აქვს, თუ ამჟამად რა სიტუაციაა უნივერსიტეტებში და ზოგადად განათლების სფეროში. ვფიქრობ, ეს იძულებითიი ნაბიჯი იყო, თორე საზოგადოების ერთ ნაწილში ეს აღქმული იქნება, როგორც რეპრესიული პასუხი სტუდენტების გამოსვლებზე", - აცხადებს ანჯაფარიძე.

იგი არ გამორიცხავს, რომ ამ ცვლილებას პროტესტიც მოჰყვეს.

„არ მგონია მიხეილ ჩხენკელს ვინმემ პერსონიფიცირებული მხარდაჭერა გამოუხადოს. შესაძლოა ახალი მინისტრის წინააღმდეგ გამოვიდნენ და რაც აღვნიშნე, ის იყოს აქციის მოტივაცია. არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციას სალაპარაკო მიეცეს და ეს თემა მორიგი უკმაყოფილების აგორების საბაბად გამოიყენოს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე