თამთა ჩაჩანიძე
(19.03.2023)

შაბათს „ოცნებამ" ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენელთა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პარტიის საჯარო ინფორმაციით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების გარდა, საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებს. სხდომა დახურული იყო და მასთან დაკავშირებით სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია. თუმცა ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბარში არ გამორიცხავენ, რომ მთავარი განსახილველი საკითხი მოსალოდნელი საკადრო გადაადგილებები იყო როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში.

საუბარი დიდი ალბათობით შეეხებოდა მმართველი პარტიიდან იმ რადენიმე დეპუტატის წასვლა-არწასვლის საკითხსაც, რომელთაც ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით „ოცნებისაგან" განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ.

„ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით სერგეენკომ შაბათს ღიად ისაუბრა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ე.წ. აგენტების კანონპროექტს და მიანიშნა, რომ პოლიტიკიდან მიდის.

„ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს (აგენტების შესახებ კანონის მიღებას). ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი, არ მაქვს მაგის კომპეტენცია, მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ალბათ, ეს იყო გადაწყვეტილების (კენჭისყრაზე არდასწრების საფუძველი).

„არ არის პოლიტიკოსობა ის, რაზეც მე ვოცნებობდი. მირჩევნია, რომ ექიმად ვიმუშაო. ცალსახად, მე-10 მოწვევა არის ბოლო მოწვევა, როცა მე პარლამენტში, საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ. (გეგმები) დამოკიდებული იქნება შეჯერებულ პოზიციაზე. საბოლოო ჯამში, ახლა იქნება თუ პარლამენტის ვადის დასრულების შემდეგ, მე მაინც ვფიქრობ, რომ პროფესიას დავუბრუნდები", - საუბრობს დავით სერგეენკო „ტვ პირველთან" ინტერვიუში.

ამასთან, სხვადასხვა წყარო საუბრობს იმაზე, რომ სერგეენკოს გარდა შესაძლოა „ოცნება" დატოვოს ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, გიორგი ხელაშვილმა, ირაკლი კოვზანაძემ, ნინო იობაშვილმა და სხვებმა.

„ოცნების" ოფიციალურ „ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბორჯომში გამართულ შეხვედრას აღნიშნული დეპუტატები არ ესწრებიან. ანალიტიკოსთა შეფასებით, მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, შეიქმნება თუ არა კრიზისული სიტუაცია მმართველ პარტიაში და დადგება თუ არა „ოცნება" საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე.

გარდა ამისა, სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ შესაძლოა შესაძლოა საკადრო ცვლილება მთავრობაშიც მოხდეს და ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით სტუდენტების აქტიურობის გამო, განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს თანამდებობა დაატოვებიონონ. აღნიშნულ საკითხზე ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სენსიტური საკითხია და „ოცნება" ფრთხილად უნდა მოეკიდოს.

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი მმართველ პარტიაში სერიოზული კრიზისის დასაწყისია. როგორც ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბოტკოველი ამბობს, „ხელისუფლება დაშლისთვის, დაქუცმაცებისთვის და დასასრულისთვისაა განწირული". მისივე შეფასებით, „შაბათის შეხვედრა ემსახურებოდა იმას, თუ როგორ გადაირჩინოს თავი უმრავლესობამ", რადგან ადამიანებს „კონკრეტული ფაქტებით აიძულებენ, რომ იყვნენ ე.წ. უმრავლესობის წარმომადგენლები".

როგორ შეიძლება გადაწყდეს „აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე დეპუტატების საკითხი

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ საკითხზე ორი სცენარია მოსალოდნელი.

„იმაზე მეტი ინფორმაცია არ მაქვს, რაც „ოცნებამ" გაავრცელა, მაგრამ ადრეც იყო ნათქვმი, რომ ეს დეპუტატები კანონს მხარს არ უჭერენ. საერთოდ, კობახიძეს ადმინისტრაციული კუთხით მოქმედება ძალიან უყვარს ხოლმე - რომ ყველა პარტიულ დისციპლინას უნდა დაემორჩილოს. ამ მიდგომის შედეგად „ოცნებამ" უკვე ბევრი დეპუტატი დაკარგა. თუკი კობახიძე ამ სტრატეგიას გააგრძელებს და მას პარტია აჰყვება, მაშინ ყველაფერია მოსალოდნელი.

„მემგონი „ოცნების" ეს წევრები იმ ტიპის დეპუტატები არ არიან, რომლებიც პარტიის ოპონენტების გაძლიერებას შეცდეებიან. პირიქით, ისინი ალბათ „ოცნების" მიმართ კორექტულები იქნებიან იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ოცნებას" დატოვებენ. მგონია, რომ ეს საკითხი რომც დადგეს, უმრავლესობას ისინი არ დატოვებენ და ალბათ უმრავლესობის გადაწყვეტილებების მარდამჭერებად დარჩებიან. ლოგიკურად „ოცნებაში" კრიზისი არ უნდა იყოს და თუ გადაირევიან, არ ვიცი... არც ის მეგონა, რომ კანონს გამოიტანდნენ, მაგრამ გამოიტანეს", - განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ეს დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობასა და „ოცნებას" დატოვებენ, მაგრამ არა მანდატებს, „ოცნებაში" კრიზისია მოსალოდნელი. თუმცა, თუ მანდატებიც დატოვეს, ამ სცენარს თავიდან აირიდებენ და ახლა ზუსტად ეს საკითხია მნიშვნელოვანი.

„ამ მოვლენიდან ორი სცენარი იკვეთება - თუ ეს დეპუტატები პარტიას დატოვებენ, უმრავლესობიდან გავლენ, მაგრამ დეპუტატის მანდატს შინარჩუნებენ და პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიპირდაპირე მხარეს გადავლენ, სადაც ოპოზიოცია ზის, უნდა ვივარაუდოთ, რომ „ოცნება" შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე უნდა დადგეს, რაც მმართველი პარტიისთვის სასურველი არ იქნება.

„მეორე ვარიანტი - ეს დეპუტატები პარტიიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან გადიან, ოღონდ იმ დათქმით, რომ ისინი მადატებს ტოვებენ. ამის შემდეგ, კანონმდებლობის თანახმად, მათ ადგილას ის დეპუტატები დაიკავებენ, რომლებიც პარტიულ სიაში მომდევნო იყვნენ. ხოლო იმ დეპუტატების შემთხვევაში, რომლებმაც მანდატები მაჟორიტარული არჩევნების შდეგად მიიღეს, იქ ალბათ შუალედური არჩევნები ჩატარდება.

„ზუსტად არ ვიცი ეს დეპუტატბი მანდატების დატოვებას აპირებენ თუ შენარჩუნებას. აქ მთავარი ისაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას საფრთე არ შეექმნას. თუ 76 დეპუტატი აღარ იქნა, მაშინ უკვე მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება და ამას უკვე რა მოვლენები მოჰყვება, ნათელია. შესაძლოა სახელისუფლებო და პოლიტიკური რიზისი დადგეს. ჩემი აზრით, „ოცნებას" ეს ყველაფერი გათვლი აქვს და ალბათ პრევენციულ ზომებს მიიღებენ, რომ ეს არ მოხდეს.

„ბორჯომის შეხვედრა დახურული იყო. იქიდან რა ინფორმაციამაც გამოჟონა, ამაზე მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ამაზეც ყოფილიყო საუბარი", -განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

რამდენად გამართლებული იქნება მინისტრის გადაყენება

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ განათლების სისტემის პოლიტიზირება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებიდან მოდის და დღეს მწვავე ფაზაშია, რაც ხელმძღვანელობას არ უნდა დაეშვა. თუმცა ახლა მინისტრის გადაყენება შესაძლოა სტუდენტების 7-8 მარტის აქტივობას დაუკავშირონ და უფრო მწვავე შედეგებო მოჰყვეს, ამიტომაც „ოცნება" ფრთხილად უნდა მიუდგეს ამ საკითხს.

„იმ ლოგიკიდან თუ ამოვალთ, რომ აქტიური სტუდენდები „ოცნებისთვის" პერობლემა იყო, ფაქტია, რომ იყო, მაგრამ ეს ჩხენკელთან კავშრშ არაა. 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობაც" კი უმაღლესებში ყურადღებას აქცევდა სტუდენტების ისეთ მიმართულებით დაყენებას, რაც თვითონ აწყობდა. დღესაც ენმ-ის განწყობის მქონე ახალგაზრდები ლექტორებს უტევენ და ეს პროცესი იმ დროიდან მოდის.

„მთელ რიგ უმაღლესებში პარტიული ნიშნით ხდება პროფესურისა და სტუდენტების ფორმირება. ეს ზოგადად ენმ-ის კონცეფციაა და თუ ამ ხნის განმავლობაში ამის საპასუხო არაფერი მოხდა, ეს ზოგადად „ოცნების" პოლიტიკის ხარვეზია. მაგრამ ამ სასწავლო სისტემის ჩხენკელზე გადაბრალება მემგონი ცოტა გადაჭარბებული იქნება.

„თუკი ჩხენკელის გადაყენება სტუდენტების აქტივობასთან დაკავშირდება, რა თქმა უნდა, ამას „ოცნება" უნდა მოერიდოს, რადგან სტუდენტებს უკვე ერთმანეთის დასაცავი აქციების გამართვა შეუძლიათ. თუ „ოცნება" ჩაერევა, როგორც პარტია, მაშინ გააპროტესტებენ - პარტიული კონტროლი უმარლეს სასწავლებლებში რატომ შემოგყავსო. იქ არავინ არკვევს იმას, რომ ასეთი ასიმეტრია ზუსტად ენმ-ის დროინდელი პარტიული კონტროლის შედეგად შეიქმნა.

„მარტივი სიტუაცია არაა და ჩხენკელის მოხსნა-დანიშვნით მდგომარეობა არ შეიცვლება. „ოცნებას" ამაზე ფიქრი უფრო შორიდან უნდა დაეწყო, რომ ენმ სასწავლო ორგანიზაციების პოლიტიზირებას ახდენს.

„გავიხსენოთ კობახიძის ლექციის ინციდენტი, ასევე რომელიღაც სტუდენტებმა იმის გარკვევა რომ დაიწყეს, პროფესორებს რა ორიენტაცია აქვთ და ა.შ. ანუ სტუდენტების მხრიდან პოლიტიკური ბულიგნი დაიწყო. ისევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკური ბულინგია მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეებზე, რომ მამამისი ვინაა და ა.შ. სასწავლო ფენის პოლიტიკაში ჩართვა რა თქმა უნდა ურთულესი მოვლენის მოწმეებს გაგვხდის. ამას კომუნისტები და ფაშისტები აკეთებდნენ, რომ ახალგაზრდების მთელ ჯგუფებს პოლიტიკაში რთავდნენ.

„თუ ამ სტრატეგიას გავაგრძელებთ, ქვეყნისთვის კარგი არაფრი იქნება, მაგრამ ეს ისეთი პროცესია, რომ ცოტა ფაქიზად, დაფიქრებით და ფრთხილად უნდა მიუდგე, რადგან ჩვენ უკვე ფაქტთან გვაქვს საქმე - რომ ეს სეგმენტი ენმ-ის მხრიდან პოლიტიკაში უკვე არიან ჩართული", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ამბობს, რომ სტუდენტებს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების უფლება აქვთ. შესაბამისად, მისი აზრით, სტუდენტთა პოლიტიკური აქტივობის გამო საკადრო გადაწყვეტილების მიღება არასწორი იქნება.

„განათლების მინისტრთან სტუდენტების აქტიურობის დაკავშირება ცოტა არ იყოს არაადეკვატურია. სტუდენტებს სამოქალაქო აქტივობას და საკუთარი სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირებას ვერავინ აუკრძალავს. ეს მათი არჩევანის თავისუფლებაა. ამაზე საკადრო გადაწყვეტილებების მიბმა - რომ სტუდენტების ერთი ნაწილი რატომ გამოვიდა - არ მგონია სწორი იყოს და თუ ეს მოხდა, ალბათ საზოგადოებაც დიდი ალბათობით ამას ასე აღიქვამს. არ მგონია ამას დადებითი რეზონანსი ჰქონდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ განათლების ექსპერტი არ ვარ, ამ სფეროში კომპეტენტური სპეციალისტებისგან მომისმენია, რომ განათლების სფეროში ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც შეცვლის და უკეთესის სურვილს ტოვებს", - განაცადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე