ელზა პაპოშვილი
(19.03.2023)

სააპელაციო სასამართლოს მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწვეყილების გამოცხადების შემდეგ 2 კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა დაცვის მხარე, დაპირების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ შეუტანია სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ანალიტიკოსები ამას სხვადასხვაგვარად ხსნიან. ნაწილი მიიჩნევს, რომ დაცვის მხარეს სტრასბურგიდან სასრუველი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს. ნაწილის აზრით კი, 7-8 მარტის მოვლენებმა ექსპრეზიდენტს იმედი გაუჩინა, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლება თავად გახდება იძებული იგი პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

სააპელაციო სასამართლო 2 მარტს ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და უსაფუძვლოდ მიიჩნია სააკაშვილისათვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასჯელის შეწყვეტა ან გადავადება. დღეს ექსპრეზიდენტის დაცვის მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სტრასბურგშ გასაგზავნ სარჩელზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის. ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ამაზე კონსულტაცია ჯერ კიდევ მიდის და როცა გადაწყვეტილებას მიიღებენ,  საზოგადოებას მის შესახებ აცნობებენ. 

ხელისუფლება კი ამ გაჭიანურებას სააკაშვილის მხრიდან სიმულაციის დასტურად მიიჩნევს. მათი შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც ექსპრეზიდენტის ოჯახი და მისი დაცვის მხარე გამუდმებით საუბრობს სააკაშილის მდგომარეობის გაუარესებაზე და აცხადებს, რომ მისი გადარჩენისთვის ყოველი დღე და საათი მნიშვნელოვანია, სტრასბურგში ჩივილის გაჭიანურება გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

ოჯახისა და ადვოკატის პოზიცია

„ჩვენ ვიცით, როდის რა გავაკეთოთ. ეს არის დაცვის სტრატეგია“, - ამის შესახებ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ „ქრონიკას“ სატელეფონო საუბრისას განუცხადა კითხვის პასუხად, აპირებენ თუ არა, მიმართონ სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს.

ხაჭაპურიძემ დაადასტურა, რომ საკითხი განხილვის პროცესშია.

„ამას ვიტყვით მას შემდეგ, როდესაც გავაგზავნით. ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.  

სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, პროცესს, შესაძლოა, პოლონელი ექიმების ჩამოსვლა აჭიანურებდეს. ექსპრეზიდენტის დედას გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.  

„ჩემი შვილის გადასაწყვეტიც არის, ერთად ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. პირადად მე ძალიან მეჩქარება. შეიძლება ის აჭიანურებს, რომ პოლონელი ექიმების ჩამოსვლაც უნდათ ალბათ რომ მოხდეს, რომ მათაც დადონ თავისი დასკვნა.

„მე დიდი ხანია ამას გავაკეთებდი. გამამართლებელი განაჩენი ლოგიკურად უნდა დადგეს, როცა ადამიანს 47 დიაგნოზი აქვს და არის ასეთ მდგომარეობაში, ყოველ წუთში წონას კარგავს“, - ამბობს გიული ალასანია.

ოჯახმა რომ სტრასბურგს უნდა მიმართოს, ამაში „ნაციონალური მოძრაობაც“ დარწმუნებულია. შესაბამისი განცხადება ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა. 

„სტრასბურგს, რა თქმა უნდა, უნდა მიმართონ ადვოკატებმა. მე ვერ გეტყვით სამართლებრივ საფუძვლებზე, იმიტომ, რომ არ ვარ მე მისი უფლებადამცველი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სტრასბურგისთვის მიმართა იქნება და ეს მიმართვა იქნება ზუსტად იმ კონტექსტში, როდესაც მისი უფლებები და მათ შორის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება ირღვევა,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ხელისუფლების შეფასებები

მმართველი გუნდის წევრების თქმით კი, ექსპრეზიდენტის ოჯახმა იცის, რომ ამ ნაბიჯს სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს და მეტიც, გასაჩივრება, შესაძლოა, მათთვის არახელსაყრელი აღმოჩნდეს. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ სასჯელის გადავადების და გათავისუფლების მოთხოვნა მხოლოდ პიარული ნაბიჯია.

„როდესაც სასჯელის გადავადების ეს მოთხოვნა შედიოდა სასამართლოში, იმთავითვე ყველასთვის გასაგები იყო, რომ რეალურად ეს არ იყო საფუძვლიანი და გათვლილი იყო პიარსა  საერთაშორისო ყურადღების მიპყრობაზე“, - აცხადებს სარჯველაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი კი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის გაჭიანურება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სააკაშვილისათვის სასჯელის მოხსნის ან გადავადების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

„ის, რომ არ ასაჩივრებს ადამიანი გადაწყვეტილებას, პირდაპირი დასტურია ტყუილის და იმ მცდელობის, რომ ქართული საზოგადოება იყოს მოტყუებული. ის გადაწყვეტილება, რაც კანონის ფარგლებში უნდა იყოს აღსრულებული, აღსრულდება და ჩვენი საზოგადოების მოტყუებას ვერავინ შეძლებს“, - აცხადებს მათიკაშვილი.     

უფრთხის თუ არა დაცვის მხარეს სტრასბურგის არასასურველ გადაწყვეტილებას

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, სავარაუდოდ, დაცვის მხარე და სააკაშვილის ოჯახი არ არიან დარწმუნებული, რომ სტრასბურგის სასამართლო მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს და პროცესის გაჭიანურების მთავარი მიზეზიც ესაა. 

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იხილა, რომ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოს პალატაში ყავარჯნით ლამის დარბის. ეს დამტკიცდა ასევე იმით, რომ როცა ე.წ. აგენტების კანონპროქტთან დაკავშირებით ხმაური დაიწყო, მიხეილ სააკაშვილი აღარავის ახსოვდა. კაცი ვითომ რამდენიმე საათში კვდებოდა და ერთი კვირის განმავლობაში ყველას დაავიწყდა. ბოლოს თავადაც აღარ იღებდა ხმას. 

„ოჯახმაც და ადვოკატებმაც მშვენივარდ იციან, რომ სტრასბურგში ე.წ. გადაუდებელი ზომების მისაღები სარჩელი ნამდვილად არ არის.   

„სტრასბურგი არ არის მექრთამე. ცალკეულ ევროპარლამენტარებს რასაც გინდა გადაუგზავნიან და იმას ინგლისურ ენაზე გადაიმეორებენ. ხოლო სტრასბურგთან დაკავშირებით იციან, რომ სასამართლო სააკაშვილის მდგომარეობას დეტალურად გამოარკვევს, ყველა მხარის არგუმენტებს და მტკიცებულებებს გაითვალისწინებენ. 

„ამიტომ სააკაშვილის გარემოცვა ცდილობს პროცესები დროში გაწელოს, რადგან იციან -საქვეყნოდ თავი მოეჭრებათ. საქართველოში ისედაც დაცინვის ობიექტები არიან და მათი არავის სჯერა. მხოლოდ ქვეყნის გარე ცდილობენ კიდევ ვიღაცეებს რაღაცეები დააჯერონ, ამიტომ ამ ბოროტი სიმულაციის გაგრძელება უნდათ“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, სააკაშვილის ოჯახმაც კარგად იცის, სტრასბურგის დასკვნის შემდეგ მათ მიერ ლობისტურ კომპანიაში გადახდილი მილიონები წყალს იქნება გატანებული. 

რა შეცვალა 7-8 მარტის მოვლენებმა

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას განსხვავებულ ვერსიას ავითარებს. მისი ვარაუდით, 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ შესაძლოა თავად სააკაშვილს გაუჩნდა იმედი, რომ ქვეყანაში ცვლილებები იქნება და, შესაბამისად, მას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ექნება. ხოლო თუკი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ჯამრთელობის მდგომარეობა უარყოფითად იქნება შეფასებული, მაშინ მისი პოლიტიკური მომავალი კითხვის ქვეშ დადგება. 

„მე მაინც ბოლომდე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან გასვლას არ აპირებს. სავარაუდოდ, მას 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ იმედი გაუჩნდა, რომ სათავეში ჩაუდგება ოპოზიციას, როგორც ლიდერი. ის ფიქრობს, რომ  შესაძლებელია ამ გამოსვლებისა და აურზაურის ფონზე ხელისუფლებას მისი გათავისუფლება აიძულონ. 

„როგორც ვიცით, ენმ-ში ძალიან უყვართ ასეთი სცენარებით საკუთარი თავის მოტყუება, როგორც სააკაშვილი უკვე მოატყუეს - რომ ჩამოდი და ხალხი დაგიხსნისო. ალბათ ახლაც იგივეს აჯერებენ - მოიცადე, ცოტა ხანს კიდევ გაძელი და აქ ისეთი ამბები დაიწყება, ხელისუფლება თავად გაგათავისუფლებსო. 

„ანუ, სტრასბურგის სასამართლოს მაინც ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებენ. ახლა ფიქრობენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემაც კარგად გამოსაყენებელი ფაქტორია და ამ ფონზე ხელისუფლებას რაღაცას აიძულებენ. რეალურად დროს წელავენ და ამ დროში სხვადასხვა შესაძლებლობების გამოყენებას ცდილობენ. მე ეს ვერსია უფრო რეალურად მიმაჩნია“, -ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე