თამთა ჩაჩანიძე
(16.03.2023)

ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს ერთიანი მესიჯით გამოვიდნენ. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, თუ საერთო კონგლომერატი შეიქმნება, ეს თუნდაც 2024 წლის არჩევნებისთვის ისევ „ქართული ოცნების" წისქვილზე დაასხამს წყალს.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის მრიდან ამ თემის გაშლა და არგუმენტირებაა საჭირო, რადგან „იქნებ არ ღირდეს ამ რაღაც ერთიანობის შექმნა და ამ ოპოზიციის კიდევ რაღაც უბედურებაში გახლართვა". მისი თქმით, როგორც კი 2024 წელს არჩევნებზე ორი სუბიექტი იქნება, „ან „ოცნება" გაიმარჯვებს, ან საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივა".

„ამას საბჭოს დაარქმევ, ნათელაშვილის ფანჩატურს თუ სხვას, ამით არსი არ შეიცვლება. სახელში არაა საქმე. ლოზუნგებიდან არგუმენტებზე უნდა გადავიდნენ, რომ ყველასთვის ნათელი იყოს, რა პროცესს წარმოშობს ასეთი საბჭოს შექმნა.

„არგუმენტების გარეშე მარგველაშვცილის განცხადებები არ ვიცი რას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კეთილშობილი სურვილია, რომ ოპოზიცია გაძლიერდეს. ჩემი აზრით კი, თუ საერთო კონგლომერატი შეიქმნება, ოპოზიცია კი არ გაძლიერდება, არამედ დასუსტდება და ამომრჩეველს კი ვერ გადაიბირებს, პირიქით, დაკარგავს და იმას გააკეთებს, რომ ამ ამომრჩეველს ისევ „ოცნებისკენ" გარეკავს, რაც წინა არჩევნებში არაერთელ მომხდარა.

„როდესაც ქვეყანაში კრიზისია, უამრავი აზრი ჩნდება. ეს ბუნებრივი პროცესია და ასეც უნდა იყოს. ოღონდ, როცა ადამიანებს რაიმესკენ მოუწოდებ, ჩემი აზრით, ამის დასაბუთება და იმის არგუმენტირება უნდა მოხდეს. თუმცაღა მას ჩანაფიქრი აქვს, რაც კარგია, მაგრამ ჩვენს პოლიტიკური სპექტრს ანალიზი და არგუმენტირება აკლია. სამწუხაროდ, მხოლოდ მოწოდებები ჩნდება. არ ვიცი ბატონ გიორგის ამისი დასაბუთება აქვს თუ არა, ან რატომ თვლის ასე.

„კი, ბატონო, საკოორდინაციო შეიქმნას, მაგრამ ვისგან უნდა შეიქმნას, როცა შეიქმნება რა უნდა აკეთოს და რა შედეგს მოიტანს - ეს სამი საკითხი აუცილებლად უნდა გაიშალოს თავისი ანალიზით.

„2024 წლის არჩევნები ყველა წინასგან განსხვავდება. ამიტომ, თუ ისევ ორი პოლუსი იქნება - „ქართული ოცნება" და ზოგადად კონგლომერატი - დიდი ალბათობით ისევ „ოცნება" გაიმარჯვებს. წინა არჩევნები ვნახეთ, რომ, როცა ერთი-ერთზე ენმ და „ოცნება" რჩებოდა, „ოცნება" იგებდა.

„ერთ-ერთი მიზეზი, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა არ აქვს, არის ის, რომ 2020-დან დღემდე, ამ პოლიტიკურ სპექტრში სულ რაღაც კოქტეილი, კონგლომერატი თუ აჯაფსანდალია. ვერ გაიებდი, ვინ, სად და ვინ ვისთან იყო.

„საკმაოდ მსხვილი ელექტორალური ბაზა სამ ნაწილადაა გაყოფილი - „ოცნება" დაახლოებით 600-700 ათასი, ხოლო ენმ დაახლოებით 500 ათასი ამომრჩევლით და მესამე ჯგუფი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე. როცა ელექტორატი ასეა გადანაწილებული, გინდა საკოორდინაციო საბჭო შექმენი და გინდა რამე სხვა.

„ივანიშვილმა ერთი რამ შეძლო - მან ამომრჩევლის ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა. ეს იმიტომ მოხდა, რომ თავიანთი მილიონი შეცდომით საქმე აქამდე მიიყვანეს და ამით ივანიშვილს გზა გაუთავისუფლეს.

„იქნებ არ ღირდეს ამ რაღაც ერთიანობის შექმნა და ამ ოპოზიციის კიდევ რაღაც უბედურებაში გახლართვა. როგორც კი 2024 წელს ორი სუბიექტი იქნება, ან „ოცნება" გაიმარჯვებს, ან საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივა. თუ სხვა არგუმენტები არსებობს, მარგველაშვილისგან დიდი სიამოვნებით მოვისმენ, მაგრამ ახლა ვანო მერაბიშვილი რომ ამბობს, რომ საპროტესტო აქციებს იწყებს, ეს ნახევარ საქართველოს ზაფრავს. ვიღაცას უნდა, რომ გაერთიანდეს და კი, ბატონო, მაგრამ ეს ქვეყნისთვისაა ცუდი. ამას როგორ ვერ ხვდებიან არ მესმის.

„დიდი პატივისცემით ბატონ გიორგის - იქნებ ეს თემა არგუმენტებით გაშალოს და გვითხრას, შესაძლოა ის ცდება, ან მე, ან ორივე. ლოზუნებს თავი დავანებოთ და ვთქვათ ეს ამიტომ ვარგა, ან ამიტომ არ ვარგა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსთან" თქვა, ასეთი საბჭოს შექმნა ერთიან საარჩევნო სიას არ გულისხმობს და უბრალოდ ოპოზიციური პარტიების გამსხვილება უნდა მოხდეს.

„ჩემი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს, ერთიანი „მესიჯით" გამოვიდნენ იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ასეთი საბჭო ერთიან საარჩევნო სიას არ ნიშნავს. უნდა მოხდეს პარტიების გამსხვილება, ეს უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ მყოფ პარტიებში, ასევე იყოს ე.წ. მესამე ცენტრი, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, ხმა მისცეს არა შავი-თეთრის რეჟიმში, არამედ ალტერნატივასაც. მე იდეალურ შემთხვევაში ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობას" და მასთან აფილირებულ პარტიებს და მესამე ცენტრს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთთან კოორდინაცია უნდა გაწყვიტონ",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა შესაძლებელი გახდეს, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლების შეცვლის ალტერნატივა უნდა შეიმუშაონ.

„გაზაფხული სავსე იქნება დაძაბულობით, მიტინგებით, პროტესტით - ასე გაგრძელება შეუძლებელია, დელეგიტიმიზირებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და რაც უფრო სწრაფად შეიცვლება, მით უკეთესი, ასეთი უნდობლობის ფონზე სახელმწიფოს მართვა ვერ წარმომიდგენია. შესაბამისად, იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები გახდეს შესაძლებელი, უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების, შეცვლის ალტერნატივა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე