ელზა პაპოშვილი
(14.03.2023)

აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ძველი გუნდის ახლით ჩანაცვლებას? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის პირადი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის გააქტიურება შესაძლოა ახალი პოლიტიკური თამაში დაწყებას ნიშნავდეს. მმართველი პარტიის ლიდერები კი ყიფიანის პოლიტიკურ გააქტიურებას კრიტიკით შეხვდნენ. მათი ცნობით, ყიფიანი უკვე დაახლოებით ერთი კვირაა, რაც აღარ არის ივანიშვილის ადვოკატი. 

ამზადებს თუ არა ივანიშვილი ხელისუფლების ჩასანაცვლებლად ახალ პოლიტიკურ გუნდს? ეს კითხვები მას შემდეგ გაჩნდა რაც 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ, ხელისუფლებას პრობლემები თავად საკუთარ გუნდში შეექმნა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით 6-მდე „ოცნების“ დეპუტატი პარტიის დატოვებას გეგმავს. 

ამის პარალელურად კი მოულოდნელად  ასპარეზზე პოლიტიკური განცხადებებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატად ცნობილი ვიქტორ ყიფიანი ჩნდება. ის ჯერ სომხურ გამოცემას და შემდეგ „რადიო იმედს“ აძლევს ინტერვიუებს, სადაც აკრიტიკებს „ოცნების“ პოლიტიკას უკრაინის ომთან დაკავშირებით, შემდეგ კი ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით კრიტიკის ქარცეცხლში პარტიის  ლიდერებს ატარებს. 

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ივანიშვილი ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს ამუშავებს. ამისთვის კი ახალი მოთამაშეები სჭირდება და ერთ-ერთი შესაძლოა ყიფიანიც იყოს, რომლის დასაყრდენიც შესაძლოა „ოცნების“ სწორედ ის 6 (ან უფრო მეტი) დეპუტატი აღმოჩნდეს, რომლებიც, მედიის ინფორმაციით, პარტიას დატოვებენ. 

ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი პოლიტიკური განცხადებები

ბიძია ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი 10 მარტს მიცემულ ინტერვიუში  გააკრიტიკა. მას ასევე არ მოსწონს მმართველი პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებები, საუბრობს ცეცხლზე ნავთის დასხმაზე და რომ დასავლელი პარტნიორების წინასწარი რეაქციებიდან გამომდინარე, ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო.

იურისტმა ინტერვიუ ჯერ „რადიო იმედს“ მისცა, შემდეგ კი უფრო ვრცლად ისაუბრა სომხურ მედიასთან.  

„ეს კანონპროექტი, ალბათ, იქცა მორიგ ჯერზე ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდად, თუ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს - იმის მიუხედავად, თუ რომელ მხარეს იმყოფება - რამდენად აქვს გაცნობიერებული, რა არის ქვეყნის ინტერესები და როგორ არ უნდა აურიო ქვეყნის ინტერესები პარტიულ ინტერესებს.

„რომ არა ეს კანონპროექტი, იქნებოდა სხვა თემა, ისე, როგორც წარსულში გვიხილავს. ყოველთვის გაგვჭირვებია ხოლმე დაგვეცა ის სწორი სტანდარტი, ეს ორი საკითხი ერთმანეთში რომ არ არეულიყო“, - თქვა ვიქტორ ყოფიანმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ კანონპროექტს აკრიტიკებდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ და მოსალოდნელი იყო ეს რეაქცია.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისათვის. ძალაუფლებისათვის პოლიტიკამ გადაფარა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ამოცანები და პრიორიტეტები“, - ამბობს ყიფიანი.

მისივე თქმით, კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე არ იყო შესწავლილი მისი მიღების მიზანშეწონილობის საკითხი - რა სიკეთის მომტანი იქნებოდა კანონი, ან რა სავარაუდო ზიანს მიიღებდა ქვეყანა.   

„ოცნების“ რეაქცია 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყიფიანი უკვე ერთი კვირაა აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. მისი მხრიდან კანონპროექტის კრიტიკა და პოლიტიკური განცხადებები კი იმითაა განპირობებული, რომ ის, რომ კანონი, რომელიც უნდა მიეღო პარლამენტს, გავრცელდებოდა თავად ყიფიანზეც.

„როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები. არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად, ვერასდროს გახდები. არ შეიძლება იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და გახდე უცხოური გავლენის აგენტი“, - ამბობს კობახიძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს მიზეზი იმისა, რომ იგი აღარ არის ივანიშვილის ადვოკატი, კობახიძე პასუხობს: 

„არა, მთავარი მიზეზი სხვა იყო, ჩემი ინფორმაციით. ვერ დავაკონკრეტებ. მიზეზი იყო ამაზე ბევრად უფრო მძიმე“. 

კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, ეხება თუ არა ეს შვეიცარიულ ბანკთან დავას, კობახიძე ამბობს: „პირდაპირ არა“. 

მისივე თქმით, სხვადასხვა ინფორმაცია აქვს, თუმცა ვერ ილაპარაკებს. 

„ნიშნები მოგეცით“, - უთხრა მან ჟურნალისტებს. 

აპრებს თუ არა ივანიშვილი ყიფიანის მეშვებოთ „ოცნების“ ძველი გუნდის ჩანაცვლებას

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი 7-8 მარტს განვითარებული მოვლენების შემდეგ, სავარაუდოდ, გარკვეულწილად ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციას ალაგებს. ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა ძველი „ქართული ოცნების“ გადაჯგუფება გადაწყვიტა და ის ახალი ჯგუფით ჩაანაცვლოს. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ სწორედ ყიფიანი იყოს ამ ახალი გუნდის მთავარი სახე, რომლითაც ივანიშვილი ხელისუფლების ჩანაცვლებას აპირებს. 

„შეიძლება ახალი გუნდი იქმნებოდეს და ეს ვერსია მე უკვე დიდი ხნის წინ ვთქვი. მგონია, რომ ვიქტორ ყიფიანის გუნდი მზადდება და ამაზე მე ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ ვარაუდი გამოვთქვი. ყიფიანი ძალიან მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე გააქტიურდა, რაღაც სტატიები გამოაქვეყნა და პოლიტიკურ ანალიზს აკეთებდა. 

„ასევე შეიქმნა არა-„ქოცური“ წარმოშობის გუნდი, რომელმაც საუბარი დეპოლარიზაციაზე დაიწყო და ამ ანალიტიკურ ჯგუფში შედიან ექსპერტები, რომლებიც დამოუკიდებელ ფიგურებად ითვლებიან. სწორედ ამ ადამიანებთან ერთად ჩნდება ყიფიანი. ჯერ კიდევ ივანიშვილის ადვოკატის სტატუსი ჰქონდა და განცხადებებს აკეთებდა. 

„ახლა კობახიძის განცხადებები მაძლევს იმის თქმის ვარაუდს, რომ შესაძლოა ამ ხელისუფლების ჩანაცვლების პროცესი დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ყველანაირი რესურსი ამოწურა. არ გამოვრიცხავ, რომ 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ ივანიშვილი ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის თამაშიდან გაყვანას ცდილობდეს. ორივე მათგანის რესურსი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, ამოწურულია ამ ე.წ. აგენტების კანონის ჩავარდნის შემდეგ. ფაქტია, უკრაინის ომიც შესაძლოა უკვე კულმინაციაში შევიდეს და მას ახალი გუნდი სჭირდება. ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მშვენიერი თავმჯდომარე იქნება და ვფიქრობ მას იქ გადაიყვანს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

ვინ შეიძლება გახდეს ყიფიანის დასაყრდენი 

ძაბირაძის აზრით, არ არის გამორიცხული პარლამენტში ყიფიანის საყრდენი „ოცნების“ დეპუტატთა ის ჯგუფი გახდეს, რომელიც, მედიის ინფორმაციით, მმართველი პარტიიდან გასვლას ცდილობს. ის ვარაუდობს, რომ ამ კომბინაციას ივანიშვილი უფრო შემოდგომაზე გამოიყენებს, თუ მანამდე ქვეყანაში პოლიტიკური კრიზის არ გამწვავდა.    

„თუ „ოცნება“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის 12 პუნქტის შესურლებას გეგმავს, მაშინ ჯერ მთავრობას ჩაანაცვლებს და მის შესრულებას მერე დაიწყებს. გადახალისება მოხდება გუნდის და ამ 12 პუნქტს შემდეგ შეასრულებს. მას ეს იმისთვის სჭირდება, რომ 2024 წლის არჩევნების წინ სათქმელი ჰქონდეს, რომ რაღაცეები შეიცვალა და ევროპისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ხოლო თუ პირიქით, ამ პუნქტების ჩაგდება უნდა, ჯერ ძველი გუნდი ამას ჩააგდებს, რასაც პროტესტი მოჰყვება და ამას კი მთავრობის გადაყენება. პოლიტიკა კი არ შეიცვლება, უბრალოდ ფასადის ცვლილება მოხდება. 

„კობახიძის მინიშნებები ყიფიანზე, რომ მან რაღაც უფრო მძიმე დააშავა, ემსახურება იმას, რომ გამყარდეს ვერსია, თითქოს ის დამოუკიდებელი მოთამაშეა“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

პარალელები გახარიასთან

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამ კომბინაციას თეორიულად არ გამორიცხავს, თუმცა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ვიქტორ ყიფიანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, უფრო  პირადი დაპირისპირებაა. მისი აზრით, ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკიდან საკუთარი ფულის დაბურნებას რომ ვერ მიაღწია, ამაში სავარაუდოდ ყიფიანს ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ მან სამუშაო სათანადოდ ვერ შეასრულა. თუმცა ანალიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ თამაშის ნაწილი იყოს.   

„გვახსოვს გიორგი გახარიაზეც იგივე ვერსია არსებობდა - რომ ის შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობდა, თუმცა რეალურად ასე არ აღმოჩნდა. ყველა ვერსიას არსებობის უფლება აქვს. არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ივანიშვილი თავის დაზღვევის მიზნით ახალი გუნდის ფორმირებას ცდილობს. თუმცა ყიფიანი არ არის პოლიტიკოსი და მას გუნდი სჭირდება. მას გახარიასავით პოლიტიკური დივიდენდები არ გააჩნია. ის უბრალოდ ცნობილია, როგორც ივანიშვილის ადვოკატი, რომელმაც რაღაც პლიტიკური განცხადებები გააკეთა. 

„მე ვფიქრობ უფრო  ოპოზიციურ ფლანგზე მოთამაშედ შესაძლოა სჭირდებოდეს. ამას ალბათ აკეთებს იმ შემთხვევისთვის, თუკი რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. მაგრამ ყიფიანს რატომ უნდა დაეყრდნოს და რამდენად შეძლებს ის პოლიტიკაში აქტიურად შემოსვლას, ესაა საკითხავი. ანუ ოპოზიციურ ფლანგზეც ხომ თავის დამკვიდრებაა საჭირო. გახარიასავით ის პრემიერი არ ყოფილა და არც რეიტინი აქვს. 

„ამიტომ ცოტა მეეჭვება, რომ ყიფიანის ფიგურის გამოყენება ივანიშვილს უნდოდეს. უფრო ასეთი ვერსია მაქვს, რომ ივანიშვილსა და ყიფიანს შორის პირადი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ყიფიანი ცდილობს თავი პოლიტიკაში შემოსვლით დაიცვას. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს, გამორიცხვით მაინც არაფერი უნდა გამოვრიცხოთ,“-ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“.  

თუმცა ანალიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ ყიფიანი კობახიძემ და მისმა გუნდმა ჩაძირა. შესაძლოა ივანიშვილი მას პრემიერად მართლაც ამზადებდა, ხოლო კობახიძემ ის უბრალოდ თავიდან მოიშორა. ჩიტაძე ამბობს, რომ კობახიძემ სწორედ ამ ფორმით ბევრი სხვა პოლიტიკოსი ჩამოიშორა, მათ შორის გიორგი გახარიაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე