ბაჩანა ტყემალაძე
(14.03.2023)

საქართველოს პარლამენტთან „ალტ-ინფოს" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. რამდენიმე საათში პოლიციელებმა დროშა ისევ აღმართეს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ინციდენტი რუსული თამაშის ნაწილია და ვითარებას განსაკუთრებით ამძიმებს ის ფაქტი, რომ დროშის დაწვა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტს დაემთხვა.

სამშაბათს პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს - ისინი ითხოვენ, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი, „აგენტებს დაერქვათ თავიანთი სახელი", ასევე 5 ივლისს დაკავებული აქციის მონაწილეები გათავისუფლდნენ და სამაგალითოდ დაისაჯონ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა".

„ალტ-ინფოს" ქმედებებს გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებელი", რომელიც იმ პირის დასჯას ითხოვს, რომელმაც ევროკავშირის დროშა ჩამოაგდო და დაწვა.

„ხელისუფლების ძალადობრივმა ჯგუფებმა ხელისუფლების წახალისებითა და მონაწილეობით დღეს პარლამენტის წინ ჩამოაგდეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა, რაც პირდაპირი და ღია განაცხადია, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირი. მათ საქართველო და მისი მოქალაქეები რუსული ჭაობისთვის გაწირეს.

„ისინი, ვინც ჩამოაგდებენ და დაწვავენ ევროკავშირის დროშას, შესაძლებლობას თუ მივცემთ, სიამოვნებით ხელმეორედ აღმართავენ რუსულ დროშას თბილისის თავზე.

„ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. ამიტომ „სტრატეგია აღმაშენებელი" ვგმობთ და მოვითხოვთ, სასწრაფოდ ყველა იმ პირის, ვინც ევროკავშირის დროშა ჩამოაგდო და დაწვა, იდენტიფიცირებას და კანონის შესაბამისად დასჯას", - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დროშა თავის ადგილს სათანადო პატივით დაუბრუნდება. ამასთან, ხაზგასმით თქვა, რომ რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს.

„პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის შებღალვის ფაქტს მინდა გამოვეხმაურო. იცით, რომ ჩვენი მოწვევის პარლამენტმა ევროკავშირის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დროშების შებღალვა, რომელიც აღმართულია ადმინისტრაციული შენობების წინ, დასჯადი გადახა და, რა თქმა უნდა, იყო შსს-ს განცხადებაც, რომ ყველა, ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა, სათანადოდ იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით შესაბამისად დასჯილი.

„სამწუხარო ისაა, რასაც ვხედავთ - რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ასეთი ქცევა, რა თქმა უნდა, მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილს.

„რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, ეს სხვადასხვა მიდგომაა. როცა პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე. თუკი ევროპაზე საუბრობენ, დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული. დროშა დაბრუნდება თავის ადგილას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შსს-ს ცნობით, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. შსს-მ მოახდინა სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავსირის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების განოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ „ალტ-ინფოს" ქმედებები რუსული პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ჩატყდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ის ხიდი, რომელიც ამ დრომდე არსებობს.

„ალტ-ინფო" ხვდება თუ ვერ ხვდება - არ ვიცი, მეეჭვება ვერ ხვდებოდეს, მაგრამ ეს ნაბიჯი არის რუსეთის პოლიტიკის ხელშემწყობი. ხაზგასმით რუსეთის პოლიტიკის, რადგან სწორედ მოსკოვს აწყობს ჩატყდეს ურთიერთობის ხიდი დასავლეთსა და საქართველოს შორის.

„ამ ბოლოს აღნიშნული მიმართულებით რუსეთის მხრიდან მუშაობა ნამდვილად გაძლიერდა და ურთიერთობის ხიდის ჩატყდომის სურვილი ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსშიც გაჩნდა და შემოგვითვალეს კიდეც - თუ არ გინდათ ევროპა, იყავით ცალკეო.

„თანაც ამ აქციის პარალელურად მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის დელეგაციასთან. აქედან გამომდინარე, ძალიან სამწუხაროა რაც ახლა ხდება, რადგან ეს შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზეც", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ პირველად არ ხდება. პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა 2 წლის წინ, 5 ივლისის ცნობილი მოვლენების დროს, „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს. ევროკავშირის დროშა პარლამენტთან მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პირადად პირადად დააბრუნა და ხელახლა აღმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე