ელზა პაპოშვილი
(13.03.2023)

შესაძლოა თუ არა ზამთრის დასრულებასთან ერთად უკრაინაში ვითარება შეიცვალოს და საბრძოლო მოქმედებები, ორივე მხრიდან უფრო ინტენსიური გახდეს.  "სიმშვიდე დიდი ქარიშხლის წინ" - ამ სათაურით აქვეყნებენ სტატიებს სამხედრო თემებზე მომუშავე გამოცემები. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინა მასშტაბური კონტრშეტევისთვის ემზადება. 

ბოლო რამდენიმე კვირაა კი ფრონტის ხაზი პრაქტიკულად გაყინულია. ჯერ კიდევ ზამთარში საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ გაზაფხულზე უკრაინა დიდ შეტევას წამოიწყებდა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთიც გადაჯგუფებისთვის და ახალი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადებოდა. თუმცა, ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვნად ფრონტის ხაზზე არაფერი იცვლება. ყველა მოლოდინის რეჟიმში იმყოება. 

საბრძოლო მოქმედებები კი რამდენიმე ლოკაციაზე ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 90-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. მათ შორის ოკუპანტების მოგერიება მოხდა - ლიმანის, ბახმუტის, ავდეეკვას, მარინკასა და შახტერსკის მიმართულებებზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 5 სარაკეტო და 12 საჰაერო დარტყმის განხორციელება შეძლეს.

ბოლო რამდენიმე თვეა  ქალაქ ბახმუტზე და იქ არსებულ ვითარებაზე მიდის საუბარი. ბახმუტს ახლა ორივე მხარისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. რუსეთის ინტერესი არ არის ინფრასტრუქტურა ან რაიმე სხვა. აქ მთავარია ამ ქალაქის დახმარებით გავიდეს სხვა ტერიტორიაზე. 

შესაბამისად, უკრაინა მარტივად არ აპირებს ბახმუტის დათმობას. მეტიც, ექსპერტები ფიქრობენ, რომ უკრაინა კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ქალაქის დაცვას, რადგან სხვა შემთხვევაში, რუსეთი შეძლებს იერიშის განხორციელებას სხვა ქალაქების მიმართულებით.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთის კერძო სამხედრო გაერთიანების, "ვაგნერის“ რაზმები აკონტროლებენ ბახმუტის აღმოსავლეთს, ხოლო დასავლეთი უკრაინის ხელშია. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბახმუტში მომარაგების ხაზები სრულიად გადაჭრეს, სიცრუეა და ქალაქის დაახლოებით 60%-ს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ, მათ შორის ადმინისტრაციულ ცენტრს. 

ვითარება იძაბება უკრაინის ჩრდილო აღმოსავლეთით, ხარკოვის ოლქში. დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ხარკივის ოლქის ქალაქ კუპიანსკში სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს. მტერი ყოველდღე ბომბავს კუპიანსკის დასახლებებს. უპირველეს ყოვლისა, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ევაკუირება ხდება. კუპიანსკის მიმართულება ახლა ამ რეგიონში ყველაზე ცხელი წერტილია, ფრონტის ხაზი აქ გადის და მტერი მუდმივად ცდილობს უკრაინული სამხედროების პოზიციებზე თავდასხმას.    

სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ უახლოეს კვირებში, უკრაინის მხრიდან შეიძლება ლოკალური შეტევები დაიწყოს. ბუნებრივია, მასობრივ კონტრშეტევას ძალიან დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალის მომზადება და ტექნიკა სჭირდება, რომელიც ბოლო პერიოდია არ განხორციელებულა, თუმცა უკრაინა ამის მოლოდინშია. 

უკრაინა ელის დასავლეთიდან დიდი რაოდენობით ტექნიკას და შეიარაღებას, გარდა ამისა, ნატოს ბაზებზე გადამზადებულ უკრაინელ ჯარისკაცებს. ამასთან ერთად უკრაინის მეზობლად, პოლონეთში, საველე სამხედრო მომზადების ცენტრი გაიხსნა, სადაც სამხედროების გადამზადება ხდება. დასავლური მედიის ინფორმაციით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა აქტიურ კონტრშეტევაზე გადავა. 

მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, რუსებმა 1100-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასევე, განადგურებულია ოკუპანტების ათობით ერთეული ტექნიკა და საბრძოლო მასალის საცავი.

 "6 მარტიდან მოყოლებული მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით 1100-ზე მეტი ჯარისკაცის ლიკვიდაცია შევძელით და ამის გარდა, მტრის, სულ მცირე, 1500 კაცია დაჭრილი ისე, რომ ბრძოლის გაგრძელება არ შეუძლიათ. ასევე, განადგურებულია მტრის ათობით მანქანა და დამწვარია ათზე მეტი ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი.

ჩვენ ახლა ვცხოვრობთ დროში, როდესაც უკრაინას შეუძლია ყველა ისტორიული სირთულის გადალახვა. ჩვენ ეს შეგვიძლია! თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ერთიანობას, გავუფრთხილდებით ერთმანეთს და ჩვენ ქვეყანას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავს უკრაინაზე და უკრაინელებზე!" - თქვა ზელენსკიმ.   

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომისათვის იარაღის შეძენას ყველა ქვეყნისგან ცდილობს - ძირითადი აქცენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებზე, კერძოდ მიანმარზე კეთდება. კირილო ბუდანოვის თქმით, ამჟამად ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთს მეტ-ნაკლებად სერიოზულ იარაღს აწვდის, ირანია.   

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ სადღაც ერთ კვირაში რუსები უკრაინელების შეტევას უნდა ელოდნონ. მისი ვარაუდით, უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით, კარგად გაწვრთნილი და დარტყმითი დაჯგუფების საშუალებით ქალაქს შეუტევს. 

მისი აზრით, შეტევისთვის ახლა კარგი დროა, რადგან რუსეთი დასუსტებულია, ის უკვე 8 თვეა ბახმუტის აღებას უშედეგოდ ცდილობს. მთელი რესურსი, რაც კი გააჩნდა ამ მიმართულებაზე გადაისროლა, ამიტმაც ფაქტია, ნელ-ნელა ილევა. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ რუსები უკრაინელების პოზიციების შეცვლას სარაკეტო დარტყმების მეშვეობით შეეცდებიან.   

„ორივე მხარისთვის ბახმუტი ხაფანგია, გააჩნია ამ ხაფანგში რომელი მათგანი არ გაებმება და რომელი შეძლებს რომ თავი დააღწიოს. რუსების პოზიციაა, რომ ისინი ბახმუტის მეშვეობით უკრაინელებს სამხრეთ ფრონტზე დარტყმის საშუალებას არ აძლევენ. უკრაინელების პოზიცია კი ასეთია, რომ რუსები ბახმუტთან ჩითრიეს, სადაც გრძელვადიანი დაპირისპირებით ასუსტებენ. უკრაინელები ამით დროის მოგებას და თავდაცვითი სიღრმის გაძლიერებას ცდილობენ. დიდი ალბათობით რუსები ბახმუტს აიღებენ, თუმცა, იმხელა რესურს ხარჯავენ, ვფიქრობ ეს მათი ბოლო წარმატება იქნება. ბახმუტის აღება რუსებს დიდ  ფასად დაუჯდებათ.       

ახლა უკრაინა ფართომასშტაბიან დარტყმაზე ვერ გადავა, რადგან ამისთვის შეიარაღება არა აქვს. დასავლეთიდან ნაწილ-ნაწილ იღებს. ერთიანად ვერ ხდება მიწოდება. ამიტომ ეს არის უკრაინელების გასათვლელი. ახლა უკრაინელებს ურჩევნიათ, რომ  დამატებითი ტერიტორიები არ დაუთმონ, რათა გარკვეული უპირატესობა არ მიიღონ რუსებმა.  განსაკუთრებით, მორალური და ფსიქოლოგიური. 

ორივე მხარე კარგად ხვდება, რომ ომის კულმინაციას უახლოვდებიან. რაღაცა მომენტში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი დადგება და რუსებიც იძულებულები გახდებიან ამაზე დათანხმდნენ. ამიტომ ფრონტის ხაზზე ორივე მათგანი გარკვეული უპირატესობის მოპოვებას ცდილობს, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან ძლიერი პოზიციებიდან ისაუბრონ“, - ამბობს გენერალი.         

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე