ბაჩანა ტყემალაძე
(13.03.2023)

აფხაზი ექსპერტები და ანალიტიკოსები თვლიან, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობა მყარდება, რის გამოც მათი უმეტესობა შეშფოთებას გამოხატავს. ამის მთავარ მიზეზად კი საქართველოს ინტერესებისამებრ რუსეთის მფარველობის დაკარგვა სახელდება. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შაშბამ განაცხადა, რომ აფხაზეთში მშვიდობიანი ცხოვრება საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

მან საქართველო „შეაქო კიდეც" იმ არგუმენტით, რომ „იგი ეწინააღმდეგება უკრაინის ხელისუფლებას და საკუთარი ოპოზიციის მცდელობებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ითხოვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში."

აფხაზეთში არსებული „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის" თანადირექტორი, არდა ინალ-იპარი კი ამბობს, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან ისინი შეშფოთებით ადევნებენ თვალს ქართულ-რუსული ურთიერთობის დათბობას.

„არა ერთხელ, რუსმა პოლიტიკოსებმა, ლავროვმა, ბაბურინმა და სხვებმა გააჟღერეს მოსაზრება, რომ თუ საქართველო რუსეთის წიაღში დაბრუნდება, აფხაზეთის საკითხი შეიძლება სხვაგვარად გადაწყდეს და ეს იქნება ქართული ინტერესების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა არდა ინალ-იპარმა. ინფორმაციას „ჯემ-ნიუსი" ავრცელებს.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ადგურ ლაგვილავა თვლის, რომ მოსკოვისა და თბილისის დაახლოება საგანგაშოა.

„აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია და საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა კომპლიმენტებს უგზავნიან საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღებით უსმენენ და არ აპროტესტებენ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ქმედებებს, რომელიც გვთავაზობს სოხუმის და თბილისის შერიგებას. ეს ყველაფერი გარკვეულ შფოთვას იწვევს. მაგალითად, „უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის იდეა ერთდროულად გაჩნდა აფხაზეთსა და საქართველოში და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხორციელდება რაღაც რეგიონული დღის წესრიგი", - ამბობს ადგურ ლაგვილავა.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ აფხაზთა შიში არარეალურია, რადგან რუსეთი აფხაზეთს არ დათმობს თავისი ნებით არანაირ ასპექტში, მაგარამ, შესაძლებელია, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, მაგალითად, სკოლებში ქართული ენის დაბრუნების თვალსაზრისით.

„მათი შიში არარეალურია, რადგან რუსეთი არ დათმობს აფხაზეთს თავისი ნებით. ეს ქართულ-აფხაზური შეთანხმების შედეგი უნდა იყოს და სამწუხაროდ ქართული მხარე ინტერესს არ იჩენს, რომ აფხაზურ მხარესთან ისაუბრონ იმ საერთო სახელმწიფოს შექმნაზე, სადაც მათ უფლებებსა და მდგომარეობაზე იზრუნებენ.

„არ გამოვრიცხავ გარკვეულ დათმობებს რუსეთის მხრიდან, მაგალითად გალის რაიონში უფრო თავისუფალი გადაადგილების უფლებას, ან სკოლებში ქართული ენის სწავლებას.

„მათ ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, რომ რუსეთი უკან წაიღებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და ისინი საქართველოს წინაშე მარტო დარჩებიან. შეიძლება ითქვას, რომ 1-1-ზე ომის ეშინიათ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთთან მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკების და საუბრის მეთოდით აპირებს სიტუაციის დალაგებას, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ამისთვის ბევრს არაფერს აკეთებს". - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე