თამთა ჩაჩანიძე
(13.03.2023)

ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალედ ითვლება მთელ მსოფლიოში, მოწინავე დემოკრატიებს შორის. ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ჩვენი მთავარი ინტერესი იყო შემდეგი: ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, იმ ბოლო მოვლენების შეფასებისას, რომელიც „ხალხის ძალის" კანონპროექტებთან დაკავშირებით ქვეყანაში განვითარდა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც უმრავლესობამ „ხალხის ძალის" კანონის გაწვევით მიიღო, მოცემულ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული იყო. ამით გაუფრთხილდა ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ოპოზიციის ამოცანა ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება და არეულობა იყო და მათ შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ".

„ვიცოდით რა მათი ამ ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, მათი ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა, შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე და ვთქვით, რომ ჩვენ ამ ნაბიჯით ვუფრთხილდებით ჩვენთვის ყველასთვის უფრო ძვირფასს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას და არა ომს! არა ომის პოლიტიკას! მთავარი მიზანი ამ აქციების და ჩვენი დესტრუქციული, ექსტრემისტული - მე ასე ვიტყოდი, აღარ არის მხოლოდ დესტრუქციული, ეს არის უკვე ექსტრემისტული ორგანიზაცია, კოლექტიური "ნაცმოძრაობა",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ მინისტრმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს „იმედზე" უპასუხა. ინტერვიუ 8-9 მარტის გამოსვლების შეფასებით დაიწყო, მან შსს-ს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თემის გარშემო მოვლენებს თავიდან ბოლომდე აკვირდებოდა, შესაბამისმა სამსახურებმა კი ეს გამოწვევა მაღალპროფესიონალურად შეასრულეს და პროცესი ნაკლები დანაკარგებით, პრობლემების, გართულების გარეშე დასრულდა.

„ძალიან ბევრი მოვისმინე, რომ პოლიციამ გადაამეტა. ეს არის სიცრუე. ვინ დაიწყო ძალადობა? ძალადობა დაიწყო „ნაცმოძრაობის" ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელი და გვარები ყველამ ვიცით; „გირჩის", პროვოკატორ ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის" ანარქისტებმა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ნამდვილად ევროპული საზოგადოება ავაშენოთ, გვინდა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, გვინდა ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ, გავაერთიანოთ, ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ. ვინ ბედავს, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ ფარად, წინა ხაზზე უშვებენ, ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს". 60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი იქნება უმკაცრესად დასჯილი!", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „კოლექტიური „ნაცმოძრაობა" გადაქცეულია არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად. ცოტა უკლია, რომ გახდეს ტერორისტული ორგანიზაცია".

რაც შეეხება უშუალოდ „ხალხის ძალის" კანონპროექტებს, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ერთი „ზუსტად ამერიკულის ანალოგი", მეორე კი „ქართველი ვერსია იყო", რომელსაც გარკვეულმა ძალებმა მისი თქმით „რუსული კანონი დაარქვეს", რუსული ოკუპაციის ფონზე კი, ასეთი საკითხების მიმართ ხალხი ძალიან მგძნობიარეა და ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა.

„ამას დაემატა ის განცხადებები, რომელიც შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი განცხადებები, ჩვენი უცხოელი პარტნიორების, კოლეგების, ელჩების მხრიდან, რამაც დააბნია საზოგადოების გარკვეული ნაწილი. აქ ძალიან კოორდინირებული ქმედება და საქმიანობა გამოჩნდა", - განაცხადა პრემიერმა.

ჩვენი მთავარი ინტერესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა. ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე - ასობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღადგინა. ჩვენ ვითხოვდით გამჭვირვალობის მინიმალურ დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების შესახებ კითხვას.

„როდესაც ეს ინიციატივა თავდაპირველად იყო გუნდში განხილული, მაშინ ჩვენ დავიწყეთ სხვა ანალოგიებს შესწავლა. პირველი ასეთი ანალოგია იყო ჩვენთვის სამაგალითო სახელმძღვანელო - აშშ, სადაც უკვე 1938 წლიდან მოქმედებს ეს კანონი. მას შემდეგ რამდენჯერმე მოხდა მისი მოდიფიცირება, დახვეწა, თუმცა ეს კანონი მოქმედებს და მუშაობს. ვიცით სხვა მაგალითებიც, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, ბრიტანეთი მუშაობს, კანადამ დაიწყო და სულ რამდენიმე კვირის წინ დაემთხვა, როდესაც ვიწყებდით ამ კანონპროექტის განხილვებს, ევროპარლამენტში მოხდა ანალოგიური შინაარსის კანონპროექტის ინიცირება. ყველაზე დიდი პარტია, EPP, იყო ამ კანონპროექტის ინიციატორი.

„რა იყო ამ კანონპროექტის განხილვის და შემდეგ მიღების მთავარი მიზანი? დეტალებში არ შევალ, დეპუტატებმა კარგად განმარტეს შინაარსი და დეტალები, რას ემსახურებოდა ამ კანონის მიღება, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა. იცით, რომ რამდენიმე ათეული წელია, საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. ძალიან ბევრი „ენჯეო" იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბურუსით მოცული. მათი ფინანსები და აქტივობა არის გაუმჭვირვალე. მეორე მხრივ, ჩვენ ყოველდღიურად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მოგვიწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ, რაც, თავისთავად, კარგია.

„ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალედ ითვლება მთელ მსოფლიოში, მოწინავე დემოკრატიებს შორის. ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ჩვენი მთავარი ინტერესი იყო შემდეგი: ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა. ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე - ასობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღადგინა. ჩვენ ვითხოვდით გამჭვირვალობის მინიმალურ დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც პრემიერი ამბობს, მმართვლი გუნის ამოცანაა, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს თუ „სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობა რას ემსახურება".

„თავისი დესტრუქციული ქმედებებით ცნობილი ე.წ. „სირცხვილიას" ორგანიზაცია, პირდაპირ უცხოური ორგანიზაციებიდან ფინანსდება. მათ შორის უცხოეთის ქვეყნების სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ორგანიზაცია შემდეგ აქ ითხოვდა მთავრობის გადადგომას, ჩემს გადადგომას, ძალიან ბევრი დესტრუქციული ქმედება განხორციელდა ან უშუალოდ მათ მიერ, ან მათი თანამონაწილეობით. ჩვენ ვიცით ე.წ. პროვოკაციული მოძრაობა, „თბილისი პრაიდი", რომელიც აპირებდა მეტად პროვოკაციული ღონისძიებების ჩატარებას.

„ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ მათ დესტრუქციულ საქმიანობას. მაგალითად ორგანიზაცია „იემსი", ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ მე ვიცი, თუ რამდენად დესტრუქციული საქმიანობით არის დაკავებული ეს ორგანიზაცია. ეს ადამიანები პირდაპირ ემსახურებიან შუღლის გაღვივებას, ძალიან ბევრ პროვოკაციაში არიან ჩართულნი, იგივე „ისფედი", რომელმაც პირდაპირ გაყალბებული მონაცემები წარმოადგინა, ვგულისხმობ არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდში, პარალერული დათვლის შედეგები იყო გაყალბებული, რომელიც მათ მერე აღიარეს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, „იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში". ეს კი მისი თქმით „ქართულმა ოცნების", ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის დამსახურებაა.

„ჩემო შვილებო, ჩემო დებო და ძმებო, გავიხსენოთ, საიდან დაიწყო ზოგადად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე რეალური, ხელშესახები პროგრესი. ვინ მოიტანა რეალური პროგრესი. სააკაშვილმა? ნამდვილად არა. რატომ - სააკაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე ანტი ევროპული თავისი ბუნებით, თავისი მმართველობის სტილით. შეშლილი დიქტატორი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას ბრუტალური, სასტიკი მეთოდებით. აწამებდა, კლავდა ხალხს ახალგაზრდებს მათ შორის. 300 000 ადამიანი გაასამართლა. მისი გუნდის წევრები იყვნენ მერაბიშვილი, მკვლელი, ახალაიები, მწამებლები, მეგის ქარდავა და რეკეტიორი კეზერაშვილი. დღეს იგივე ხალხი უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას. ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას, ჩვენს ევროპულ მომავალს.

„გახსოვთ, რომ სააკაშვილის მთავარი იდეა იყო, არა ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარება, შეგახსენებთ, რომ სამი წლის დაგვიანებით დავიწყეთ ჩვენ ასოცირების შეთანხმებაზე მუშაობა. რატომ? ამათ გადადებული ჰქონდათ. ისევე, როგორც უვიზო რეჟიმზე მუშაობა. ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ გადმოგვეცა, მე ვიყავი მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი და მე გადმომეცა სწორედ ეს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.

„რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის გზაზე, რომ იძახიან, რომ ევროპა გვინდა. ყველას გვინდა ევროპა. შევახსენოთ მაშინ საზოგადოებას და ჩვენს ახალგაზრდებს, ვინ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. მე მოვაწერე ხელი „ქართული ოცნების" სახელით. თავისუფალ ვაჭრობას ვინ მოაწერა? რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა შეძლონ, ყოველგვარი გადასახადების გარეშე, ნულოვანი ბეგარით პროდუქციის გატანა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ ჩვენი ქვეყანა აღიარეს, როგორც სანდო პარტნიორი. როდის მოხდა ეს? 2015 წლის 17 დეკემბერს , როცა საბოლოოდ, ჩემი მეთაურობით, მაშინ პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს დაიხურა ყველა ვალდებულება და ქვეყანამ დაიწყო უვიზოდ მიმოსვლა ევროპაში. არა მხოლოდ ელიტამ, სააკაშვილის ელიტამ ან სხვა შეძლებულმა ფენამ, არამედ, ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა მეგობრებო? „ქართულმა ოცნებამ". ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა", - აღნიშნა პრემიერმა.

ამბობს, რომ „სააკაშვილი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, პერსპექტივა კი არ გვექნებოდა, არამედ ჩვენ საერთოდ არსებობს შევწყვეტდით, როგორც სუვერენული სახელმწიფო", მისი თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ „დალაგებულ, დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი", თუმცა დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას გამოიყენებს, რომ „არცერთი ასეთი ადამიანის ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი".

როგორც ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, სანამ ხელისუფგლებაში „ქართული ოცნებაა" მეორე ფრონტს არ დაუშვებენ. ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კი მისი თქმით, დაადასტურა,რომ „მათი ამოცანა, მათი მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება".

მისი თქმით, კონსტიტუციაში „ქართულმა ოცნებამ" ჩაწერა, რომ ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო, შეუქცევადი გზა არის ევროატლანტიკური და დღეს თუ ვინმეს არ უნდა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, „ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია და სტატუსის მიღების შემდეგ, „ოცნებასა" ვეღარაფერს დასწამებენ". ირაკლი ღარიბაშვილს მოლოდინი აქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

როგორც საქარტველოს პრემიერმა თქვა, „ნაცმოძრაობა" და სხვები დადიოდნენ ევროკავშირში და ეხვეწებოდნენ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ მიეცათ და ახლაც იგივე ხდებოდა: „მობილიზებული ჰყავდათ თავიანთი ლობისტური ორგანიზაციები, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი".

მან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სტუდენტებსაც მიმართა.

„ნუ გახდებით მანიპულირების ობიექტი და პოლიტიკური პარტიების ხელში ბრძოლის ინსტრუმენტი. თქვენ გიყენებენ! მივმართავ ჩვენს სტუდენტებს. გიყენებენ. იყენებენ ეს პოლიტიკური, ხელმოცარული, გაკოტრებული, ადამიანები. გატყუებენ! გატყუებენ, რომ „ქართულ ოცნებას" არ უნდა ევროპული გზა. მე ფაქტები მოგიყვანეთ. ფაქტები მოიყვანონ „ნაცმოძრაობის", ამ ფაშისტური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. რა გააკეთეს მათ ევროპულ გზაზე?! არაფერი გაუკეთებიათ! ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობა არ დაიწყეს და სამი წელი გადადეს. ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ გავაკეთეთ. ასოცირება ჩააგდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და შემდეგ ჩაერიონ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მისი თქმით, უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით საქართველო მთელს მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ქვეყანა ასევე ყველა რეზოლუციას შეუერთდა და პატარა ქვეყანას თუ რამე შეუძლია აკეთებს, „ერთადერთი, რის გამოც არიან უკმაყოფილონი, არის ის, რომ ომში არ ჩავერთეთ".

იგი ასევე გამოეხმაურა, როგორც სააკაშვილის პატიმრობის საკითხს ისე ამასთან დაკავშირებულ ევროპარლამენტის რეზოლუციას.

„ევროპარლამენტმა თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა, გვითხრა, რომ სააკაშვილი, ძალიან მარტივად რომ დავარქვათ სახელი ყველაფერს, არის მათი აგენტი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან. ეს ასე არ მოხდება. ჩვენ მათ და ჩვენს ძალიან ბევრ პარტნიორს ვუთხარით, რომ სააკაშვილმა ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

„ახლა დაიმატა ამ ადამიანმა, უკანონოდ შემოიჭრა ქვეყანაში, საზღვრის უკანონო კვეთა. აი, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არავითარი სამართლებრივი გამოსავალი, არც სურვილი, რომ რაღაც კანონი დავარღვიოთ, არ არსებობს. ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ, ჩვენ ვერ დავარღვევთ კონსტიტუციას.

„ვინც თვალყურს ადევნებდა მის აღვირახსნილ კამპანიას - მთელ მსოფლიოში მან დაიქირავა ლობისტური კომპანიები. ოფიციალურად მარტო ამერიკაში მილიონი დოლარი აქვს გადახდილი დედამისის მეშვეობით. სჯობს, ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს, 100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას? ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადებაც მოვისმინე, როდესაც აქ გახურებული დაპირისპირება იყო სპეცრაზმსა და აგრესიულ ბრბოს, ანარქისტებს შორის, რომლებიც ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ ჩვენს პოლიციას, რამდენიმე ევროპარლამენტარი ამბობდა, რომ ახლა საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე