ბაჩანა ტყემალაძე
(12.03.2023)

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რადგანაც ამ გადაწყვეტილებით იურიდიულად მოხდა იმის აღიარება, რომ აფხაზეთის რეგიონი რუსეთის მიერ ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე იყო ოკუპირებული.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ" გადაწყვეტილება კვირას გამოაქვეყნა. მოსამართლეთა ერთიანი გადაწყვეტილებით, ორი მოსარჩლის მიმართ რუსეთმა ადამიანის უფლებათა კონვენციის სულ სამი მუხლი დაარღვია. კერძოდ, მესამე მუხლი - არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი - თავისუფლებისა და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა და მეექვსე მუხლის პირველი და მესამე პუნქტები - სამართლიანი სასამართლოს უფლება. საგულისხმოა ისიც, რომ, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მხრიდან კონვენციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ლევან მამასახლი და გრიგოლ ნანავა ოკუპირებულ აფხაზეთში 2001 და 2003 წლებში დააკავეს. ისინი ციხიდან 2007 და 2005 წლებში გაათავისუფლეს. გრიგოლ ნანავა გათავისუფლებიდან ერთ წელიწადში, 2006 წელს გარდაიცვალა. მამასახლისის თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მათზე ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა, გასამართლება და დაკავება.

სასამართლომ უკანონოდ ცნო მამასახლისისა და ნანავას დაკავება და დაპატიმრება. სასამართლოს დასკვნის მიხედვით, მამსახლისისადმი ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა, იგი იმყოფებოდა არაადამიანურ და ღირსების შემლახველ პირობებში. არც ერთ პატიმარს არ მიუღია შესაბამისი და ადეკვატური სამედიცინო დახმარება და არ უსარგებლია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სამართლიანი სასამართლოს უფლებით. მათ ასევე არ მიუღიათ ადვოკატის დახმარება.

ჩამოთვლილ დარღვევებზე სტრასბურგის სასამართლომ დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და არ დაუდგენია რამე დარღვევა საქართველოს მხრიდან. მეტიც, სტრასბურგმა მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მამასახლისისა და ნანავას უფლებების უზრუნველსაყოფად, მაგრამ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთი თანამშრომლობაზე მუდმივ უარს აცხადებდნენ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა მამასახლისსა და ნანავას 35-35 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს მორალური ზარალის ანაზღაურების სახით, ასევე 23 300 ევრო სასამართლოს ხარჯების ასანაზღაურებლად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს მთავრობის პოზიციები და მტკიცებულებები სტრასბურგის სასამართლოში 2017 წელს გაგზავნა.

ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ეს გამარჯვება საქართველოსთვის პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ დოკუმენტით ვამტკიცებთ, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთს უკვე დიდი ხანია ოკუპირებული აქვს და დანაშაულებს ჩვენს ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ჩადის.

„ამ გამარჯვებას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში ეს სწორედ ის დოკუმენტია, რომლითაც ვამტკიცებთ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები უკვე დიდი ხანია ოკუპირებული აქვს და დანაშაულებების განხორციელება ჩვენს მიწაზე ახლა არ დაწყებულა. აქედან გამომდინარე, რუსეთს მხოლოდ 2008 წლის გამო კი არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, არამედ მანამდე მომხდარი დანაშაულებების და ოკუპაციისთვის.

„ეს დოკუმენტი სერიოზული დარტყმაა რუსული პროპაგანდისთვის, რომელიც ცდილობს, რომ ყველაფერი 2008 წლის ომამდე დაიყვანოს და ჩვენს ქვეყანას ასეთი ძალიან ბევრი გამარჯვება სჭირდება", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე