ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აქციებს აანონსებს და აცხადებს, რომ „მთავარი მიზანი მთავრობის შეცვლაა". ეს განცხადება უკვე გახდა მწვავე კრიტიკის საგანი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ესაა „პროვოკაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს". ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ასევე აცხადებს, რომ თავად მერაბიშვილის გააქტიურებაც და მისი იდეაც აქციების მუხტს დააგდებს.
„მერაბიშვილიც რომ არ იყოს, ასეთი ლოზუნგით ჩატარებული აქცია - რომ ხელისუფლება შევცვალოთო - წარმატებული არ იქნება. შემთხვევით არაა, რომ საკმაოდ ჭკვიანმა ახალგაზრდებმა პოლიტიკოსები არ გაიკარეს და აქცია მხოლოდ იმ შედეგის მიღებაზე იყო ორიენტირებული, რაც განაცხადეს - კანონის გაწვევა.
„თვითონ ახალგაზრდებმა სხვა რამეზე ორიენტაცია აკრძალეს, რითაც საპროტესტო აქციების ევროპული სტილი გამოავლინეს. ევროპაში ორიენტაცია კონრეტულ იმ საკითხზე აქვთ, რაც უკმაყოფილებას იწვევს და მთავრობის გადაგდება არ ისმის ხოლმე. ჩვენთან კი ყველა საკითხთნ დაკავშირებით მაგას იძახიან. ახალგაზრდებმა აქცია ევროპულ სტილში ჩაატარეს.
„აქციები ძირითადად ახალგაზრდების ზურგზე გადადის ხოლმე და მათი მხარდაჭერის გარეშე პროტესტის შედეგიანობა ძნელი წარმოსადგენია. ალბათ ახლა მერაბიშვილსაც ახალგაზრდების იმედი აქვს, მაგრამ ახლა ამ აქციებზე ეს სტილი არ დადასტურდა, რომ ხელისუფლების გადაგდებას ჩქარობენ. მათ ვაშაძის რეპლიკაზეც საკმაოდ მკაცრი რეაქცია მისცეს.
„მთელი ამ მიზეზების გამო მეეჭვება, რომ მერაბიშვილის ინიციატივამ ახალგაზრდებში გამოძახილი ჰპოვოს. ძველ თაობაში კი როგორცაა მხარდაჭერილი, ვიცით.
„ეს იდეა პროტესტის მუხტს დააგდებს და ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ მისი ავტორი მერაბიშვილია, რომლის უკან არცთუ ისე მიმზიდველი ისტორია დგას, ეს მით უმეტეს იმოქმდებს და მუხტს მეტად დააგდებს. მერაბიშვილი არის ადამიანი, რომელზედაც უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
მისი თქმით, მერაბიშვილის განცხადება „ოცნების" წისქვილზეც ასხამს წყალს და თავად ქვეყნისთვისაც კარგია, რადგან მიაჩნია, რომ თუ მუხტი დავარდა, გადატრიალება თავიდან იქნება არიდებული.
„ეს „ქართული ოცნებისთვის" ხელსაყრელია, მაგრამ ეს მხოლოდ მის კი არა, საქართველოს წისქვილზეც ასხამს წყალს. უკრაინული მედია საკმაოდ ცნობილი კომენტატორებით დღემდე გულდაწყვეტილი აღნიშნავენ, რომ გადატრიალება არ მოხდა, თუმცა რომ მომხდარიყო და ხელისუფლებაში „ნაციონალები" მოსულიყვნენ, ისინი მეორე ფრონტს გახსნიდნენო. მერაბიშვილი კი ერთ-ერთი მთავარი „ნაციონალია" და იძახის, რომ სააკაშვილს გავათავისუფლებო და თუ შეძლო, უკვე ამ ორთან გვექნება საქმე. უკრაინას მათი იმედი აქვს, რომ მეორე ფრონტი გაიხსნება.
„საკაშვილის მომხრეებიც ტრაბახობენ, რომ 2012 წელს ხელისუფლება ერთი პოლიტიკური ძალიდან მეორეს მშვიდობიანად გადაეცაო. გადატრიალებების ცილკი შეწყდა და თუ ახლა ისევ დავუბრუნდით, ეს 90-იანებში დაბრუნება და დემოკრატიის გზაზე უკუსვლაა, რაც ალბათ ევროპელებისთვისაც მიუღებლი იქნება.
„და მესამე - გადატრიალება თუ მოხდა და აქ აურზაური დაიწყო, ქვეყანაში არასატბილური მდგომარეობა შეიქმნება და ის ტრანზიტის ხაზები, რაც ჩინეთიდან ევროპისკენ მოდის, საქართველოსა და აზერბაიჯანზე აღარ გაივლის. აქ ტრანზიტის გატარება სახიფათო იქნება. თუ საქართველოზე აღარ გაივლის, მერე ევროპის ქვეყნების მცდელობა იქნება, რომ სატრანზიტო ხაზები რუსებს დაუბრუნონ, სანქციებს შეარბილბენ და წმინდა ეკონომიკურად და პოლიტიკურად რუსეთი მოგებული დარჩება, საქართველო კი წაგებული. ეს სამი შედეგი შეიძლება მოჰყვეს მერაბიშვილის განზრახვის შესრულებას", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".
მერაბიშვილმა ამ იდეის შესახებ „უკრინფორმის" მედიაცენტრში გამართულ დისკუსიაზე 10 მარტს ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი მიზანია საქართველოში მთავრობის შეცვლაა.
„ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება დაგვიჭერს მხარს, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა საქართველოში, რომ უკრაინა არ იყოს მარტო, იმიტომ, რომ ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ", - განაცხადა მერაბიშვილმა.
„ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ყოფილი შს მინისტრის განცხადება „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს და ასევე წინააღმდეგობაშია ახალგაზრდების მიერ ბოლო დღეებში მიღწეულ გამარჯვებასთან.
„პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს, რომ ისევ „ნაც"-„ქოცურ" რეალობაში ამყოფონ ქვეყანა. ეს ამბავი დასამთავრებელია, თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს! ეს განცხადება ასევე წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის და კერძოდ ახალგაზრდების მიერ ბოლო დღეებში მიღწეულ გამარჯვებასთან", - წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე".
იგივე პოზიცია აქვს „გირჩის" ლიდერ სანდრო რაქვიაშვილს.
„არ გამოვრიცხავ, მართლა საინტერესო გაზაფხული გვქონდეს კიდევ წინ დარჩენილ თვეებში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი აქციებს აანონსებს, ასეთი ტიპის განცხადებები უინტერესოს გახდის პოლიტიკურ ცხოვრებას და ჩაახშობს საპროტესტო მუხტს.
„რასაც „ნაციონალური მოძრაობა" ახლა აკეთებს, ჩვენთვის არის მიუღებელი იმ გაგებით, რომ ისინი ეხმარებიან „ქართულ ოცნებას", რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ფაქტობრივად, ყველაფერს აკეთებენ, რომ რაიმე საპროტესტო მუხტი თუ შეიძლება დაგროვდეს და გარდაიქმნას პოლიტიკურ შედეგში, ეს მუხტი ჩაახშონ.
„ყველა ასეთი განცხადება და ასეთი გეგმები, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია სხვადასხვა პოლიტიკოსისგან, საპროტესტო მუხტს კლავს. კიდევ უფრო მეტად ზრდის ნიჰილიზმს ადამიანებში, რომლებიც ხედავენ მორიგ მიტინგებს, რომელიც არაფერ შედეგს არ აძლევს. ამ სიტუაციაში, როცა პირიქით, იშვიათი მიტინგი იყო, რომელმაც შედეგი მოიტანა, ამის სანაცვლოდ ახლა ვანო მერაბიშვილის ხელით არ ვიცი ვინ, „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს ამას თუ „ქართული ოცნება" უწყობს ამას ხელს, თუ ერთად აკეთებენ, უბრალოდ მოკლავენ წარმოდგენას, რომ შეიძლება რაღაც შეიცვალოს და კიდევ უფრო დააბრუნებენ ნიჰილიზმს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ არსებობდა საზოგადოებაში",- განაცხადა რაქვიაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე