ბაჩანა ტყემალაძე
(12.03.2023)

საქართველოში 7-8 მარტს განვითარებული მოვლენების, საპროტესტო აქციების და მმართველი პარტიის მხრიდან კანონმდებლობის უკან გაწვევის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დეპუტატს „ქართული ოცნების" დატოვება სურს. ანალიტიკოსები ამ სცენარს რეალურად მიიჩნევენ და არ გამორიცხავენ, რომ ამის შედეგად საპარლამენტო უმრავლესობის არსებობაც კითხვის ქვეშ დადგეს.

საქართველოს პარლამენტში სულ 150 ადგილია და შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის ფორირებისათვის საჭირო დეპუტატთა მინიმალური რაოდენობა 76-ია (სრული შემადგენლობის ნახევარს პლუს ერთი დეპუტატი).

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 83 დეპუტატი შედის, საიდანაც 74 მმართველი პარტია „ქართული ოცნების", ხოლო 9 კი - მისგან გამოყოფილი „ხალხის ძალის" წარმომადგენელია.

აქედან გამომდინარე, თუკი „ქართულ ოცნებასა" და, შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობას 8 ან მეტი დეპუტატი დატოვებს, ეს შესაძლოა საპარლამენტო კრიზისის დასაწყისი გახდეს, რადგანაც უმრავლესობის არსებობა კითხვის ქვეშ დადგება. ხოლო თუ ეს ასე მოხდა და შედეგად პარლამენტი ქმედითუუნარო გახდა, შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში.

საგულისხმოა ისიც, რომ 7 მარტს საქართველოს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ სკანდალურ კანონპროექტს მხარი ზუსტად 76-მა დეპუტატმა დაუჭირა (წინააღმდეგი 13 დეპუტატი იყო). აქედან ერთი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი ფრიდონ ინჯია იყო „ევროპელი სოციალისტებისაგან".

შესაბამისად გამოდის, რომ მმართველმა გუნდა მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი კანონის გასატანად გამოცხადებული მობილიზაციის პირობებში უმრავლესობის მხოლოდ 75 წვერის მობილიზება შეძლო. თავისთავად ეს ფაქტიც იმის მანიშნებელია, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას უმრავლესობის შენარჩუნების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შესაძლოა უკვე აქვს.

მედიაში კი უკვე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რამდენიმე დეპუტატს მმართველი პარტიის დატოვება სურს. „ტვ პირველის" ცნობით, საუბარია 6 დეპუტატზე. ამასთან, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აღნიშნულზე ინფორმირებულია და მან დეპუტატებს უთხრა, რომ თუ ისინი დატოვებენ „ქართულ ოცნებას", მაშინ საპარლამენტო უმრავლესობაც უნდა დატოვონ, რათა მათი ადგილები უმრავლესობის წევრებმა შეავსონ.

მედიასაშუალებამ ასევე გაავრცელა 6 დეპუტატიდან სამის ვინაობა: გიორგი ხელაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ელგუჯა გოცირიძე.

„ტვ პირველის" გარდა საპარლამენტო უმრავლესობაში მოახლოებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხიც" ავრცელებს. მათი თქმით, გენერალ-მაიორი, ამჟამად „ქართული ოცნების" დეპუტატი, ვლადიმერ ჩაჩიბაია მმართველი პარტიის დატოვებას გეგმავს.

მათი ინფორმაციით, „ქართული ოცნება" თანახმაა, მაგრამ ისინი ჩაჩიბაიასგან ასევე ითხოვენ, რომ დეპუტატის მანდატიც დატოვოს და საპარლამენტო საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით არ გააგრძელოს, რადგან ასეთ შემთხვევაში მმართველი პარტია პარლამენტში ერთ ადგილს დაკარგავს.

შეგახსენებთ, რომ ჩაჩიბაიამ 7 მარტს გამართულ პირველ მოსმენაზე, „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" მხარი არ დაუჭირა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" იმ საფრთხეებთან დაკავშირებით საუბრობს, რომელიც შეიძლება, რომ მმართველ პარტიას დაემუქროს. კერძოდ, ექსპერტის თქმით, თუ „ქართული ოცნება" საპარლამენტო უმრავლესობას დაკარგავს, მთავრობისადმი ნდობის საკითხი დადგება და შესაძლოა საქმე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდეც მივიდეს.

„ჩემი აზრით, ასეთი სცენარი გამორიცხული არ არის და მართლაც შეიძლება, რომ რამდენიმე დეპუტატმა „ქართული ოცნება" დატოვოს, მაგრამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ.

„თუ დეპუტატები პარლამენტის მანდატებსაც დატოვებენ, მაშინ „ოცნება" შეძლებს შეავსოს თავისი საპარლამენტო უმრავლესობა სხვა დეპუტატებით. მაგრამ თუ რომელიმე მათგანმა არ მოისურვა დეპუტატის მანდატის დატოვება, აუცილებლად დადგება მმართველი პარტიის მიმართ ნდობის საკითხი, რადგან მათ აღარ ექნებათ საპარლამენტო უმრავლესობა და უფლებამოსილება მთავრობის ფორმირებაში.

„თუ ეს მოხდა, პროცესები იმ მიმართულებით წავა, რომელიც ოპოზიციას ყველაზე მეტად აწყობს - „ქართულ ოცნებას" აღარ ექნება პარლამენტში 76 მანდატი და კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნოს", - აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".

მან ასევე ისაუბრა იმ დეპუტატებზე, რომლებმაც შესაძლოა უმრავლესობა დატოვონ და აღნიშნა, რომ ეს კლასიკური „ფლუგერის პრინციპია", როდესაც პოლიტიკოსები პარტიიდან პრობლემის შექმნისთანავე სხვაგან გადასვლას და თავის დაღწევას ცდილობენ.

„დეპუტატების პარტიიდან გასვლა ჩვეულებრივი მომენტია. მსგავსი მოხდა წინა და იმის წინა მოწვევის პარლამენტშიც. ვიტყოდი, რომ ეს ჩვეულებრივი, კლასიკური „ფლუგერის" პოლიტიკური პრინციპია, როდესაც პოლიტიკოსი საკუთარი პარტიიდან მაშინ გადის, ან სხვაგან გადადის, როდესაც მთლიანი პოლიტიკური ორგანო პრობლემის წინაშეა. ასე რომ, ეს თავის დაღწევის ერთ-ერთი გზაა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე