ბაჩანა ტყემალაძე
(08.02.2023)

ნაცმოძრაობის პროტესტის მასშტაბები დღეს იუსტიციის სამინისტროსთან დაგეგმილ აქციას არ გასცდება, აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ენმ-ის ახალი ლიდერის მიერ დაანონსებულ გეგმაზე საუბრისას. ის სკეპტიკურად არის განწყობილი, რომ ხაბეიშვილი და მისი გუნდი რაიმე გარდატეხის მოხდენას შეძლებენ და ჩაკლული საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივებას შეძლებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის მასშტაბით აქციებს იწყებს, რომლებიც მანამდე გაგრძელდება, სანამ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი. ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 6 იანვარს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სოციალური პროტესტი რეალობაში უნდა გადმოიტანონ, რის შემდეგაც ოპოზიციას გაერთიანებისა და ერთად დგომისკენ მოოუწოდა.

„მე და „ნაციონალური მოძრაობა" გთავაზობთ შემდეგ გეგმას: პირველი - ხვალ, 17:00 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან იქნება პროტესტი, დედაქალაქში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მოგიწოდებთ, მობრძანდეთ და დააფიქსიროთ პროტესტი.

9 თებერვლიდან ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონში, ბორჯომში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან 13:00 საათზე პარალელურ რეჟიმში გაიმართება სოლიდარობის აქციები. ცხადია, ადგილზე ვიქნებით პოლიტიკური ლიდერებიც და მოემზადონ ადგილობრივი კორუმპირებულები, იცოდნენ კარგად, რომ მათ მოსვენება არ ექნებათ.

10 თებერვალს ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოში, ხაშურში 13:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქციები და ყველა ადგილობრივს მოგიწოდებთ მობრძანდეთ და დააფიქსიროთ თქვენი სოლიდარობა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ და გამოხატოთ თქვენი ბრაზი, რომ თქვენ არ გინდათ რუსეთში და გინდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.

შაბათს, 11 თებერვალს, 15:00 საათზე გელოდებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში. ბატონო ბიძინა, თქვენც, ირაკლი ღარიბაშვილიც, რატი ბრეგაძეც, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ამაგრებენ რუს ოლიგარქიულ რეჟიმს, მოემზადეთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ენმ-ს აღნიშნულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ვერ გამოიყვანს იმდენ ხალხს, რამდენიც მათი მიზნების მიღწევისთვისაა საჭირო და შესაბამისად, პროტესტი შედეგს ვერ გამოიღებს.

„ნაციონალური მოძრაობის აქციების მოცულობის რესურსი გუშინაც ვნახეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და ვნახეთ ისიც, რომ მერე თავის მართლება მოუწიათ ხალხის სიმცირის გამო. უცებ გადააკეთეს, თითქოს ეს მხოლოდ ანონსირებისთვის სჭირდებოდათ. მათ ფული აქვთ და ამის ხარჯზე შეუძლიათ ხალხის გამოყვანა, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი მიზნების მისაღწევად, რათა ხელისუფლება დაამხონ და ამას უკვე აღარც მალავენ. უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ ხალხს არ ესაუბრებიან დღევანდელ პრობლემებზე და მთავარ მესიჯად ყოფილი თუ ამჟამინდელი ლიდერის გათავისუფლება აქვთ.

მე ვფიქრობ, იმ აქციის სიდიდეს, რომელიც დღეს იუსტიციასთან გაიმართება, სხვა სამომავლო აქციების მასშტაბები არ გაცდება, მეტიც, თუ ნაცები ამ საპროტესტო აქციებში მარტო დარჩებიან, არა მგონია, რომ პროტესტს დიდი მომავალი ექნება, მაქსიმუმ შესაძლებელია ეს ყველაფერი იქამდე გაწელონ, სანამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭების დრო არ მოვა და ეს თემა გამოიყენონ ახალი ტალღის ასაგორებლად.

რაც შეეხა ოპოზიციურ პარტიებს, მათი ლიდერების უმრავლესობა უკვე მიხვდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა მათთვისაა საზიანო, რადგან ისინი ამით ამომრჩეველს კარგავენ და არა მგონია, რომ ამ აქციებში იაქტიურონ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე