ბაჩანა ტყემალაძე
(07.02.2023)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელია დაახლოებით 5-6 თვეში ან პარტიიდან წავა, ან ძალაუფლების დასაბრუნებლად შიდა პარტიულ ბრძოლას დაიწყებს. ამის შესახებ „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძე საუბარობს. მისივე პროგნოზით, თუკი მელია საბოლოოდ წავლას გადაწყვეტს, მას პარტიის მხარდამჭერთა დაახლოებით 30% გაჰყვება.

„ნაცები, იყოფიან. გარკვეული დროის შემდეგ ნიკა მელია და მისი გუნდი პარტიიდან გავლენ. ეს, ჩემი აზრით, შემოდგომიდან მოხდება. ამ ქმედებით ისინი ენმ-ს ამომრჩევლის 30 პროცენტს წაიყოლებენ. თუ გაყოფა არ მოხდა, პარტია მომრჩეველს მაინც დაკარგავს.

„მე დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ვლაპარაკობ. რთულია პროგნოზის გაკეთება, თუ 5-6 თვის შემდეგ რა იქნება. თუ დღევანდელი სტატუს კვო შენარჩუნდა და სააკაშვილის პრობლემა რამდენიმე თვის შემდეგ ისევ პრობლემად დარჩა, შესაძლოა ნიკა მელიამ პარტიიდან წასვლის ნაცვლად პარტიაშივე დაიწყოს ბრძოლა.

„პარტიის სათავეში ხაბეიშვილისა და მისი გუნდის მოსვლა სააკაშვილის გათავისუფლების პირობით მოხდა და თუ ისინი ამას ვერ შეასრულებენ, შესაძლოა პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევნების საკითხიც კი დადგეს", - აცხადებს ძაბირაძე.

მისივე შეფასებით, ენმ-ში მიმდინარე პროცესები შედარებით წვრილ პარტიებზე დიდად არ აისახება. ძაბირაძე ოპოზიციას ურჩევს, ისეთი ამომრჩევლის გადაბირებაზე იმუშაოს, რომელსაც არც „ქართული ოცნება" მოსწონს და არც „ ნაციონალური მოძრაობა".

„ქართველი ამომრჩევლის რაღაც ნაწილს უკვე აღარც „ქართული ოცნება" უნდა და აღარც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". სწორედ ამიტომ, ოპოზიციური წვრილი პარტიები უნდა ეცადონ, რომ ასეთი ამომრჩეველი გადაიბირონ. პატარა პარტიებს განსაკუთრებით არ აწყობთ „ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმეთი დაკავშირება, რადგან ამით ვერაფერს იმატებენ, პირიქით, ამომრჩეველს კარგავენ კიდეც", - განაცხადა ანალიტიკოსმა „რეზონანსთან" საუბარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე