ნაზი ბერიძე
(07.02.2023)

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის პატიმრობის გაუქმება და გადავადება მოსთხოვოს. ამის შესახებ „რეზონანსს" იუისტმა ლია მუხაშავრიამ განუცხადა, რომლის ვარაუდითაც სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს სააკაშვილის სარჩელს, თუ მიმართვა სწორად და პროცედურების დაცვით იქნება შეტანილი და განაჩენსაც ასევე სწრაფად გამოიტანს.

განცხადება სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოშ განაჩენის გამოცხადების შემდეგ გააკეთა. მისი ცნობით, ადვოკატები მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და პარალელურად სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

„როცა ადვოკატებს გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, ამას, ბუნებრივია, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ მხოლოდ იმ მიზნით, რომ გარკვეული ეტაპები გავლილი გვქონდეს და საქმე საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს.

„სტრასბურგის სასამართლოს დაუყოვნებლივ მივმართავთ იმიტომ, რომ დრო აღარ ითმენს. თუ სააპელაციო სასამართლო იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს და ველოდები, რომ იგივე გადაწყვეტილებას გამოიტანს, ამ შემთხვევაში ევროკონვენციის სულ სხვა მუხლებზე იქნება საუბარი და სულ სხვა მოთხოვნა იქნება. ამჟამად დროებითი ღონისძიება გამოიყენება. რადგან სასამართლო არაეფექტურია, მისი სიცოცხლე უმძიმეს მდგომარეობაშია და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გაყვანა უნდა მოხდეს, საჩივრის შესვლიდან 24-საათში სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს.

„დედამიწის ზურგზე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულიყოს. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ასანიძის საქმე ასლან აბაშიძემ არ აღასრულა და როგორც დაამთავრა ასლან აბაშიძემ, კარგად გახსოვთ", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ, სტრასბურგის სასამართლოში, როგორც წესი, ასეთი საკითხები დაუყონებლივ წყდება.

„რა თქმა უნდა, დაჩქარებული წესით მოხდება საქმის განხილვა. ასეთი საკითხები დაუყონებლივ წყდება. თუ სწორი პროცედურით იქნება მიმართვა გაკეთებული, რა თქმა უნდა, ძალიან ჩქარა უნდა გადაწყდეს საკითხი. იმიტომ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადა მუხაშავრიამ „რეზონანსთან".

მუხაშავრიას ვარაუდით, სტრასბურგის სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და დაავალებს საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს სასჯელის აღსრულება შეუჩერდეს ან შეუწყდეს და გათავისუფლდეს პატიმრობიდან მკურნალობის მიზნით.

„ის დაავალებს საქართველოს მთავრობას, რომ პატიმრობა შეუჩერდეს ან შეუწყდეს და გათავისუფლდეს, პატიმრობიდან მკურნალობის მიზნით.

„სასამართლოს უნდა ეთხოვოს ის, რაც ეთხოვა ქართულ სასამართლოს - პატიმრობა ან გადავადდეს, ან შეწყდეს მკურნალობის მიზნით და გათავისუფლდეს პატიმარი, რომ სათანადო მკურნალობა ჩაიტაროს სადაც ის ჩათვლის საჭიროდ.

„დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ვადები ევროსასამართლოს არ გააჩნია, მაგრამ ერთი რამ ვიცი - რომ გადაუდებლად, დაუყონებლივ ხდება ამ ტიპის საკითხების განხილვა და გადაწყვეტა", - განაცხადა მუხაშავრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე