ელზა პაპოშვილი
(06.02.2023)

ენმ 7 თებერვლიდან საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს იწყებს. ამის შესახებ ორშაბათს გვიან ღამით პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა მას შემდეგ, რაც სასამართლომ უარი თქვა დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა სააკაშვილისათვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების შესახებ.

6 თებერვალს, ორთვიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამას სერიოზული ვნებათაღელვა და ხმაური გამოიწვია. ენმ-ის მხარდამჭერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისსავე განცხადებას ახსენებენ და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ დაჩქარებული წესით მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს. პარტიის ლიდერები კი გვაინ ღამემდე ადგენდნენ სამოქმედო გეგმის ენმ-ის ოფისში, სადაც სხვებთან ერთად ნიკა მელიაც იმყოფებოდა.

მოლოდინი, რომ განაჩენის გამოცხადება რამდენიმე დღით გადაიდებოდა, არ გამართლდა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ, მოსამართლემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა და ფიქრისთვის დამატებით დრო არ გამოუყენებია. მოსამართლე ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის იმ დონის მძიმე, რომ მას სასჯელი მოეხსნას ან გადაუვადდეს. 

„ჩვენ 15 სხდომა ჩავატარეთ და დავკითხეთ 24 მოწმე. მოგახსენებთ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს - საკითხი, რომელსაც ვიხილავთ უკვე ყველასთვის და განსაკუთრებით სასამართლოსთვის, ამ შემთხვევაში კარგად ცნობილია. მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს", - თქვა გიორგი არევაძემ. 

ამას  დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა, თუმცა მოსამართლემ დარბაზი ისე დატოვა, რომ დამატებით კომენტარი აღარ გაუკეთებია. ხმაური გაგრძლედა სასამართლოს ეზოშიც, სადაც ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.

დასკვნითი სიტყვები 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ ადვოკატების შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნა არ იძლევა სარწმუნო ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმესთან დაკავშირებით. 

„მხოლოდ ექსპერტთა დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე წარმოდგენილი მოსაზრება ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობის ფაქტის დასადგენად. ცენტრ ,,ემპათიას“ სპეციალისტთა დაუსაბუთებელი არგუმენტაცია, რომ თანამედროვე გაიდლაინები არ ითვალისწინებს ექსპერტების მიერ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე ავადმყოფობის სიმძიმის განსაზღვრას და ყოველგვარი კლინიკურ- ლაბორატორიული კვლევების გარეშე შესაძლებელია ავადმყოფობის სიმძიმის განსაზღვრა, რაც არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ გაზიარებული" - თქვა აბრამიშვილმა. 

„დღეს ამ დარბაზში წყდება არამხოლოდ ბატონი სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, იმავდროულად აქ წყდება საქართველოს მომავალი“, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს და მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება, ან ან ალტერნატივის სახით განაჩენის აღსრულების გადადება მოითხოვა. 

„პატივცემულო მოსამართლე, მე განვიხილე საქმეში არსებული მტკიცებულებები, თქვენ უსმენდით საქმეს. აქედან გამომდინარე, თვალს ადევნებდით საინტერესო პასუხებს, სასამართლო ინსტინქტების დონეზე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. მწამს, რომ თქვენ გამოიტანთ კანონიერ და სამართლებრივ გადაწყვეტილებას. საზოგადოებას სჭირდება მართლმსაჯულება. მჯერა, რომ თქვენ  შემოიფარგლებით მხოლოდ იმით, რაც გაარკვია სასამართლომ. დღეს ამ დარბაზში წყდება არამხოლოდ ბატონი სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, იმავდდროულად აქ წყდება საქართველოს მომავალი...

„ბატონო მოსამართლე, თქვენ შეგიძლიათ დღეს თქვენი გადაწყვეტილებით ითამაშოთ ისტორიული როლი და საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შერიგებას. ეს შანსი თქვენ ხელიდან არ უნდა გაუშვათ. მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა დღეს თქვენს ხელთაა. მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალყურს რა გადაწყვეტილებას მიიღებთ - ვართ კი ჰუმანიზმის მატარებელი ერი თუ ისევ იქ ვართ, სადაც პირველი პრეზიდენტი, ბატონი გამსახურდია მოვკალით“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.  

პირველი რეაქცია განაჩენზე

სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით თავად მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და თავის მომხრეებს „გაბრაზებისა და ბრძოლისკენ“ მოუწოდა.

„მე ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა! ყველა ძალის გაერთიანების დროა! ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე შეფასებით, სასამართლომ მას ფაქტობრივად სასკივდილო განაჩენი გამოუტანა.

„ქართული სასამართლო სხდომა ტოტალური ხუმრობა აღმოჩნდა. მეორეს მხრივ, ჩვენი მტკიცებულება ეფუძნებოდა დეტალურ გამოკვლევას წამყვანი ექიმების გუნდის მიერ აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და საქართველოდან. თითქმის ყველა მათგანმა მნახა, ზოგმა რამდენჯერმე. მთავრობის ექსპერტებს არ შეუწუხებიათ თავი, რომ ერთხელ მაინც ვენახე, მაგრამ სასამართლომ დაუჯერა მათ და არა საერთაშორისო გუნდს, რომელშიც ნობელის პრემიის ლაურეატი იყო და რომელმაც თქვა: თუ ციხეში დავრჩები, მოვკვდები.

„ასე რომ, ახლა, მე ფაქტობრივად მივიღე სასიკვდილო განაჩენი და დავრჩები ციხეში ყველა სასიკვდილო დაავადებით და სასამართლოს განაჩენით, რომელსაც მსოფლიოში არავინ აღიარებს, რუსეთის გარდა. შემთხვევითი არ არის, რომ ლავროვმა ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე შეაქო საქართველოს მთავრობა და მეც დამესხა თავს. პუტინი დამპირდა, რომ ..ერებით დამკიდებდა და როგორც ჩანს ამას თავისი მარიონეტული რუსი ოლიგარქცის ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით აკეთებს“, - წერს სააკაშვილი.

„შემდეგი იქნება სტრასბურგი“, - თქვა ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ. 

მისი თქმით, არც მას და არც მიხეილ სააკაშვილს სხვა არანაირი მოლოდინი არ ჰქონდა.

„არავითარი სხვა მოლოდინი მე არ მქონია და არც ჩემს შვილს, იმიტომ, რომ ეს მოლოდინი რა პირობებშიც ჩვენ ვცხოვრობთ სხვა გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო“, - ამბობს გიული ალასანია.   

„...მთელი თანამეგობრობა, ჩვენ გვიდგას უკრაინა, რომლის მოქალაქეც დღესდღეისობით არის და სირცხვილი ჭამა საქართველოს ხელისუფლებამ და აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე... რა თქმა უნდა, (გადაწყვეტილება) პოლიტიკურად მიღებული იყო, 3 საათზე მეტია უკვე ვიმყოფებით. მოისმინა საბოლოო სიტყვები და არც გასულა სათათბიროდ. ანუ, აქედან დასკვნა, რომ ეს არის დაცინვა. 

„ეს არის მმართველი პარტიის, ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დაკვეთით და ახლა ხარობენ ქართველები, რომლებიც ზიან იქ, შუშის სასახლეში და მეორე რუსეთში. ჩვენ ამას არასდროს არ შევეგუებით. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და ამ სირცხვილს ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავს მმართველი ხელისუფლება“, - ამბობს ექსპრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე კი აცხადებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს და რომ მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილებას „რამდენიმე დღეში სერიოზული გამოცდა ელოდება“.

„გადაწყვეტილება პოლიტიკურია, ამ გადაწყვეტილებას არაფერი სამართალთან არ ჰქონდა. უფრო მეტიც, ის დასკვნებიც მოსამართლის კარნახით იყო წარმოდგენილი, ვგულისხმობ სამხარაულის დასკვნას. მოსამართლის კარნახით მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, განსაკუთრებით ბოლო პროცესები. მან იუსტიციის მინისტრის დაკითხვაზე უარი გვითხრა. პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც მოწმეთა სიაში იყო, ასევე დარბაზში იყო და კითხვებს სხვას აძლევდა და ბოლოს მის დაკითხვაზე უარი მივიღეთ. 

„ბოლო პროცესებზე აშკარად ნათელი გახდა, რომ მოსამართლე იყო მიკერძოებული და პენიტენციური სამსახურის უფლებებს იცავდა, თუმცა მის ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ სერიოზული გამოცდა სულ რამდენიმე დღეში ელოდება. რადგან სამართალი საქართველოში მკვდარია, ბუნებრივია, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

სამოქმედო გეგმა

პარტიის სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა ენმ-ის ოფისში თითქმის შუაღამემდე გაგრძელდა. მანამდე კი ენმ-ის ლიდერები ჟურნალისტებთან საუბრისას აქტიური მოქმედების დაწყებას აანონსებდნენ, თუმცა აცხადებდნენ, რომ ამგვარ მოქმედებას სწორად დაგეგმვა და კარგად მომზადება სჭირდება, ეს კი გარკვეულ დროს მოითხოვს.

საბოლოოდ, მიღებული გადაწყვეტილება ლევან ხაბეიშვილმა გამოაცხადა.

მისი ცნობით, „ნაცმოძრაობა“ სამშაბათიდან საგანგები რეჟიმზე გადადის. პარტია სრულად წყვეტს საპარლამენტო აქტივობას და მთლიანად ქუჩის აქციებსა და გამოსვლებზე იქნება კონცენტრირებული. 

თბილისში პირველი საპროტესტო აქცია სამშაბათსვე გაიმართება და ხაბეიშვილი პირობას დებს, რომ მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ მშვიდობა.

„ყოველდღიურად გვექნება აქტივობები. ყველას მოგაკითხავთ, ვინც ქვეყანას უკლავთ ევროპულ მომავალს. დაიმახსოვრეთ, დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი, უზრუნველი, გაქსუებული ცხოვრება, ყველგან შეგექმნებათ პრობლემა. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს არანაირ განხილვებში მონაწილეობის მიღებას და არანაირ თამაშებში შეყოლას „ქართულ ოცნებასთან“.

ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას. პარტნიორებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ იძულებული ვართ ასე მოვიქცეთ, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის რისკის ქვეშ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან ასევე გამოაცხადა, რომ პარტიის რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელებს თბილისში იბარებს, რომ სამშაბათს დაგეგმილ აქციას დაესწრონ და ერთად დაგეგმონ პარტიის აქტივობა რეგიონებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე