თამთა ჩაჩანიძე
(26.01.2023)

შესაძლოა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმა მალე პოლიტიკაში ვიხილოთ - დავით სააკაშვილის განცხადებით, ენმ-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი მუმლაძისგან მიიღო შეთავაზება, გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით. მესამე პრეზიდენტის ძმას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და არც მიხეილ სააკაშვილთან ჰქონია კონსულტაცია, თუმცა მხარდაჭერას გიორგი მუმლაძეს უცხადებს.

 ანალიტიკოსი გია აბაშიძე დედ-მამა-შვილურ მმართველობაზე დე იურედ გადასვლას უწოდებს დავით სააკაშვილისთვის ენმ-ს მდივნის პოსტის შეთავაზებას და კანდიდატებს მეტი სითამამისკენ მოუწოდებს.

„სააკაშვილების ოჯახურ-პარტიულმა ბიზნესმა კიდევ უფრო უნდა გაშალოს ფრთები. ამ "ევროპული პარტიის" ნამსხვრევებს ისე უჭირთ, რომ დედმამიშვილურ მმართველობაზე დე იურედ გადასვლის მომხრენი არიან.

„მეტი სითათამე კანდიდატებო! მიშას ოჯახი და სანათესაო დიდია, საკადრო პოლიტიკაში შეგეწევიან",- წერს აბაშიძე „ფეისბუქზე".

თავად დავით სააკაშვილი კი ამბობს, რომ გიორგი მუმლაძეს უჭერს მხარს.

„გიორგი მუმლაძისგან მივიღე შემოთავაზება გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ. დასამალი არ არის, რომ მიშას გათავისუფლებისთვის სხვადასხვა აქტივობაში მჭიდროდ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რადგან მათი თავგანწირული და გულწრფელი ბრძოლა, ჩემი აზრით, რეალურ შედეგზეა ორიენტირებული.

„ახლა ჩემი, ჩემი ოჯახის ფიქრები და განწყობები დაკავშირებულია მიშას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენასთან. შესაბამისად, მთლიანად ვართ კონცენტრირებული ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ ეგზისტენციალურ პრობლემაზე. მინდა, მთელი გულით წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, ჩემი ხმა - გიორგის.

„შემოთავაზებას რაც შეეხება, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, არაა მარტივი და დრო მჭირდება. აუცილებლად ჩავთვალე, ამის შესახებ თქვენთვის მემცნო", - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

ენმ-ს თავმჯდომარეობის არჩევნები „ბლოკჩეინის" პრინციპით ორი დღე გასტანს, კანდიდატები არიან, მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. თავად მიხეილ სააკაშვილს კი რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერი განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარი ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, ვინც არ უნდა მოიგოს თავმჯდომარის არჩევნები, პროცესი „ნაცმოძრაობის" გახლეჩით დასრულდება, „რაც დემოკრატიის სწორი მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს".

„საბოლოო წერტილი მაინც იქნება „ნაცმოძრაობის" გახლეჩა. ვინც არ უნდა მოიგოს ეს არჩევნები - ერთმა მიმართულებამ თუ მეორემ, კეზერაშვილის კლანმა თუ მელიასთან დაკავშირებულმა ფლანგმა, ასეც და ისეც - ეს პროცესი „ნაცმოძრაობის" გახლეჩით დასრულდება, რაც ქართული დემოკრატიის სწორი მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე