ელზა პაპოშვილი
(03.12.2022)

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურვილის მიუხედავად, ენმ-ის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან მაინც გაიმართა. როგორც ხაბეიშვილმა აქციაზე  განაცხადა, ეს იყო სოლიდარობის აქცა, რომელსაც პოლიტიკური დღის წესრიგი არ ჰქონდა. მოთხოვნა კი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იყო. თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, ხაბეიშვილის მთავარი მიზანი, სავარაუდოდ, ენმ-ში მოახლოებული არჩევნების წინ სწორედ სააკაშვილის მხარდამჭერთა გულის მოგება იყო.

ლევან ხაბეიშვილის მიერ გამართულ აქციაზე ნიკა მელია მისვლას არ აპირებდა, თუმცა მან გადაწყვეტილება ბოლო წუთს  შეცვალა. ის აქციაზე მხარდამჭერებთან ერთად მივიდა, თუმცა სიტყვით არ გამოსულა. 

ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები ორბელიანის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით წავიდნენ „ქართული ოცნების“ ოფისის მიმართულებით, ხოლო ნიკა მელია თავის მხარდამჭერებთან ერეთად უშუალოდ „ოცნების“ ოფისთან შეიკრიბნენ.

რა აჩვენა ლევან ხაბეიშვილის მიერ გამართულმა აქციამ და რისი მანიშნებელია ფაქტი, რომ ენმ-ის თავმჯდომარე აქციაზე სიტყვით არ გამოვიდა?  

როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, ეს იყო არა სოლიდარობის, არამედ სუფთა წყლის პოლიტიკური აქცია, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების  გულის მოსაგებად დაგეგმა. თუმცა ფაქტი ისაა, რომ ენმ-ის რეიტინგი მილევადია და პარტიაში არსებულმა დაპირისპირებამ მათ ამომრჩეველზეც იმოქმედა.

ხაბეიშვილისა და მელიას გზავნილები  

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია თავის მხარდამჭერებთან ერთად ცალკე მივიდა აქციაზე, თუმცა მიტინგისას სიტყვით არ გამოსულა და მხოლოდ ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადებით შემოიფარგლა. მისი თქმით, ენმ-ს ჰქონდა რადიკალური აქციების გამართვის საშუალება, მაგრამ ეს არ მოემსახურებოდა სააკაშილის ინტერესებს. ამიტომაც ბოლო 5 თვის განმავლობაში პარტიამ თავისი მოქმედებები თანხვედრაში მოიყვანა მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარესთან.

„იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნის ზურგშექცევის მდგომარეობაში იქნება ჩაყენებული და საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებას ყურს არ უგდებენ, ბუნებრივია, ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ საუბრები და გულის წუხილი ამ ჩიხური მდგომარეობიდან ვერ გამოგვიყვანს. ვისაც გულწრფელად აწუხებს, მან უნდა გადაწყვიტოს რამდენად და რა ხარისხის თავდადებისთვის არის მზად.

„ფაქტია, დავინახეთ, რომ ამ ტიპის აქციებმა შედეგი არ გამოიღო. გვქონდა ჩვენ ალტერნატივა დაგვეწყო არა მშვიდობიანი და არა არაძალადობრივი აქციები, არამედ სხვა ტიპის, რადიკალური აქციები, რაც, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს არ მოემსახურებოდა. ამის შემდეგ ჩვენ თითქმის 5 თვის განმავლობაში ჩვენი ქმედებები მოვიყვანეთ თანხვედრაში მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარესთან და ეს ბუნებრივად მოხდა. 

„ახლა უკვე დაიდო დასკვნა ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელიც საუბრობს, რომ ადამიანი არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იქ, სადაც არის და ახლა თუ ამასაც ზურგს შეაქცევს ბიძინა ივანიშვილი, ყველამ გადაწყვიტოს ინდივიდუალურად რისთვის არის მზად, ეგუება სიკვდილს თუ არ ეგუება“, - განაცხადა მელიამ.   

„ეს არის სოლიდარობის აქცია და მთელმა ქვეყანამ და ქვეყნის გარეთაც უნდა დაინახონ, რომ პრეზიდენტების სასაკლაოდ არ გადავაქცევთ ჩვენს ქვეყანას“, - ამის შესახებ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქცია პოლიტიკური შინაარსის არ არის, თუმცა ერთი მოთხოვნა აქვს - პოლიტიკისგან დაცლილი იყოს სასამართლო პროცესი.

„ეს არ არის პოლიტიკური შინაარსის აქცია, თუმცა ერთი მოთხოვნა გვაქვს - რომ პოლიტიკისგან იყოს დაცლილი სასამართლო პროცესი, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე დღეში გაიმართება და თუ სამართლებრივი იქნება ეს გადაწყვეტილება, პრეზიდენტ სააკაშვილს აუცილებლად გადაიყვანენ სხვა ქვეყანაში. 

„ეს არ არის არც ვიწროპარტიული საქმე და არც პოლიტიკური შინაარსის მატარებელი, ეს არის ქვეყნის ღირსების საკითხი, რომ პრეზიდენტი არ მოკვდეს ციხეში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, მსვლელობისას რატომ არ იდგენენ ერთად ის და პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ მთავარია აქციაზე არის ყველა, ვინც სააკაშვილს გულშემატკივრობს. 

რა აჩვენა აქციამ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ აქციამ ის მაქსიმუმი აჩვენა, რისი რესურსიც  გახლეჩილ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია. 

„აქციის ჩატარების უფლება კანონით ყველას აქვს, მაგრამ ეს აქცია რისთვის ტარდება და რეალური მიზანი რა არის, ესაა მთავარი. ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიამაც კარგად იციან, რომ მსგავსი აქციები არაფრის მომცემია. მითუმეტეს რა რაოდენობის ხალხი მივიდა კარგად დავინახეთ. ეს არის უბრალოდ ორ კანდიდატს შორის შეჯიბრი, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მიზეზია. 

„ფაქტია, „ნაციონალების“ მხარდაჭერა მილევადია. ბუნებრივია, როდესაც ნებისმიერ სტრუქტურაში განხეთქილება არსებობს, მხარდამჭერები ეკარგებათ და სხვა ალტერნატივას ეძებენ. ზუსტად ასე ხდება ენმ-ის შემთხვევაშიც, რაც გამართულმა აქციამ ნათლად დაგვანახა. 

„პარტიაში რღვევის პროცესი გაგრძელდება. ნაწილი მელიას გაყვება და ნაწილი ხაბეიშვილის მხარეს დარჩება. თუმცა, პოლიტიკურად პარტია უფრო  დასუსტდება. 

„რაც შეეხება მელიას და მის ქცევას, ამ ადამიანის პრინციპულობაზე წარმოდგენა უკვე დიდი ხანია გვაქვს. მელია და ხაბეიშვილი ერთმანეთის კონკურენტები არიან და ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვინ უფრო ერთგულია სააკაშვილის, ხოლო საპროტესტო აქციების ორგანიზებაში ვინ უფრო  რადიკალური იქნება. 

„თუმცა მელია, რომელიც თავისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით არის ცნობილი, აქაც უპრინციპულობას ავლენს, ამბობს ერთს და მეორეს აკეთებს. სწორედ ეს ვიხილეთ, როდესაც ჯერ ერთს ამბობდა, რომ აქციაზე არ მივიდოდა და მერე გადაიფიქრა და მაინც მივიდა“, - ამბობს გია აბაშიძე „რეზონანსთან“.    

სოლიდარობის თუ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური აქცია 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ეს არ იყო სოლიდარობის აქცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა. ეს იყო წინასაარჩევნო პოლიტიკური აქცია, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა გამართა. 

როგორც ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, ახლა „ნაციოანლურ მოძრაობაში“ გააფთრებული ბრძოლა მიდის არა სააკაშვილისთვის, არამედ მისი მომხრეების გადმოსაბირებლად.

„ორივე მხარემ აქციაზე დააანონსა, რომ აი, ჯერ ვნახოთ სასამართლოზე რა მოხდება და მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებსო... სასამართლოსთან შეიკრიბებიან და ა.შ. ეს არ აღიქმება ისე, რომ ისინი სასამართლოზე ზეწოლას აპირებენ. მელიამ დააანონსა, რომ ისე ვეღარ იქნება ვერაფერი, როგორც აქამდე იყო და უფრო  რადიკალურ ნაბიჯებს მიმართავენ. ამიტომ იმაზე სუაბრი, რომ ეს სოლიდარობის აქციაა, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი ამომრჩევლის გასულელების მცდელობაა. 

„რაც შეეხება მელიას აქციაზე მისვლას და სიტყვით არ გამოსვლას, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგანაც სხვის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით ვერ გამოვიდოდა. ამ მხრივ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო  მისი ოპონენტის მიერ დაანონსებული აქცია, სადაც, მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ უნდა მისულიყო. თუმცა, რადგან ხმებზე ბრძოლა მიდის და ორივე მათგანი სააკაშვილის ამომრჩეველზე ნადირობს, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ალბათ ვიღაცამ ურჩია, რომ ესე სჯობდა.

„რაც შეეხება ხაბეიშვილთან მუმლაძის გამოჩენას, ეს ალბათ გასაკვირი არავისთვის იყო, რადგანაც მუმლაძესა და მელიას შორის ვიცით, რომ კონფლიქტი მოხდა. ამიტომ მუმლაძე მაინც კეზერაშვილის მხარედ ითვლეობდა. ამიტომაც მგონია, რომ ის კანდიდატურას ხაბეიშვილის სასარგებლოდ მოხსნის. ეს ყველაფერი მხოლოდ თამაშის ნაწილია და არავის სააკაშვილის  ბედი რეალურად არ ანაღვლებს. რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები, ამას უკვე დრო გვიჩვენებს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე