ელზა პაპოშვილი
(30.11.2022)

უკრაინაში ომის უკვე 280-ე დღეა - რუსულმა ჯარებმა ავიაიერიშები მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქზე. მძიმედ დაშავდა 73 წლის ქალი. აფეთქებების შედეგად განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და გაზსადენის სისტემა.

ქალაქ ნიკოპოლში  საჰაერო განგაშია გამოცხადებული, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. უწყვეტად იბომბება სუმის ოლქი. გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 30-ზე მეტი ჭურვი ისროლეს რეგიონის სასაზღვრო დასახლებების მიმართულებით. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს ხერსონის ოლქში. ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებათ. მოკლულებს შორის არის მოზარდი გოგონაც.   

დონეცკის საავადმყოფოებში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 720-ზე მეტი დაჭრილი ოკუპანტი გადაიყვანეს, სამედიცინო დაწესებულებები სავსეა „რაშისტებით“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ ძლიერად დაარტყეს მტერს. გასული დღის განმავლობაში მათ ოკუპანტების პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე 15 დარტყმა განახორციელეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დროებით ოკუპირებულ გორლივკაში მდებარე ერთ-ერთი სამოქალაქო საავადმყოფო გადაკეთდა სამხედრო ჰოსპიტალად, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის შესვლა მთლიანად შეზღუდულია და პაციენტების ნახვის უფლება მხოლოდ სამედიცინო პერსონალს აქვს.

„გასული კვირის განმავლობაში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ დონეცკში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს რუსეთის საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფების 720-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე. მიმდინარე დღის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ 15 დარტყმა მიაყენა ტერიტორიებს, სადაც კონცენტრირებულია პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკა. ასევე მტერმა მიიღო 2 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე და ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს „ორლან-10“ ტიპის 3 უპილოტო საფრენი აპარატი“, - აცხადებენ გენშტაბში. 

„იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს აგრესიაზე, საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი. უკრაინა ამისთვის ყველაფერს აკეთებს" – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც. მისი თქმით, წელს რუსეთი ასი ათას ჯარისკაცს დაკარგავს.

„იმისათვის, რომ რუსეთს აგრესიისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს, საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ასეთი ტრიბუნალი შეიქმნას. უკვე ვთანამშრომლობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და ეს პროცესი გაფართოვდება.

რთული ვითარებაა ფრონტის ხაზზე. რუსეთის უკიდურესად დიდი დანაკარგების მიუხედავად, ოკუპანტები კვლავ ცდილობენ წინსვლას დონეცკის, ლუჰანსკისა და ხარკოვის ოლქებში, მათ გარკვეული გეგმა აქვთ სამხრეთში. ვინარჩუნებთ თავდაცვას და რაც მთავარია, მტერს არ ვაძლევთ ნებას, შეასრულოს თავისი განზრახვა. 

მათ თქვეს, რომ დონეცკის ოლქს გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე დაიკავებდნენ... ზამთარი უკვე ამ კვირაში იწყება. ისინი ყოველდღე ასობით მობილიზებულ და დაქირავებულ ჯარისკაცს კარგავენ. წელს რუსეთი ასი ათას ჯარისკაცს დაკარგავს“,-აცხადებს ზელენსკი.   

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ომის მეორე ზამთრის სეზონი ძალიან რთული იქნება.

„რუსეთი კვლავ დაბომბავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას; მათი მიზანია უკრაინის გაყინვა და უკრაინელი ხალხის მორიგი გენოციდის ჩადენა", - აღნიშნა შმიგალმა.

მისი თქმით, ამჟამად ელექტოენერგია ქვეყნის ყველა რეგიონს მიეწოდება, ხერსონის გარდა.

„ამჟამად ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება მოხმარების საჭიროებების 70%-ს ფარავს", - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

მისი თქმით, სიტუაცია საჭიროებს ძლიერ საჰაერო თავდაცვას და დაზიანებული ელექტროტექნიკის სწრაფ შეკეთებას.

„საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო, პირველ რიგში, თანამედროვე დასავლური სისტემების მიწოდების წყალობით“, - განაცხადა მან.

შმიგალის განმარტებით, პრიორიტეტი იყო დამატებითი ელექტროტექნიკის მოპოვებაც.

„მხოლოდ ლიეტუვამ 114 ტრანსფორმატორი მოგვცა. სხვა ქვეყნები გამოყოფენ თანხებს და აღჭურვილობას, რათა უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარონ. მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს არა მხოლოდ ევროპა, არამედ აშშ, კანადა და იაპონიაც," - აღნიშნა შმიგალმა.   

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე მიიჩნევს, რომ ზამთარი ნეგატიურად უფრო რუსებზე იმოქმედებს, რადგან მათ ზამთრის გასატარებელი პირობები, საჭირო ზღუდეები არა აქვთ მოწყობილი. ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინასაც მსგავს კლიმატში  ბრძოლა და გამძლეობა არ უჭირს, ამიტომ რუსები ამ შემთხვევაში უპირატესობაში ვერ იქნებიან. მისივე თქმით, უკრაინას უფრო მეტი შანსი აქვს, რომ საბრძოლო მასალის და სხვა ხარჯების დასავლეთის დახმარებით მალევე აინაზღაუროს. რუსეთს კი ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს.   

„ამ ომში გადამწყვეტი მომზადებული ქვეითები და ცოცხალი ძალა იქნება. ეს კი რუსეთს არა აქვს და ცივ ზამთარში ვინც ჰყავს, მათი დემორალიზება გარდაუვალია. არტილერია ამ ომში, რა თქმა უნდა, ბევრ საქმეს აკეთებს, მაგრამ აქ ბევრი კონტაქტური ბრძოლები მიდის. ეშმაკი ამ ტაქტიკურ დეტალებშია დამალული. ურბანული ბრძოლა, რასაც ჩვენ ვეძახით, სადაც პირისპირ ბრძოლები მიდის, ამ ომში არ არის. ეს არ არის მეორე მსოფლიო ომი, სადაც ვიღაცას ბლიცკრიკის ან რაღაცის ჩატარება შეუძლია.

„ასეთი რამ ამ ომში ვერ მოხდება. ძირითადი ბრძოლები დასახლებულ ბუნქტებში ან სხვა სახის შეზღუდულ ადგილებშია - უკრაინელებმა პირველივე დღეებში სწორი ტაქტიკა აირჩიეს, როცა თავდაცვა დასახლებულ პუნქტებში მოაწყეს. რუსებმა აქ შესვლა ვერ შეძლეს, რადგანაც ბევრი რესურსია ასეთი ბრძოლებისთვის საჭირო და მსხვერპლიც ბევრი ეყოლებათ და მეორე არის ის, რომ რუსების შეიარაღებული ძალები დასახლებულ პუნქტებში საბრძოლველად მომზადებულები არ არიან.  

„ამას ძალიან სპეციფიური მომზადება სჭირდება. რუსებს ისევ საბჭოური ტაქტიკით ბრძოლას ასწავლიან, როცა ჯარები ეშელონად უტევენ და ასევე თავს ეშოლონად იცავენ. ჯავშანტექნიკაზე დამჯდარი პირადი შემადგენლობა, რომელიც მასთან ერთად იბრძვის. 

„უკრაინელები ჯავშანტექნიკას ძირითადად  საცეცხლე მხარდაჭერისთვის  იყენებენ. თუმცა, უკრაინული ქვედანაყოფები მომზადებეულია მანევრულ-ტაქტიკური ბრძოლისთვის, რომელიც მათ საშუალებას აძლევს სწორედ დასახლებულ პუნქტებში იბრძოლონ. უკრაინელები უფრო წინ წასულ ბრძოლის ტაქტიკურ მეთოდებს ფლობენ. ამიტომ ზამთარში უკრაინელების ბრძოლისუნარიანობა და მოქნილობა უფრო უკეთესი ექნება“,-ამბობს პოლკოვნიკი.      

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე