თამთა ჩაჩანიძე
(28.11.2022)

უკრაინა რუსეთის როგორც სარაკეტო, ისე სახმელეთო იერიშებს იგერიებს. მოსკოვი იმ დანაყოფებს აკომპლექტებს, რომლებმაც დანაკარგები განიცადეს. უკრაინის განშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლას გეგმავს.

სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, სახმელეთო ოპერაციებში ახლა ძალთა ბალანსი ფაქტიურად გათანაბრებულია, საომარი მოქმედებები კი შენელებულია. რაც შეეხება იმ ძალებს, რომელზედაც რუსეთი ბელარუსიდან გადაისვრის, მათი თქმით, უკვე მობილიზებული სახმელეთო ძალების დანაყოფებზეა საუბარი და არა რაიმე ახალ სპეციალურ დანაყოფის.

რაც შეხება მათ რაოდენობას, არც უკრაინის გენშტაბი არ ასახელებს და არც სამხედრო ანალიტიკოსებს აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, თუმცა, როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" ამბობს, აქვს ინფორმაცია, რომ „თითქოს რუსები ბელარუსში 120 ათასიანი დაჯგუფების შექმნას აპირებენ", თუმცა, დასძენს, რომ იმ რუსების კონკრეტული რაოდენობა, რაზედაც უკრაინის გენშტაბი საუბრობს, მისთვის უცნობია.

რუსეთის სარდლობამ ძალისხმევა უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეკავებაზე მიმართა - გრძელდება ოკუპანტების ქვედანაყოფების გადაადგილება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლას გეგმავს.

„გრძელდება მტრის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება იმ დანაყოფების დასაკომპლექტებლად, რომლებმაც დანაკარგები განიცადეს. მოსალოდნელია ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის ცალკეული შენაერთების გადასროლა მას შემდეგ, რაც ისინი საბრძოლო შესაძლებლობებს შეიძენენ", - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ძირითადად სახმელეთო ძალების იმ დანაყოფებზეა საუბარი, რომელიც რუსეთის მობილიზებულია. მისი თქმით, ახალ სპეციალურ დანაყოფს რუსეთი ვეღარ გადაისვრის.

„აქ ძირითადად ალბათ სახმელეთო ძალების იმ დანაყოფებზეა საუბარი, რომელიც მობილიზებულია. აქ რაღაც ახალ სპეციალურ დანაყოფს რუსეთი ვერ გადაისვრის, ვინაიდან თუკი რამე ბრძოლისუნარიანი გააჩნდა, იქ ჰყავდა. ასე რომ, აქ საუბარი მხოლოდ სამობილიზაციო შექმნილ დანაყოფებზეა საუბარი. ძირითადად მაინც სახმელეთო ძალები.

„რაოდენობა ჩემთვის ცნობილი არაა, არ ვიცი რუსებს გეგმებში რა აქვთ. საკითხი ასეთია, რომ მობილიზაცია გარკვეული პერიოდით გრძელდებოდა, შესაბამისად, ეტაპობრივად ხდებოდა მომზადების გავლა და ბრძოლის ველზე გასვლა. ასე რომ, კონკრეტულად ძნელია თქმა ამ შემთხვევაში რა რაოდენობაა.

„მაქვს ინფორმაცია, რომ თითქოს რუსები ბელარუსში 120 ათასიანი დაჯგუფების შექმნას აპირებენ, მაგრამ ეს გამოსული ინფორმაციის დონეზეა. ჯერ ვითომ 20 ათასი იყო, შემდეგ 70 ათასი და ახლა 120 ათასზეა საუბარი. ისიც ვიცი, რომ 80 ათასამდე მობილიზებული ერთი თვეა უკვე ბრძოლის ხაზზეა გასული.

„ალბათ შემდეგი ეტაპი ეს იქნება, როცა გაივლიან მომზადებას, ბრძოლის ხაზზე გავლენ. კონკრეტული რაოდენობა რამდენი იქნება არ ვიცი", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

მისი თქმით, ახლა სახმელეთო ოპერაციებში ძალები ფაქტიურად თანაბარია.

„ახლა ფრონტის ხაზზე ძალთა ბალანსი ფაქტიურად გათანაბრებულია, უკრაინელები სვიატოვოს(ლუგანსკის) მიმართულებით შეტევას ცდილობენ, ოღონდ ჯერჯერობით წარუმატებლად. ხოლო რუსები ბახმუტსა და სოლედარზე (დონეცკის მიმართულებით) აგრძელებენ შეტევას.

„დღეს ასეთი ვითარებაა, ვერც უკრაინელები აღწევენ დიდ წარმატებას და ვერც რუსები. ჩემი აზრით, გაზაფხულამდე ორივე მხარე ალბათ შეეცდება, რომ ძალების და საშუალებების აკუმულაცია გააკეთოს, რომ რაღაც გადამწყვეტი მოქმედებები დაიწყონ.

„გარდატეხა გაზაფხულზე გამოჩნდება, უკრაინელებმა უკვე აჩვენეს, რომ გარდატეხის ნიშნები მათ გააჩნიათ",-განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

უკრაინა რუსეთის საჰაერო თავდასხმებსაც იგერიებს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, მომავლი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს.

„გვესმის, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან.

„ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე - მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები - ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტია.

„მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული. ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან. მთელი სახელმწიფო ემზადება. ჩვენ ვამუშავებთ ყველა სცენარს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ერთად.

„გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს კვირის განმავლობაში. ერთად და ერთმანეთის დახმარებით ჩვენ გადავლახავთ ომის ამ გამოწვევასაც: ამ ზამთარს, რუსეთის მცდელობას გამოიყენოს სიცივე ხალხის წინააღმდეგ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთის თავდასხმებმა უკრაინაში დაახლოებით 32 000 სამოქალაქო სამიზნე და კრიტიკული ინფრასტრუქტურის 700-ზე მეტი ობიექტი დააზიანა მას შემდეგ, რაც რუსეთი, 24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა, - ამის შესახებ უკრაინელმა დიპლომატმა, ევგენი ენინმა განაცხადა.

"როგორც ტერორისტებისგანაა მოსალოდნელი, რუსები მიზანში იღებენ სამოქალაქო სამიზნეებს. დღემდე, რუსული რაკეტებითა და ჭურვებით დაახლოებით 32 000 ასეთი სამიზნეა დაზიანებული. ეს არის ძირითადად კერძო სახლები ან სამოქალაქო საცხოვრებელი კორპუსები", - აღნიშნა ევგენი ენინმა.

მისი თქმით, სამხედრო ობიექტებზე დაფიქსირებული თავდასხმების მხოლოდ 3% მოდის.

"ამ დროისთვის, დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის 700-ზე მეტი ობიექტი - აეროდრომები, ხიდები, ნავთობბაზები, ელექტროენერგიის ქვესადგურები და ა.შ.," - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

მისი თქმით, მოსკოვს აქვს "მანიაკალური სურვილი უკრაინა სიბნელეში ჩაძიროს და არ არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ისინი შეჩერდებიან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე