თამთა ჩაჩანიძე
(25.11.2022)

უკრაინა რუსეთთან ომში სრულფასოვან გამარჯვებად მხოლოდ ყირიმის დეოკუპაციით ჩათვლის - როგორც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, თუ ტერიტორიას სრულიად არ დიბრუნებენ, კონფლიქტი ისევ გაიყინება, განახლება კი უბრალოდ დროის საკითხი იქნება. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ახლა რუსეთმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებით პოზიციები გაითანაბრა, ყირიმის ბედი კი დიდი ალბათობით გაზაფხული-ზაფხულის ბრძოლებში გადაწყდება.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, თუ კონფლიქტის გადაწყვეტა ყირიმის დეოკუპაციას არ მოიცავს, არავინ უნდა დაკარგოს დრო ამაზე - ეს დროის კარგვაა.

ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ყველა მიწა. მიმაჩნია, რომ ბრძოლის ველი არის გზა, როდესაც არ არსებობს დიპლომატია... თუ შენს მიწას სრულად ვერ დაიბრუნებ, ომი უბრალოდ გაყინულია. მისი განახლება დროის საკითხია", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მის თქმით, ყირიმის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დგება.

„მესმის, რომ ყველა დაბნეულია შექმნილი სიტუაციით და იმით, რა ბედი ეწევა ყირიმს. თუ ვინმე მზად არის შემოგვთავაზოს გზა ყირიმის დეოკუპაციისკენ არასამხედრო გზებით, მე მხოლოდ მომხრე ვიქნები", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „თუ გადაწყვეტა არ მოიცავს დეოკუპაციას და ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილია, არავინ უნდა დაკარგოს დრო ამაზე. ეს დროის კარგვაა."

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, დასავლეთი ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში არასდროს აღიარებს, გაზაფხული-ზაფხულის ბრძოლები კი გარკვეულწილად გადაწყვეტს ნახევარკუნძულის ბედს.

„ზელენსკის პოზიცია გასაგებია, რადგან ყირიმის გარეშე დიდი ალბათობით კონფლიქტი ისე გაიყინება, როგორც 2022 წლის თებერვლამდე იყო. ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი და ზაპოროჟიე რუსეთმა თავის შემადგენლობაში შეიყვანა და ანექსირებულია და თუ ეს ტერიტორიები ბოლომდე გაათავისუფლეს, მაშინ „ჩათრევას ჩაყოლას სჯობს" პრინციპით, ბუნებრივია, დღის წესრიგში ყირიმის საკითხი დგება.

„ენერგოობიექტების დაბომბვების შემდეგ დასავლეთს რა რეაქცია აქვს ჯერჯერობით უცნობია, გაჰყვება თუ არა ბოლომდე უკრაინას, როგორც მე ვხვდები, დასავლეთს ახლა სურს, რომ სამხედრო კონფლიქტის მასშტაბები შემცირდეს. თუმცაღა, არიან დასავლური ქვეყნები, რომლებიც აცხადებენ, რომ უკრაინა სადამდეც საჭიროდ ჩათვლის, იქამდე გაჰყვებიან ამ ომში.

„თუმცაღა, ცხადზე-ცხადია, რომ დასავლეთი ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში არასდროს აღიარებს. ომი ჯერ მიმდინარეობს და სავარაუდოდ მოკლე პერიოდში არ დამთავრდება. ახლა ფრონტზე ვითარება 50/50-ზეა. თუ უკრაინას სახმელეთო ოპერაციებში აქვს წინსვლა, საჰაერო დარტყმები და საზღვაო დომინაცია რუსების ხელშია, კრიტიკულ ობიექტებს ბომბავს.

„ახლა მხარეები ემზადებიან და ჩემი აზრით, ყირიმის ბედი გაზაფხულ-ზაფხულის ბრძოლებში გადაწყდება. თუ უკრაინას ისეთი სიტუაცია ჰქონდა, როგორიც ოქტომბერში იყო, მაშინ ყირიმში შესვლის ალბათობა მაღალია, დღეს სიტუაცია გაწონასწორდასავით, პოზიციური ბრძოლები მიდის, რუსებმა უკვე სარეზერვო ძალები გადაისროლეს და პოზიციები გაამყარეს.

„ყირიმის ბედზე ტენდენციას გამოკვეთს ის თუ გახაფხულ-ზაფხულში უკრაინასა და რუსეთში როგორი პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობები იქნება, ამასთანავე, ხალხის გაწყობებიც მნიშვნელოვანია.

„ზამთარში რუსეთ-უკრაინის ომში მთლად სიჩუმეც არ იქნება, პოზიციებს მოსინჯავენ, სუსტ ადგილებს დაუჭერენ. უფრო პოზიციური ბრძოლები იქნება და მხარეები შეეცდებიან ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენონ, რომ სამხედრო პოტენციალი კიდევ უფრო გააძლიერონ", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე