თეონა ვეშაგური
(17.11.2022)

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, დასავლეთი მეტად ეცადოს უკრაინის დაყოლიებას წავიდეს გარკვეულ კომპრომისებზე და დათანხმდეს მოლაპარაკებების გზით საომარი მოქმედებების დასრულებას.

„როგორც წესი, ყველა ომი მოლაპარაკებებით სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულზე გაკეთებული განცხადებები ლოგიკურია. მაგრამ არ მგონია, მიმდინარე პროცესების ფონზე ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. რთული იქნება ორივე მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა.

„ამასთან, არც ის არის გამორიცხული, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამო, დასავლეთმა დააჩქაროს უკრაინა წავიდეს გარკვეულ კომპრომისზე და გადაჭრან მოლაპარაკებების პრობლემა," - განაცხადა მენაღარიშვილმა.

„ბიბისისთან" ინტერვიუში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიული ომი, სადაც რუსეთი შეიჭრა სხვა ქვეყანაში. ჩვენ ყველას გვსურს მშვიდობა და გამოსავალი მოლაპარაკების გზით. მაგრამ ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ თუ რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი შეწყვეტს ბრძოლას და უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მშვიდობა გვექნება. თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. გარკვეულ ეტაპზე ეს ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, თუმცა ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე ძალასთან", - განაცხადა გენმდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრით ორი შეცდომა დაუშვა.

„პირველი, როდესაც სრულიად არასათანადოდ შეაფასა უკრაინა და მეორე, არასაკმარისად შეაფასა ნატო და მისი პარტნიორები", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კითხვაზე, თვლის თუ არა ნატო, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას მიღებული, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ბრძოლის ველზე, კიევისთვის შეიარაღების მიწოდებით და აღნიშნავს, რომ მხოლოდ უკრაინას შეუძლია, გადაწყვიტოს, როდის დადგება შეთანხმების დრო.

კითხვაზე, რა ტიპის დამატებითი არხები ან უსაფრთხოების ზომები არსებობს ნატო-ს ან აშშ -სა და მოსკოვს შორის იმისთვის, რათა შემთხვევითი ესკალაციები გამოირიცხოს, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის, ისევე როგორც ნატო-ს შორის, არსებობს საკომუნიკაციო არხები.

„ჩვენ ნატო-ში ვემზადებოდით მსგავსი სიტუაციებისთვის მრავალი წლის განმავლობაში და უნდა უზრუნველვყოთ, რომ როდესაც ინციდენტები ან შემთხვევები ხდება, როდესაც ჩვენს სამეზობლოში ომი მიმდინარეობს, ეს არ გავიდეს კონტროლის ზონიდან. სწორედ ეს უზრუნველვყავით გუშინ თანაზომიერი რეაგირებით, მშვიდად და ამავდროულად მტკიცედ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციისას მან მიიღო სიგნალები, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს პირდაპირი მოლაპარაკებები სურს.

„მე მივიღე სიგნალები... რომ პუტინს სურს პირდაპირი მოლაპარაკება. მე მივიღე ასეთი სიგნალები. მე შევთავაზე საჯარო ფორმა, რადგან რუსეთი აწარმოებს საჯარო ომს," - განაცხადა პრეზიდენტმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.

მან ასევე დაადასტურა შეხვედრა CIA-ს დირექტორთან უილიამ ბერნსთან კიევში. ზელენსკიმ თქვა, რომ ბერნსი დედაქალაქში იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე