თამთა ჩაჩანიძე
(16.11.2022)

ლევან ხაბეიშვილმა პოზიცია შეცვალა და ენმ-ს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელა. ახლა პოსტისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, გიორგი ჩალაძე და აქტივისტი გიორგი მუმლაძე. როგორც ანალიტიკოსი და შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, ყველაზე მეტი შანსი ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილს აქვთ, თუმცა გადამწყვეტი მაინც მიხეილ სააკაშვილის განცხადება იქნება თუ მხარს ვის დაუჭერს.

„ყველაზე მეტი შანსი ალბათ ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილს აქვთ, მელიას თავისი მომხრეები ჰყავს და მიხეილ სააკაშვილიც ირიბად მხარს უჭერს. სააკაშვილს ამაზე პირდაპირი განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ეს ირიბი მხარდაჭერა მის შანსებს ზრდის. გიორგი მუმლაძე აქტივისტია, მებრძოლი ადამიანია, თუმცა ამ ორთან შედარებით მისი შანსები ნაკლებია. რაც შეეხება გიორგი ჩალაძეს, ის იტელექტუალია და უფრო აკადემიური ტიპის პოლიტიკოსია.

„პარტიის რეიტინგი იმაზეა ბევრად დამოკიდებული, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ ახალი პოლიტიკოსები წარადგინონ, როგორც ეს თავის დროზე მელიამ 12 ადამიანის წარდგენით გააკეთა, მათ შორის იგივე გიორგი ჩალაძე იყო. აუცილებელია, რომ ახალი ნიჭიერი ადამიანები გამოჩნდნენ, რაც პარტიის რეიტინგის ზრდას შეუწყობს ხელს, რადგან ზოგს ძველი სახეები უკვე მობეზრდა, ამიტომაც ახალი თავმჯდომარის ერთ-ერთი მიმართულება ის უნდა იყოს, რომ ახალი სახეები წარადგინოს.

„ენმ-მ ასევე სწორის საინფორმაციო პოლიტიკა უნდა გაატაროს, მოსახლეობასთან იმუშაოს და დაარწმუნოს, რომ „ოცნება" მათზე დეზინფორმაციას ავრცელებს და ხალში ჭორები გაფანტონ. ენდიაის კვლევებით მოსახლეობის დაახლოებით 45%-ს არცერთი პარტია არ უნდა და ამ მასაზე უნდა იმუშაონ", - განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ თავმჯდომარე ისევ მელია გახდა, რამდენად შეიძლება პარტიაში ეს კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდეს, ჩიტაძემ გვითხრა:

„ახლა პირველ რიგში შეთანხმება უნდა შედგეს, რომ ყველა ვარიანტში ხალხის არჩევანს პატივს სცემენ, გამარჯვებულ კანდიდატს მიიღებს და მუშაობას ერთად გააგრძელებენ. არაა გამორიცხული, რომ თუ მელიამ გაიმარჯვა, იმ ადამიანებმა დატოვონ პარტია, ვინც მისი გადაყენების მომხრეა და ეს პარტიისთვის კარგი არაა.

„რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ერთ-ერთი გადამწყვეტიც. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც თვლის, რომ ენმ-ს ნამდვილი პოლიტიკური ლიდერი სააკაშვილია, ფეისბუქის კომენტარებში ხშირად წერენ-ხოლმე, რომ მიშას გარეშე ნულები ხართო, თუმცა ბელადომანია ქვეყნისთვის კარგი არაა. შესაძლოა გარკვეულ პოლიტიკურ ლიდერს პატივს ვცემდე, მაგრამ როგორც ვაჟა იტყოდა, მარტოკა ერთი რას იზამს, თუნდაც ცეცხლს ყრიდეს პირითაო", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე