ელზა პაპოშვილი
(16.11.2022)

„ნაციონალურ მოძრაობაში“  დაპირისპირება გრძელდება. პარტიაში პოზიციები ისევ ორადაა გაყოფილი. დაპირისპირების  ახალი კერა კი ნიკა მელია განცხადებამ გააჩინა, რომელმაც „ტვ პირველთან“ საუბარში განაცხადა, რომ მოგების შემთხვევაში, პარტიიდან ვინმეს გაშვებას არ გეგმავს, თუმცა პარტიულ თანამდებობებს რამდენიმე თანაგუნდელი ვერ დაიკავებს. მისივე თქმით, წარმოუდგენელია რაიმე პროგრესზე საუბარი, როცა პარტიაში არიან ადამიანები, ვისი ნდობაც არ შეიძლება, რადგან შებრუნებისას ზურგში დანას ჩაგარტყამენ.    

ამასთან ცნობილი ხდება, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. მან ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, მისი მიზანია, ენმ მხარდამჭერებს დაუბრუნდეს. ის გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას შტაბი, რომელშიც გაერთიანდება ყველა ის ადამიანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს და შესთავაზა გიორგი ჩალაძეს, შტაბს უხელმძღვანელოს.   

მელია კი არ გამორიცხავს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში 3-4 კაცმა პარტიული მაღალი თანამდებობა აღარ დაიკავოს. თუმცა ვის გულისხმობს, არ აკონკრეტებს.     

„ვის აქვს უფლება, რომ ვინმე პარტიიდან გარიცხოს, მაგრამ წამყვან პარტიულ თანამდებობებს რომ რამდენიმე მათგანი ვერ დაიკავებს, ცხადზე უცხადესია. იქ უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც არიან მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული და არა სხვა გეგმებითა და ამოცანებით არიან გამსჭვალული, რაზეც მომავალში ვისაუბრებ.

პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი. ვფიქრობ, რომ პარტიაში სათადარიგო სკამზე არის ათობით ძალიან ღირსეული, კომპეტენტური, კვალიფიციური ადამიანი, რომლებსაც აქვთ უნარი იყვნენ ძალიან ეფექტურები. როცა იდეური განსხვავება გაქვს შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, ეს ეხება 3-4 ადამიანს, ბუნებრივია შეუძლებელია საუბარი პროგრესზე და განვითარებაზე, სადაც არ არის გუნდური სულისკვეთება, სადაც შეიძლება თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას. თუ ეს მას შეუძლია დღეს, მერწმუნეთ ამას გააკეთებს ხვალ, როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ასევე ხელისუფლებაში ყოფნისას,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ 7 პირისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რათა არჩევნებისთვის ყველაფერი მომზადდეს და პროცესმა გამართულად ჩაიაროს. რაც შეეხება მელიას განცხადებას, დავით კირკიტაძე ამბობს, რომ საკუთარი აზრის გამოთქმა ხურგში დანის ჩარტყმას არ ნიშნავს. 

„საჯარო დისკუსიას, მათ შორის აზრის გამოთქმას ვერავინ ვერავის აუკრძალავს და არ ვიცი, როდიდან გახდა ზურგში დანის ჩარტყმა ახალგაზრდების მხრიდან საკუთარი მოსაზრების გამოთქმა და საკუთარი წინადადების დაყენება. რაც შეეხება მელიასთან საუბარს არჩევნებთან და იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც არსებობდა პარტიასა და პარტიის მხარდამჭერებს შორის, მე პირადად მასთან მქონია საუბარი, მქონია ათეულობით ადამიანის თანდასწრებით და გამოსავლის გზის ერთ-ერთ ვარიანტად მისთვის მიმიცია რჩევა, რომ ჩატარებულიყო არჩევნები. თავმჯდომარე კიდევ, უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა ვინმეს გამშვები და ცენზორი პარტიაში,“ - ამბობს პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ წევრი დავით კირკიტაძე.

ენმ-ს საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ ფოკუსი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა ყოფილიყო.

„არ დამიმალავს ჩემი პოზიცია. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ უკვე ვერაფერს ვერ შევცვლით, თორემ კი, გეთანხმებით, რომ ფოკუსი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ვსაუბრობდით ჩვენ იმაზე, რომ ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად ნაჩქარევი გადაწყვეტილებების შემთხვევაში რაიმე შეცდომა რომ გაგვეპაროს, ეგეც არ გვინდა. შესაბამისად, დასკვნებს ალბათ ყველანი შემდგომ გამოვიტანთ, რა მოხდა, როგორ მოხდა, ფორსირება იყო აღნიშნული საკითხის თუ არა. მე არ ვფიქრობ, რომ სწორია ზოგადად ერთ ადამიანზე გადაბრალება ყველაფრის,“ - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.  

ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დავით კეზერაშვილი პარტიაში რომ არ ჩარეულიყო, დაპირისპირება მაინც იქნებოდა, რადგანაც სააკაშვილის დისტანცირების შემდეგ, ლოგიკური იყო, რომ ჯგუფებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა გაჩაღდებოდა. მისი თქმით, სააკაშვილის დუმილი არ ნიშნავს, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას ნამდვილად აპირებს. ამიტომაცაა, რომ ოირვე დაჯგუფება მისი სახელით მანიპულირებს, რადგან იციან, რომ პარტია სააკაშვილის გარეშე საკმაოდ დიდ ელექტორატს დაკარგავს და საერთოდ პარტიის არსებობა კითხვის ქვეშ დადგება. ის ჯგუფი იქნება გამარჯვებული, ვის მხარესაც სააკაშვილის მხარდაჭერა მეტი იქნება.   

„პარტიაში გადალაგების პროცესია დაწყებული და ეს მოსლალოდნელიც იყო. კარგია, რომ ეს პროცესი ახლა მიდის და არჩევნებამდე 2 წელია დარჩენილი. პარტიას ჩამოყალიბება მოუწევს. მათთვის უკეთესი ვარიანტი ის იქნება, რომ როცა არჩევნების დრო მოვა, წაგებული ჯგუფი მოგებულის უპირატესობას აღიარებს. პარტია არ გაიყოფა და ყველაზე კარგი შედეგი პარტიისთვის ეს იქნება. უნდა შეძლონ და პოლიტიკური თანაცხოვრება ერთად გააგრძელონ. სხვაგვარად გაყოფის შემთხვევაში ორივე ჯგუფი დაზარლდება. ჩვენ ვნახეთ 2016 წელს როგორ გამოეყო ენმ-ს „ევროპელები“, „სტარტეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი“, და მათი რეიტინგი რა არის, ხომ ვხედავთ. იგივე მოუვა იმ ჯგუფს, რომელიც ენმ-იდან წამოვა, ხოლო გამარჯვებული გუნდი ხმებს დაკარგავს და წასულები ელექტორატის ნაწილს გაიყოლებენ. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, სააკაშვილის მხარდაჭერა ვის ექნება. რომელი ჯგუფი უფორ დაარწმუნებს ელექტორატს, რომ ის მათ მხარესაა.  

ნაცებს ყველაზე დიდი პრობლემა 2024 წელს წარმოეშვება, როცა არჩევნები ჩატარდება. ამიტომ არავინ იცის სააკაშვილის ბოლო განცახდება არჩევნების წინ რა იქნება. დარწმუნებული ვარ, თუ მას ჯამრთელობა ხელს შეუწყობს, „ოცნება“ მას ციხეში შემოინახავს. მერე რა განცხადებას გააკეთებს, ეს არავინ იცის. ამიტომ საკმაოდ რთული სიტუაციაა. რა მოხდება „ნაციონალებში“, ბევრი რამ ამაზე იქნება დამოკიდებული. თუ უნდათ, რომ პარტია ძლიერ პოლიტიკურ ორგანიზაციად დარჩეს, ერთად ყოფნა წაგების შემთხვევაშიც ამ ჯგუფებმა უნდა შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში რა სახის პარტიას მივიღებთ, არავინ იცის“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.       

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე