თამთა ჩაჩანიძე
(15.11.2022)

საქართველომ ევროკავშირს ძალიან კარგად დაანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი საჭიროა სრული ეროვნული კონსენსუსი 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა სამშაბათს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ვარჰეის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი რეკომენდაციების შესრულების პროცესთან დაკავშირებით ის იყო, რომ დეოლიგარქიცაზიის კრიტერიუმი ზოგადია და არ ეხება ერთ კონკრეტულ ადამიანს. ის საქართველოს მთავრობას სთავაზობს, დეოლიგარქიზაციის საკანონმდელო ჩარჩო შესაფასებლად გაუგზავნოს ვენეციის კომისიას.

ამასთან, 12 რეკომენდაციის გარდა, განსახილველ საკითხთა შორის იყო ასოცირების ხელშერულების შესრულების პროცესი, რუსული აგრესია, მათ შორის უკრაინის ომი და საქართველოს ოკუპაცია. ევროკომისარმა რუსული აგრესიის ქვეშ მყოფი ქვეყნების და მათ შორის საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ევროკავშირი ქვეყანას სირთულეების დაძლევაში დაეხმარება, რომელიც ამ აგრესიის საფუძველზე არსებობს.

გარდა ამისა, ვარჰეის თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც ევროკავშრს სჭირდება საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სფეროში და საქართველო შეიძლება იყოს ასეთი სანდო და საიმედო პარტნიორი და მოკავშირე.

რაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მისი პირადი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ევროპული პერსპექტივა ქვეყნისთვის, მმართველი გუნდისთვის და მთავრობისთვის ძალიან დიდი მოტივაცია და დიდი პასუხისმგებლობაა, რაც, მისი თქმით, მთავრობას კარგად აქვს გააზრებული და სწორედ ამ პასუხისმგებლობით და სულისკვეთებით ხდება მუშაობა 12 რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებისთვის.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო ევროპული არჩევანის ერთგულია და განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის „ქართული ოცნების" დამსახურება, იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თუ ახლა უკვე - ევროპული პერსპექტივა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, „2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით პრაქტიკულად დიქტატორული რეჟიმის, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშანწყალი დემოკრატიისა არ არსებობდა".

„ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, 20% არის ოკუპირებული. ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკავშირს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და კიდევ ერთხელ მინდოდა ამის თაობაზე ჩვენი მადლიერების გამოხატვა.

„მინდა ასევე მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ისინი ჩვენ გვეხმარებიან, რომ საქართველომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეასრულოს თორმეტივე რეკომენდაცია და არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დაგვრჩეს. და მე მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ თორმეტივე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ღარიბაშვილმა თქვა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებას თორმეტივე რეკომენდაცია გადაეცა, ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, თუ როგორ ასრულებს მმართველი პარტია, მთავრობა, პარლამენტი, ყველა ერთად ამ თორმეტივე პრიორიტეტს. მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ ყველა აქტორს გაუღო კარი - ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც დაინტერესებულია 12 რეკომენდაციის შესრულებით. თუმცა, პრემიერ-მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული ამ პროცესში - არ არის ჩართული ოპოზიცია.

ღარიბაშვილმა უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს დღეს მსოფლიოში არის ძალიან დიდი გამოწვევაა და საქართველო მაქსიმალურად, ყველა დონეზე მხარს უჭერს უკრაინას, მის სუვერენიტეტს, მათ დამოუკიდებლობას.

მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ქვეყანაში 9 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა და განაცხადა, რომ ამავე პერიოდში 100 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ იყოს მწვანე ენერგიის მწარმოებელი.სიტყვით გამოსვლა კი იმით დაასრულა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში, რეგიონსა და გლობალური მასშტაბით მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ქვეყნის შიგნით კი მისი თქმით ამაში დიდი წვლილი „ქართულ ოცნებას" აქვს.

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გზავნილები

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიმ კი ღარიბაშვილს დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში პროგრესი და ეკონომიკური წინსვლა უდაოდ შეიმჩნევა და რომ სირთულეების და ახალი გეოპოლიტიკური წნეხის პირობებში, საქართველომ ევროკავშირს ძალიან კარგად დაანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა.

როგორც ვარჰეი ამბობს, მისი ვიზიტის მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში დაეხმაროს. მისივე შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს კი ძალიან ძლიერი მანდატია არა მარტო მთავრობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის ქვეყანაში და ყველასთვის, ვინც აქტიურია და მუშაობს ამ საკითხებზე.

„მომდევნო კვირების განმავლობაში მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა. საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა იმისათვის, რომ აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა. თუმცა, აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, იმუშავებს ამ მიზნისთვის. იმიტომ, რომ, დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია არასოდეს იძლევა იგივე შანსს ორჯერ. ამიტომ უნდა ხელი ვტაცოთ ამ შესაძლებლობას და ვაქციოთ რეალობად.

„ამის გასაკეთებლად, რა თქმა უნდა, გვჭირდება 12 პუნქტის შესრულება. ჩვენ ამ მიმართულებით გვჭირდება კარგი ისტორიის ჩვენება და მახარებს, რომ ვხედავ ამისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში და ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებისთვის, რათა თორმეტივე პუნქტი შესრულდეს", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ევროკავშირი პოზიტიურ ძვრებს ხედავს სასამართლო რეფორმის მიმართულებით, ხედავს წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, საქართველოს პოზიტიური პრაქტიკა აქვს ამ მიმართულებით და, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ წინ არის. თუმცა, მოგვიწევს ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელზეც, ვარჰეის თქმით, მუშაობა უკვე დაიწყო.

მანვე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით და საქართველოს იმ სირთულეების დაძლევაში დაეხმარება, რომლებიც ამ აგრესიის საფუძველზე არსებობს.

ევროკომისარის შეფასებით, რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც ევროკავშირს სანდო და საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები სჭიდება, ეს იქნება უსაფრთხოების თუ ეკონომიკის სფეროში. საქართველო კი შეიძლება იყოს ასეთი სანდო და საიმედო პარტნიორი და მოკავშირე.

„ბატონმა პრემიერმა ბრძანა და დაიწყო განმარტება იმ დღის წესრიგისა, რომელიც ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა საქართველოში და ჩვენი პარტნიორობა ეკონომიკურ სფეროში, რათა საქართველოს ეკონომიკა უფრო გამძლე გახდეს და საქართველო უფრო მედეგი იყოს.

„ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ხორციელდება. წინა ჯერზე რომ ჩამოვედი, გამოვაცხადე, რომ 3.9 მილიარდი ევრო მოდის ევროპის საჯარო და კერძო სექტორებიდან საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რადგან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთი მეოთხედია. მიხარია, რომ ვამბობ და ვხედავ, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პროექტებისა უკვე ჩაეშვა, დაიწყო და იმედი მაქვს, რომ შემდეგ ჯერზე როცა ჩამოვალ, უკვე შედეგებსაც დავინახავთ.

„რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრში. პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ შავი ზღვის ელექტროკაბელი ძალიან სიმბოლური მნიშვნელობისაა ყველასთვის. სიმბოლური ისტორიულად, იმდენად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან; და სიმბოლური იმიტომ, რომ ყველა დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები, სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები, იქნება ეს უსაფრთხოების თუ ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად - ენერგეტიკულ სფეროში. საქართველო შეიძლება იყოს ასეთი სანდო და საიმედო პარტნიორი და მოკავშირე.

„ყველა ამ პროექტის ფონზე მიმაჩნია, რომ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი რომ და საქართველოს მოქალაქეებს ევროპა მივცეთ", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

დეოლიგარქიაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას კი ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება რომელიმე ადამიანს, ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა სთხოვეს, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს მთავრობას სთავაზობს, მათ მიერ მიღებული კანონი ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე