თამთა ჩაჩანიძე
(03.10.2022)

ევროპული რეკომენდაციების მეხუთე პუნქტი შესრულებულად რომ ჩაითვალოს, პარლამენტმა შესაბამისი დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა მიიღოს, რაზედაც მსჯელობა უკვე დაწყებულია. „ოცნებამ" შესაბამისი კანონპროექტი მოაზადა და ამტკიცებს, რომ ეს უკრაინულის ანალოგია, კონკრეტულ სახელსა და გვარზე მორგებული არაა და ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ „ოცნებამ" კანონი თავის ინტერესებს მოარგო. თუმცაღა აქვე აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის კანონის ალტერნატივად ოპოზიციას საკუთარი კანონპროექტი დეოლიგარქიზაციაზე არ დაურეგისტრირებია.

ამასთან ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება" „რეპრესიულ კანონს" იღებს, რადგან პარლამენტი, იმის განსაზღვრის უფლება, თუ ვინ არის ოლიგარქი, ენიჭება პარლამენტს, სადაც უმრავლესობა „ქართულ ოცნებას" აქვს.

აღსანიშნავია, რომ „ოცნების" პარალელურად ოპოზიციაც მუშაობდა დეოლიგარქიზაციის ალტერნატიულ კანონპროექტზე, თუმცა, შეუთანხმებლობის გამო მისი დასრულება ვერ მოასწრო. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ამით ოპოზიციამ დიდი შეცდომა დაუშვა. მათ „ოცნებისთვის" უნდა დაესწროთ და საკუთარი კანპონპროექტი წარედგინათ. ახლა კი ამის გამო იძულებული არიან იმის გარშემო იტრიალოს, რაც მმართველმა პარტიამ წარადგინა.

როგორც ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, დიდი ალბათობით „ოცნება" ამ კანონს მიიღებს, ხოლო დასავლელ პარტნიერებს მასთან ოპონირება გაუჭირდებათ, რადგანაც დეოლიგარქიზაციის ქართული კანონი უკრაინის ანალოგიურ კანონს ეფუძნება, რომელიც თავის დროზე დასავლეთში მოიწონეს.

ხოლო დასავლელ პარტნიორებს კანონთან დაკავშირებით შენიშვნები თუ მაინც ექონებათ, „ოცნებას" ესეც აწყობს, რადგან პროცესი დროში გაიწელება.

„ოცნების" 4 კრიტერიუმი - რას მოიცავს მმართველი პარტიის კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კონკრეტული პირის ოლიგარქად განსაზღვრისათვის პროექტში ჩაიწერა ყველა ის კრიტერიუმი, რაც ანალოგიურ უკრაინულ კანონშია, მათ შორის:

1. მედიაგავლენა;

2. გავლენა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე;

3. მონოპოლისტური საქმიანობა;

4. კონკრეტული ოდენობის თანხის ფლობა.

ოხანაშვილის თქმით, ამ ოთხი კრიტერიუმიდან სამის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი ოლიგარქად გამოცხადდება. როგორც ოხანაშვილი აცხადებს, კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზე „ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება".

„ის კრიტერიუმები, რომელიც შემოთავაზებულია, ვერაფრით უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში. შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ სამივე კომპონენტს ასრულებენ კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგარქები, რომლებიც აღიარებითი ჩვენებებით, სხვა ფაქტებითა და ოპოზიციის განცხადებებითვე მიჩნეული შეიძლება იქნენ ოლიგარქებად", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინული მოდელისგან განსხვავებით, რომელშიც პირის ოლიგარქად აღიარებაზე პასუხისმგებელია პრეზიდენტის შესაბამისი უწყება, ქართულ პროექტში ასეთ ოფიციალურ უწყებად შეთავაზებულია პარლამენტი. მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი სამუშაო ჯგუფის გარდა, ასევე წარედგინება საპარლამენტო კომიტეტებს, სადაც პროექტის ინიცირებაზე იმსჯელებენ.

„პარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა განიხილონ ეს საკითხი საკომიტეტო და პლენარულ მოსმენებზე, უნდა მოიძიონ შესაბამის პირებზე ინფორმაცია", - ამბობს ოხანაშვილი.

ოპოზიციის ალტერნატიული 2 კრიტერიუმი

ოპოზიციისათვის მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონი მიუღებელია. ამასთან, ოპიზიციაში აცხადებენ, რომ თავადაც მუშაობენ ალტერნატიულ კანონზე, თუმცა, როგორც „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, კონკრეტულ დეტალებზე თავად ოპოზიციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა და ამიტომაც კანონპროექტზე მუშაობა გაჭიანურდა.

„მიზეზი იმისა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი არ ინიცირებულა, არის შეუთანხმებლობა კონკრეტულ დეტალებზე ოპოზიციაში", - განაცხადა სამნიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ კი ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტის კონკრეტული დეტალები დაასახელა.

„ჩვენ რაზეც ვმუშაობდით, არის ის, რომ ადამიანი ოლიგარქად რომ გამოცხადდეს, მინიმუმ 2 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს - დიდი ოდენობის თანხის ფლობა და მასთან დაკავშირებული პირების მაღალ თანამდებობებზე ყოფნის ფაქტი. ანუ მის კომპანიებში მომუშავე პირების მაღალ თანამდებობებზე ყოფნა. ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. სხვას ოპოზიციიდან რაც არ უნდა დიდი ფული ჰქონდეს, არც ერთს მაღალ თანამდებობაზე ერთი ადამიანიც არ ჰყავს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

რას იწუნებს ოპოზიცია

როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უშუალოდ „ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს შეეხოს. ამას გარდა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია კანონპროექტის შემუშავებისას საფუძვლად სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყნის ანალოგიური კანონის ათღება.

„უკრაინის მოდელი არ არის ოპოზიციისთვის მისაღები, ამას არაერთხელ გაესვა ხაზი. ეს კანონი არ არის სრულფასოვანი, მუშავდება კანონპროექტი. კანონის კოპირებას ზოგადად მე არასდროს ვუჭერ მხარს, ყოველთვის ქვეყნის კონტექსტი, ვითარება, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებაა გასათვალისწინებელი.

„ვისურვებდი, რომ შესაძლებელი იყოს ეს შეთანხმება, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ საკითხზე, რაც არის დეოლიგარქიზაცია, ხელისუფლება და ოპოზიციას ვერ შევთანხმდებით, რადგან სულ სხვა ხედვა აქვს ხელისუფლებას. ისინი თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქების რიგში, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება არ აპირებს ნორმალური, ობიექტური და ქვეყნის კონტექსტის შესაბამისად გათვალისწინებული კანონის მიღებას", - განაცხადა სამნიძემ.

„სტრატეგია აღმაშნებელის" წევრი პაატა მანჯგალაძე კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება" „რეპრესიულ კანონს" იღებს, რადგან პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობა „ქართული ოცნებაა", თავად განსაზღვრავს ვინ იქნება ოლიგარქი. ეს კი, მისი თქმით, ნიშნავს, რომ „მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანოს".

„ქართული ოცნების" უმრავლესობა განსაზღვრავს ვინ იქნება ოლიგარქი. ისე გააძევეს პარლამენტიდან ბადრი ჯაფარიძე, არც უკითხავთ რაში ედებოდა ბრალი. ზუსტად ასე მოხდება ადამიანის ოლიგარქად გამოცხადება", - განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, უმრავლესობის კანონის ალტერნატივად რამდენად შეიძლება დაარეგისტრიროს ოპოზიციამ საკუთარი კანონპროექტი დეოლიგარქიზაციაზე, მანჯგალაძე ამბობს, რომ სამართლიანი სასამართლოს არარსებობის პირობებში, ნებისმიერი კანონი შესაძლოა ხელისუფლებამ რეპრესიებისთვის გამოიყენოს.

„ოპოზიციას „ოცნებისთვის" უნდა დაესწრო..."

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ოპოზიციამ დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან „ოცნებისთვის" უნდა დაესწრო და საკუთარი კანპონპროექტი წარედგინა, ახლა კი ამის გამო იძულებულია იმის გარშემო იტრიალოს, რაც მმართველმა პარტიამ წარადგინა.

„ოპოზიციამ თავიანვე ტაქტიკური შცდომა დაუშვა, როდესაც მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც 12 პუნქტი გამოქვეყნდა, ძირითადი აქცენტი დეოლიგარქიზაციაზე და ივანიშვილზე გააკეთა. ივანიშვილის ოლიგარქობაზე მუდმივად ლაპარაკობდნენ, მაგრამ დღეს, როცა დღის წესრიგში კანონის მიღების თემა გაჩნდა, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას თავისი კანონპროექტი მზად არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ეს ინფორმაციაა გაჟღერებული. ამიტომ ოპოზიციას მოუწევს, რომ იმ კანონპროექტზე ილაპარაკოს, რასაც ხელისუფლება სთავაზობს.

„უკრაინული კანონპროექტი არ შემისწავლია, მაგრამ ის უკრაინის სპეციფიკასაა მორგებული. რაც შეხება ქართულ კანოპროექტს (თუ ასეთი მიღებულ უნდა იქნას), შესაძლოა სამუშაო ვარიანტი, კანონის არქიტექტურა უკრაინისგან აიღონ, მაგრამ ქართულ ვარიანტში ეს ფუნქციები ცოტა სხვაგვარად უნდა გადანაწილდეს.

„ოპოზიციამ ეს ბრძოლა პოზიციურად უკვე წააგო, რადგან მას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ თავად მოემზადებინა და ხელისუფლებიუსთვის შეეთავაზებინა. ის კი არა, ამ კანონის განხილვა, დებატები არასამთავრობო სექტორთან „ოცნებისთვის" უნდა დაესწრო. მთელი სამუშაო იყო ჩასატარებელი და ეს გამოტოვა. დღეს ოპოზიცია წამებიან პოზიციაშია", - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით „ოცნება" ამ კანონს მიიღებს და იმ არგუმენტით, რომ „თუ უკრაინული მოგწონთ, ქართულმა რა დააშავა", დასავლელ პარტნიორებს ოპონირება გაუჭირდებათ, მით უმეტეს ოპოზიციისა და არასმთავრობო ორგანიზაციებისგან საყრდენი არ ექნებათ. ამასთან ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუნდაც მასში დასავლელ პარტნიორებს შენიშვნები ჰქონდეთ, „ოცნებას" ესეც აწყობს, რადგან პროცესი დროში გაიწელება.

„ამ კანონის მიღებას ალბათ ხმათა უბრალო უმრავლესობა დასჭიდება, ხელისუფლებას კი ეს აქვს და ამ კანონს მიიღებს. ამას ემატება ისიც, რომ ოპოზიციიის ნაწილი არ უერთდება, თავად ვერ ჩამოყალიბებულან რა და როგორ უნდათ. პიარის თვალსაზრისით ეს ბრძოლა წაგებული აქვთ.

„ალბათ ამ კანონს ისე მიიღებენ, როგორც უკრაინაშია და იმ ინტერესების გათვალისწინებით, რაც „ქართულ ოცნებას" სჭირდება და შემდეგ ჩვეულებრივად ის პროპაგანდა დაიწყება, რასაც „ოცნება" ყოველთვის აწარმოებს. მით უმეტეს უპირატესი პოზიციიდან მათთვის ეს ადვილი იქნება.

„როცა ხელისუფლებას არგუმენტები ექნება, რომ თუ უკრაინული კანონი მოგწონს ქართულმა რა დააშავა, ჩვენს პარტნიორებს ოპონირება გაუჭირდებათ. მით უმეტეს, როცა მათ არც ოპოზიციიდან და არც არასამთავრობო სექტორიდან საყრდენი არ ექნებათ, რადგან დეოლიგარქიზაციის კანონზე ორივეს უნდა ემუშავა და უპირველესად არასამთავრობო სექტორს.

„ჩემი აზრით, ხელისუფლებას ხელს არაფერი შეუშლის ეს კანონპროექტი ისე და ისეთი მიიღოს, როგორიც მას ხელს აძლევს. დასავლეთი მას მიიღებს თუ არა, ეს დებატების თემაა. წარდგენილი იქნება და იქიდან თუ შენიშვნები მოვა, ეს დროში გაიწელება და ხელისუფებისთვის დროში გაწელილი კანონპროექტის წარგენა მოგებიანია, მით უმეტეს, როცა ოპოიზიციას არაფერი არ ექნება", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე