თეონა ვეშაგური
(01.10.2022)

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის 4 ოლქის რუსეთთან მიერთების ე.წ. შეთანხმებას მოაწერა ხელი, ამით ახლო პერსპექტივაში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პერსპექტივა მოისპო. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსები აცხადებენ. მათი შეფასებით, ახლა ომი, სავარაუდოდ, ერთი მხარის სრულ დამარცხებამდე გაგრძელდება და იმედოვნებენ, რომ ეს რუსეთი იქნება.

ფორმალურად ორივე მხარე მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. პრეზიდენტმა პუტინმა პარასკევს კრემლში ხსენებული ხელმწოერის ცერემონიალზე განაცხადა, რომ მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის იმ პირობით, თუკი უკრაინა :პატივს სცემს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მცხოვრებთა გადაწყვეტილებას" რუსეთთან მიერთების შესახებ.

თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა მოლაპარაკება აწარმოოს რუსეთის ახალ პრეზიდენტთან, ოღონდ არა ვლადიმირ პუტინთან.

როგორც „ჯიპა"-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, უკრაინის 4 რეგიონის მიერთებით პუტინმა თავადვე გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს.

„უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინმა „არ იცის რა არის ღირსება და პატიოსნება". პუტინმა თავად ჩაიყენა თავი ამ მდგომარეობაში და უკრაინის ოთხი რეგიონის ე.წ. მიერთებით თავს საბოლოო განაჩენი გამოუტანა.

„ამ მიერთებას არავინ აღიარებს და შედეგიც არ ექნება, მაგრამ თავდ პუტინისთვის მოიტანს მძიმე პოლიტიკურ შედეგს. რუსეთის პრეზიდენტმა თავადვე მოსპო სივრცე მოლაპარაკებებისათვის, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს მისი რეჟიმის გარდაუვალ კრახს", - განაცხადა ფხალაძემ.

კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა ომი რომელიმე მხარის საბოლოო განადგურებამდე, ექსპერტის პასუხია, რომ ბრძოლები გაგრძელდება მხოლოდ რუსეთის საბოლოოდ განადგურებამდე, რაც მსოფლიო დღის წესრიგს სრულიად შეცვლის.

„რუსეთი აუცილებლად დამარცხდება უკრაინასთან ომში, რაც მსოფლიოში ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. იქნება ახალი თანასწორობა, ახალი მსოფლიო წესრიგი და ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა, სადაც რუსეთი აღარ ჩაითვლება იმ ტიპის სახელმწიფოდ, რომელსაც განსაკუთრებით ანგარიშგასაწევად მოიხსენიებენ. სხვა რეალობა იქნება და ყველაზე საინტერესოა თავად რუსეთში რა პროცესები წავა, რადგან შიდა დაპირისპირებებისთვის არსებობს საკმაოდ მძიმე ფონი.

„ამასთან, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ხაზზე. ამაზე მძიმე არ ვიცი კიდევ რა შეიძლება იყოს. რუსებს რესურსი საკმაოდ მწირი აქვთ. ერთადერთი, რასაც რუსული მხარე ახერხებს, ახალი გაწვევების ხარჯზე ზრდის ცოცხალი ძალის რაოდენობას, რაც რეალურად გაზრდის მხოლოდ სიკვდილიანობას. რომ გითხრათ, რომ მათ დარჩათ რაღაც განსაკუთრებული შეტევითი უნარიანობა, ასე არ არის", - განაცხადა ფხალაძემ „რეზონანსთან".

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების პესრსპექტივა მთლიანად ფრონტზე შექმნილ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

„მე მაინც მგონია, რომ სანამ სამხედრო დაპირისპირების საკითხი პრინციპულად არ გადაწყდება, მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივა არ ჩანს. მას შემდეგ, რაც რუსული სამხედრო მანქანა საბოლოოდ დამარცხდება, შესაძლებელი გახდება საუბარი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების პერსპექტივებზე.

„რაც შეეხება მსოფლიო პოლიტიკის შეცვლის საკითხს, ომის ნებისმიერი სახით დასრულების შემთხვევაში შეიცვლება ძალიან ბევრი რამ და არა მარტო რუსეთისთვისა და უკრაინისთვის, ეს მთელი მსოფლიოსთვის ახალი ერის დასაწყისი იქნება", - განაცხადა მენაღარიშვილმა.

მისივე თქმით, დღესაც საკმაოდ მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ხაზზე.

„ძნელი წარმოსადგენია იმაზე მწვავე და სისხლისმღვრელი ბრძოლები, ან ესკალაცია ვიხილოთ, რასაც აქამდე ვხედავდით, მაგრამ რუსეთი იმდენს ლაპარაკობს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, რომ ამის საშიშროება, სამწუხაროდ, არსებობს". - განაცხადა მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე