ენმ-ს შიგნით ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კეთილგანწყობისა და უშუალოდ სააკაშვილის მხარდამჭერების მიმხრობისათვის იბრძვიან - ასე ხსნის ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაზე „რეზონანსთან" „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებას სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების გზების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ოპონენტები მელიას სწორედ სააკაშილის ციხიდან გამოხსნის მიმართულებით არასაკმარისი ატიურობისათვის აკრიტიკებენ. ამ ფონზე ენმ-ს თავმჯდომარენ შაბათს სოციალური ქსელით ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, თუკი „რუს ოლიგარქს ანუ რუსეთს ხელიდან გამოგლეჯენ სახელმწიფოს".
ძაბირაძის შეფასებით, მელიას მხრიდან ამ საკითხის წინ წამოწევა პარტიაში სააკაშილის მხარდამჭერების გადაბირებისთვისაა გამიზნული. მისივე თქმით, სააკაშვილს გავლენები აქვს ოპოზიციურ ელექტორატზე. შესაბამისად, ენმ-ში დაწყებული დაპირისპირება არის მცდელობა, რომ რომელიმე ჯგუფმა თავად მიიმხროს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები.
„თემა არის მარტივი - სააკაშვილს გავლენები აქვს ოპოზიციურ ელექტორატზე. „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობა მას უჭერს მხარს და მისი გავლენის ქვეშაა. შესაბამისად, ენმ-ში დაწყებული დაპირისპირება არის მცდელობა, რომ რომელიმე ჯგუფმა თავად მიიმხროს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები.
„რადგან სააკაშვილის გავლენა დიდია, ორივე მხარე - ისინი, ვინც მელიას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ და თავად მელიაც, სააკაშვილის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს. თუ ყოფილი პრეზიდენტი რომელიმე მათგანის სასარგებლოდ გააკეთებს განცხადებას, ან რაიმე მოწოდებას მაინც, ჩათვალეთ, რომ მისი მხარდამჭერებიც ამ ჯგუფისკენ წავლენ.
„ენმ-ში დაწყებული დაპირისპირება, პარალელურად, სააკაშვილის მიმხრობასაც გულისხმობს. ამის გამო მელიას ამ მიმართულებით გააქტიურება სულაც არ არის მოულოდნელი. რა თქმა უნდა, იქნება საპირისპირო მხრიდან დარტყმები, მაგრამ ჯერჯერობით სააკაშვილი დუმს. ვნახოთ, რომელ მხარეს აირჩევს მომავალში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის აღარ არის ოპოზიციურ ფლანგზე და მთლიანად ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არ წარმოადგენს პრიორიტეტს, მისი გავლენა მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანია შიდა პარტიული დაპირისპირების დროს", - განაცხადა ძაბირაძემ.
ნიკა მელია „ფეისბუქზე" წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში - თუკი რუს ოლიგარქს, ანუ რუსეთს ხელიდან გამოგლეჯენ სახელმწიფოს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ისჯება იმისთვის, რომ პირველმა გაბედა წინააღმდეგობა გაეწია პუტინის ურდოსთვის.
„წელიწადი გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი რუსი ოლიგარქის ტყვეობაშია. რისთვის და რატომ დაიჭირა რუსულმა ოცნებამ მიხეილ სააკაშვილი? საზღვრის კვეთისთვის რომ არ დაუჭერიათ, ეს ბავშვმაც იცის. არც პიჯაკებისთვის და კაჩინსკის საფლავზე დასადები გვირგვინის ყიდვისთვის, არც პრეზიდენტის დისკრეციული უფლების - შეწყალების გამოყენებისთვის, არც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი შეცდომებისთვის თუ გადაცდომებისთვის ჰყავთ ციხეში გამოკეტილი. ის დაიჭირეს გამბედაობისთვის, შეექმნა რუსეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო და გამბედაობისთვის, დაბრუნებულიყო ქართველი ხალხის მონაპოვარის, ამ სახელმწიფოს დასაცავად, რომელსაც ათი წელია ასე მონდომებით ანგრევს ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა.
„რუსულმა ოცნებამ მას პასუხი აგებინა სწორედ იმისთვის, რომ მან, მიხეილ სააკაშვილმა, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნით საფრთხე შეუქმნა რუსების იმპერიალისტურ ოცნებას და რუსეთის ინტერესებს. ისჯება იმისთვის, რომ პირველმა გაბედა წინააღმდეგობა გაეწია პუტინის ურდოსთვის.
„მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში - თუკი რუს ოლიგარქს, ანუ რუსეთს ხელიდან გამოვგლეჯთ ამ სახელმწიფოს.
„უნდა ვიყოთ გამბედავები, არ უნდა შევეგუოთ მოცემულობებს, უნდა დავიხსნათ სახელმწიფო ოლიგარქისგან - ესაა მიხეილ სააკაშვილის ხსნა.
„მისი თავისუფლების გზა ქვეყნის თავისუფლებასა და რუსეთისგან, რუსული ხელისუფლებისგან განთავისუფლებაზე გადის", - წერს მელია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე