ელზა პაპოშვილი
(30.09.2022)

ისტორიის შეცვლის მცდელობა და მიწების ქურდი, ასე აფასებენ უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიე ტერიტორიების ანექსიას. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ოთხ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა კრემლის გიორგიევსკის დარბაზში შედგა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პუტინი. აგრესორი ქვეყნის ლიდერის განცხადებით, უკრაინის 4 ოლქის მიერთების საფუძველი გახდა ამ მიწებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები, სადაც „მოსახლეობამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი“.  

რუსეთის მიერ ახლად მიერთებულ ტერიტორიებზე დარტყმა ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის აქტად იქნება აღქმული, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ვლადიმირ პუტინის განცხადებით კი  რუსეთი თავის მიწას ყველა ძალითა და საშუალებით დაიცავს. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხალხის უსაფრთხო ცხოვრება უზრუნველყოფილი იყოს. ამის შესახებ რუსეთის მან სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

„მინდა, მე მომისმინოს კიევის ხელისუფლებამ და მისმა რეალურმა პატრონებმა დასავლეთში. ყველამ დაიმახსოვროს – ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები ხდებიან ჩვენი მოქალაქეები სამუდამოდ. მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ყველა საბრძოლო მოქმედება, ის ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ეს არაერთხელ ითქვა, თუმცა დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიეში, ხერსონში ხალხის არჩევანს არ განვიხილავთ. ეს არჩევანი გაკეთდა და რუსეთი მას არ უღალატებს. კიევის დღევანდელი ხელისუფლება პატივისცემით უნდა მოეპყროს ხალხის ნების ამ გამოხატვას და არა სხვაგვარად. მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს გზა მშვიდობისკენ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალით და საშუალებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის უსაფრთხო ცხოვრება. ამაშია ჩვენი ხალხის დიდი განმათავისუფლებელი მისია,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.   

ამის საპასუხოდ კი უკრაინა ნატო-ში შესვლის განაცხადს აკეთებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. კერძოდ, ზელენსკი აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.

„დე ფაქტო ჩვენ უკვე გავიარეთ ნატოში ჩვენი გზა. დე ფაქტოდ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან ჩვენი თანხვედრა. დღეს უკრაინა განაცხადს აკეთებს, რომ ეს დე იურე გახდეს. პროცედურით, რომელიც შეესაბამება ჩვენს მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოების დასაცავად. დაჩქარებული წესით. ჩვენ განმსაზღვრელ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატოში სწრაფი გაწევრიანების განაცხადის ხელმოწერით”, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.  

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა სხვა პრეზიდენტთან, რადგან პუტინთან თანაარსებობის შესახებ შეთანხმება შეუძლებელია, ამიტომ უკრაინას დიალოგი რუსეთის სხვა პრეზიდენტთან ექნება.

„პირველი - მშვიდობას მხოლოდ უკრაინის გაძლიერებისა და ჩვენი მიწიდან ოკუპანტების განდევნის გზა აბრუნებს. ჩვენ ამ გზით წავალთ. მეორე - უკრაინა იყო და რჩება ლიდერი სამომლაპარაკებლო ძალისხმევაში. სწორად ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაბარ პირობებზე თანაცხოვრებაზე დათანხმებას. სწორად ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაბარ, პატიოსან, ღირსეულ და სამართლიან პირობებით თანაცხოვრებაზე შეთანხმებას. ცხადია, რომ რუსეთის ამ პრეზიდენტთან ეს შეუძლებელია”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინმა „არ იცის, რა არის ღირსება და პატიოსნება”. 

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მხარს უჭერს უკრაინას თავდაცვით ომში და არ აღიარებს რუსეთის მიერ ჩატარებულ რეფერენდუმს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„უკრაინის 15%-ზე მეტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ყალბი რეფერენდუმი, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა და თავს მოეხვა უკრაინას, აბსოლუტურად ყველა კანონის დარღვევით, არის არალეგალური! ნატოს ქვეყნები არ ცნობენ არცერთ ამ ტერიტორიას, როგორც რუსეთის ნაწილს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას უარყოს რუსეთის ყველა დაპყრობითი ქმედება. ეს მიწების ეკუთვნის უკრაინას - დონეცკი უკრაინაა, ლუჰანსკი უკრაინაა, ჰერსონი და ზაპოროჟიეც უკრაინაა, ისევე როგორც ყირიმი! უკვე მეორედ ხდება რუსეთის მიერ ძალისმიერი დაპყრობა უკრაინის. ეს რჩება რუსეთის აგრესიულ ომად უკრაინის წინააღმდეგ და არ ცვლის ჩვენს განზრახვას, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ნატო არ არის კონფლიქტის მხარე მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მის თავდაცვის ომში. პუტინმა მოახდინა ასობით ჯარისკაცის მობილიზება, ახლა კი უკრაინის ანექსირება. ჯამში ეს ყოველივე წარმოადგენს სერიოზულ ესკალაციას. ეს ყველაფერი მიუთითებს არა ძალაზე, არამედ სისუსტეზე, რომ ომი არ მიმდინარეობს ისე, როგორც პუტინმა დაგეგმა. პუტინზე არის მთელი პასუხისმგებლობა ამ ომისა და ამ ომის დამთავრებისა,“ - აცხადებს სტოლტენბერგი.   

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მცდელობების მხარდაჭერას კონტროლი აღადგინოს მის ტერიტორიებზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აშშ გმობს რუსეთის თაღლითურ მცდელობებს უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ანექსია მოახდინოს.

„რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, ფეხქვეშ თელავს გაერო-ს ქარტიას. არ შეგეშალოთ: ამ ქმედებებს ლეგიტიმაცია არ გააჩნია. აშშ ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს”, - წერია აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებაში. ამავდროულად, ბაიდენი აანონსებს, რომ დღეს აშშ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რუსეთის საწინააღმდეგო ახალ სანქციებს გამოაცხადებენ. „ეს სანქციები გამიზნული იქნება ფიზიკურ პირებსა და დაწესებულებებზე - რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ - რომლებიც პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ უკრაინის ტერიტორიის სტატუსის შეცვლის უკანონო მცდელობებს. ჩვენ გავაერთიანებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა დაგმოს ეს ნაბიჯები და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს”, - წერია განცხადებაში. ბაიდენი აღნიშნავს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ აღჭურვილობით, რომელიც მას თავის დასაცავად სჭირდება.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე