„რუსეთმა კონფლიქტის მოგვარებაში მონოპოლისტის სტატუსი დაკარგა“
თამთა ჩაჩანიძე
(08.08.2022)

ყარაბაღის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სომხეთი და აზერბაიჯანი ისევ ერთმანეთს ადამაშაულებენ, ბოლო პერიოდში სიტუაცია უკვე მეორედ დაიძაბა, რომელიც თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ორივე შეხვედრას დაემთხვა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სიტუაციის ესკალაციას შესაძლოა ორი მიზეზი ჰქონდეს, პირველი, აზერბაიჯანი ფიქრობდეს, რომ რუსეთი უკრაინის ომში დასუსტდა და ყარაბაღისთვის არ სცალია და მეორე, შესაძლოა ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეხვედრისას აზერბაიჯანზე გარკვეული კულუარული მოლაპარაკებებიც იყო.

თუმცაღა, მათივე შეფასებით, აქ მთავარი ისაა, რომ რუსეთმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში მონოპოლისტის სტატუსი დაკარგა, რაც პირდაპირ იმის მანიშნებელია, რომ უკრაინაში ომმა დაასუსტა.

აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ბოლო დღის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ცეცხლი სულ მცირე 12-ჯერ გახსნეს. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიას პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგები არ განუცდია.

„აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ბასარკეჩერის, გარაკილსისა და გორუსის რაიონების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების მიმართულებით დისლოცირებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისკენ გახსნილი ცეცხლის შედეგად ექვსი ინციდენტი მოხდა.

კიდევ ოთხი ინციდენტი დაფიქსირდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით დისლოცირებულები არიან რუსი სამშვიდობოები, როდესაც სომხური უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა ქალბაჯარის, გორანბოის და ფუზულის მიმართულებებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციების ცეცხლი გაუხსნეს.

„ყველა შემთხვევაში, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადეკვატური საპასუხო ღონისძიებები განახორციელეს", - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

თავის მხრივ სომხეთის მხარე აზერბაიჯანს გეღარქუნიქის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს. სომხური მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში, სოფელ სოტკთან აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო დაშავდა.

სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნის ფაქტს არ ადასტურებს აზერბაიჯანის მხარე და სომხეთის გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.

როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, არაა გამორიცხული, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივება უკრაინის ომთანაც იყოს კავშირში იმ მხრივ, რომ ახლა მსოფლიოს და ამ შემთხვევაში რუსეთს ყარაბაღისთვის არ სცალია.

„ახლა ყველაფერი უკრაინის ომთანაა დაკავშირებული, პრაქტიკულად ყველა ძალამ ნახა, რომ ახლა მსოფლიოს მათთვის არ სცალია და კონფლიქტში ამა თუ იმ მხარემ შეიძლება, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს. ეს ყარაბაღსაც ეხება. აზერბაიჯანი გრძნობს, რომ ის წარმატებულია და გარკვეული პირობებით ის ბოლომდე დაკმაყოფილებული არაა, რაც მისი აზრით, ამ დროისთვის შესრულებული უნდა ყოფილიყო.

„პირობების დაკმაყოფილებაში ის იგულისხმება, რომ ლაჩინის გზა ყარაბაღის ტერიტორიას დანარჩენ სომხეთთან აკავშირებს. ეს გზა ქალაქ შუშასთან გადის, რომელიც უკვე აზერბაიჯანის მიერაა აღებული და დიდი ხანია ითხოვდა, რომ გზა სხვაგან გაკეთებულიყო და კეთდება კიდეც. აზერბაიჯანმა თავისი მხარე გააკეთა და თვლის, რომ სომხეთი დროს წელავს.

„ჩემი აზრით, ამ ესკალაციით, რაც ახლა ხდება, აზერბაიჯანი ცდილობს სომხეთი აიძულოს, რომ ეს გზა დროზე გააკეთოს, რათა ეთნიკურმა სომხებმა სეპარატებთან უკვე სხვა გზით იმოძრაონ. მგონია, რომ ეს ამ კონფლიქტის მთავარი ფაქტორია. უკრაინის კრიზისი კი გამოყენებულია, როგორც სარჩული, ფონი, რათა ამ დროს ყარაბაღისთის არავის არ სცალია" - განაცხადა მან.

მისივე თქმით, სიტუაციის დაძაბვა რუსეთ-თურქეთის ლიდერების შეხვედრების პარალალურად ხდება, რუსეთს კი ახლა ყარაბაღში სიტუაციის არევა არ აწყობს.

„თანაც ეს ყველაფერი თურქეთ-რუსეთის ურთიერთიობების პარალელურად ხდება, პირველი ესკალაცია მაშინ იყო, როცა ერდოღანი პუტინს ირანში შეხვდა, მეორე კი სოჭის შხვედრისას. ჩემი აზრით, თურქეთი პუტინს აჯერებს, რომ არ გამოვა როგორც შენ გინდაო. აქ უკვე საქართველოს პრობლემებია, რეგიონში ერთადერთი სერიოზული სტრატეგიული მოკავშირე თურქეთი გვყავს და არ ვიყენებთ. თურქეთი კავკასიაში რუსეთს აშკარად აშინებს და ავიწროვებს.

„რუსეთს ახლა ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივება არანაირად არ აწყობს და ამიტომ უთმობს. სომხეთმა კი არ იცის ვის მიმართოს, რუსეთი ვერ დაეხმარება, ამიტომ სომხეთმა თურქეთთან საერთო ენა თვითონ უნდა იპოვოს. აქ საქართველო შეიძლებოდა უნიკალური შუამავალი ყოფილიყო. სომხეთს ვაჟკაცობა უნდა ეყოს და მიხვდეს, რომ რუსეთი მას ყოველთვის გაწირავს, სადაც თურქეთის ინტერესებს შეასკდება.

„რუსეთს არ შეუძლია სომხეთის ინტერესებს მხარი დაუჭიროს, მაგრამ შეუძლია, რომ სიტუაცია ქვეყნის შიგნით აურიოს. აქ სომხეთის ორმაგი სისუსტეა. სომხეთი თურქეთისკენ როგორც კი გადაიხრება, მაშინვე ქვეყანაში პრორუსული ძალები წამოყოფენ თავს, რომლებიც რევოლუციურ სიტუაციას და პოლიტიკური კრიზისს შექმნიან. ამიტომ სომხეთი დღეს ძალიან მოწყვლადია.

„თურქეთს გონივრულობა სჭირდება, რათა სომხეთის სუვერენიტეტის დაცვა მოახერხოს და ამავდროულად დააჯეროს, რომ თავის გრძელვადიან გეგმებს გადახედოს. სომხეთს თურქეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას დღემდე ხელი არ აქვს მოწერილი, სახელმწიფო საზღვარი არ აქვს დადგენილი და დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ. ამ დროს თურქეთი კავკასიაში ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოა.

„მესმის გენოციდი მტკივნეული თემაა, დღემდე ის დამოკიდებულებაა, რომ სანამ თურქეთი ამას არ აღიარებს, მანამდე არაფერს აზრი არ აქვსო, მაგრამ, ეს მეორე საკითხი უნდა გახდეს, გენოციდი არ უნდა დაივიწყონ, მაგრამ, არ შეიძლება დღევანდელი სომხეთის სუვერენიტეტი ამის მძევალი გახდეს.

„2025 წელს სომხეთ-აზერბაიჯან-რუსეთის 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტზე ხელშეკრულების გადახედვა მოხდება. ამასობაში რუსეთში არჩევნები ჩატარდება და უკრაინის კრიზისიდან გამომდინარე გამორიცხული არაა, რომ რაღაც ცვლილებები მოხდეს. მომავალ წელს თურქეთშია არჩევნები, ქვეყანაში ძალიან დიდი პოლიტიკური სპექტრია, შეიძლება გარედან არ ჩანს, მაგრამ ძლიერი დემოკრატიაა. თურქეთის ყველა მილიონიან ქალაქში ოპოზიციაა გამარჯვეული, გარდა ბურსასი.

„ნებისმიერ შემთხვევაში 2025 წლისთვის რაღაც უნდა მოიაგვარონ, ამიტომ აზერბაიჯანი ჩქარობს, რათა რუსეთი ისეთი ფაქტის წინაშე დააყენოს, როცა მან ანგარიში უნდა გაუწიოს აზერბაიჯანის ახალ წარმატებას. ის კასპიის ზღვას აკონტროლებს, სომხეთი კი არაფერს, ის რუსეთისთვის არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობის არაა, გარდა იმისა, რომ იქ სამხედრო ბაზა ჰყავს.

„საქართველო შავ ზღვას აკონტროლებს, აზერბაიჯანი კასპიის ზღვას, ორივე კავკასიონის ქედს, ამიტომაც საქართველო რეალობიდან ამოვარდნილია და პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, თურქეთს რომ საქართველო გეოპოლიტიკურ სტრატეგიაში რომ მიჰყვებოდეს, კავკასიაში სიტუაციას მთლიანად გააკონტროლებს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან აცხადებს, რომ ყარაბაღში სიტუაციის გამწვავებას შესაძლოა ორი მთავარი მიზეზი ჰქონდეს.

„2020 წელს რუსეთმა ყარაბაღის კონფლიქტის ვითომ დარეგულირების მიმართულებით მეტად მზაკვრული პოლიტიკა გაატარა. თითქოსდა სამშვიდობო მისიის შესრულების მიზნით, გააკეთა ის, რომ აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირების საფუძველი ყოველთვის ყოფილიყო.

„რუსეთმა აზერბაიჯანს შესაძლებლობა მისცა, რომ კონტროლი დაახლოებით ორ მესამედზე აღედგინა, თუმცა უშუალოდ სტეპანაკერტი (აზერბაიჯანულად- ხანქენდი) სომხეთის კონტროლქვეშ დატოვა და ე.წ. სამშვიდობოები შეიყვანა. დღეს არცერთი მხარე კმაყოფილი არაა.

„დღეს შესაძლოა უფრო აზერბაიჯანს აწყობდეს, რომ ტერიტოირიებზე კონტროლი დაამყაროს, შესაძლოა ფიქრობდეს, რომ რუსეთი უკრაინასთან ომშია, შედარებით დასუსტებულია და აქედან გამომდინარე ცდილობს, რომ უფრო მეტად დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს.

„თურქეთის ინტერესებშიც შედის, რომ აზერბაიჯანმა ტერიტორიბზე კონტროლი დაამყაროს. ბოლო პერიოდში ერდოღანი და პუტინი ორჯერ შეხვდნენ, იქ ოფიციალურად გარკვეულ საკითხებზე იყო საუბარი, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ საიდუმლო მოლაპარაკებებიც ყოფილიყო. მაგალითად, რუსეთმა აზერბაიჯანის ქმედებაზე თვალი დახუჭოს, რუსეთი კი ცდილობს თურქეთი თავის მხარეს გადმოიბიროს, რუსეთს დღეს მოკავშირეები მაქსიმალურად სჭირდება.

„ერთი ვერსიაა, რომ აზერბაიჯანი შესაძლოა სარგებლობს იმ ფაქტით, რომ რუსეთი უკრაინის ომშია ჩართული, შედარებით დასუსტებულია და ყარაბაღის კონფლიქტისთვის არ სცალია. მეტიც, სამხედრო კონტინგენტის გარკვეული ნაწილი უკრაინაში გადაისროლა. ან მეორე ვარიანტია - რუსეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები მიდის", - განაცხადა მან.

კითხვაზე ეს კონფლიქტი კავკასიის რეგიონზე როგორ აისახება, ჩიტაძე აცხადებს:

„კონფლიქტი კავკასიის რეგიონზე გავლენას ახდენს, რადგან შესაძლოა ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანი კიდევ უფრო გაძლიერდეს. მეორეს მხრივ დღეს ევროკავშირს კონფლიქტის განახლება არ აწყობს, რადაგან აზერბაიჯანულ ნავთობსა და გაზზეა დამოკიდებული. ევროპას სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა აწყობს.

„თუმცა, ერთი დადებითი ტენდენცია შინიშნება, რომ რუსეთმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში მონოპოლისტის სტატუსი დაკარგა, რაც იმის მანიშნებელია, რომ უკრაინაში ომმა დაასუსტა და შუამავლობაში დასავლეთი უფრო აქტიურ როლს თამაშობს. რუსეთი შედარებით განზე გასწიეს. 2020 წელს პუტინმა აჩვენა, რომ იმ დროს ყარაბაღის კონფლიქტში ვითომ შუამავლობაში სწორედ ის იყო მთავარი, მაგრამ დღეს რეალობა განსხვავებულია",- განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე