„პოლარიზაციის შემცირების ერთადერთი გზა არის უარის თქმა სიძულვილის ენაზე, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მხრიდან“
თეონა ვეშაგური
(02.07.2022)

„ქართული ოცნება" 12 პუნქტის შესასრულებლად და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად ოპოზიციას, არასამთავრობოებს და მედიას მორატორიუმს სთავაზობს. ოპოზიციური პარტიები კი უნდობლობას უცხადებენ ხელისუფლების ახალ ინიციატივას.

ევროკომისიის რეკომენდაციების შემუშავებისთვის მმართველი გუნდის მიერ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელიც კონკრეტულ საკითხებზე იმუშავებს. ამასთან, შეიქმნება საკანონმდებლო ინიციატივებიც - დეოლიგარქიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო მიმართულებაზე და რეკომენდაციებით გაწერილ სხვა საკითხებზე.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო პარტიებთან ერთად პროცესში ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო სექტორი და აღმასრულებელი ხელისუფლებაც.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა პუნქტის წინაპირობა ევროკომისიის პირველი მოთხოვნაა დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით, რომლის მისაღწევად, მან ოპონენტებს კონკრეტული ფორმატიც შესთავაზა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ასეთი ხელი გავუწოდეთ ოპოზიციას. ჩვენი ძალისხმევით გაფორმდა ჯერ 2020 წელს 8 მარტის შეთანხმება, მერე 2021 წელს 19 აპრილის შეთანხმდა. რომ არა ჩვენი ინიციატივები და აქტიური ქმედებები, არც ერთი და არც მეორე შეთანხმება არ გაფორმდებოდა.

„თუმცა, გახსოვთ შეთანხმების გაფორმების შემდეგაც, როგორი იყო მათი დამოკიდებულება, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, 100 დღის განმავლობაში მათ არ მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ხელს ვუწვდით თანამშრომლობაზე ოპოზიციას და ამ პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ მომავალშიც მოქმედებას. რაც შეეხება ამაზე ოპოზიციის პასუხს, არ ვიცი, შეიძლება თუ არა გვქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი.

„ყველაფერი არის ოპოზიციის ხელში. ისინი თუ გადადებენ ქვეყნის წალეკვის კამპანიას, ამ შემთხვევაში ყველაფერია შესაძლებელი. მათ გვერდზე უნდა გადადონ წალეკვის კამპანია და ჩაერთონ იმ ფორმატებში, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ კონსტრუქციული როლი შეასრულონ, მაგრამ, თუ მათ არ სურთ ევროპა, დარჩებიან წალეკვის დღის წესრიგში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლიტიკურ შეთავაზებებს მმართველი გუნდის ოპონენტებმა მალევე უპასუხეს უარით. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის არგუმენტი ხელისუფლების მიმართ მათი უნდობლობაა. მათი ნაწილი ამბობს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები ტექნიკურმა მთავრობამ უნდა შეასრულოს.

ოპონენტების რიტორიკაზე მორატორიუმის გამოცხადების იდეა არ მოსწონთ იმ პარტიებშიც, რომლებიც მმართველი გუნდის დღევანდელ სამოქმედო გეგმას იწონებენ და თანამშრომლობასაც გეგმავენ.

პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის შეთავაზება არის ადამიანების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა,

„კიდევ ერთი მცდელობა ამოვიკითხე ამ ბრიფინგში ადამიანების მოტყუების. დღეს მე არ მომისმენია გავლენის ჯგუფებზე არცერთი კომენტარი ბატონი კობახიძისგან, არ მოგვისმენია, რომ სასამართლო რეფორმა, რა ფორმატშიც „ოცნება" იმუშავებს, პირველ რიგში მიმართული იქნება გავლენის ჯგუფების აღმოფხვრისკენ. დღეს მე არ მომისმენია, რომ ამ სამუშაო ჯგუფში განიხილონ რეალური დეოლიგარქიზაციის საკითხი და ამ ოლიგარქში ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდნენ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლებას არ აქვს საზოგადოებაში ნდობა და საეჭვოა რამდენად შეასრულებენ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, ამიტომ უნდა შედგეს ეროვნული თანხმობის მთავრობა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და აცხადებენ, რომ თურმე მზად არიან რეკომენდაციები შეასრულონ, ეს იგივე ადამიანები არიან, რომლებიც ორი დღის წინ ამბობდნენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა არაფერს ნიშნავს, იგივე ხალხია „ქართული ოცნებიდან", რომლებიც ამბობდნენ, რომ ევროკავშირმა სტატუსი არ მოგვცა იმიტომ, რომ ქვეყნის ჩათრევა უნდოდა ომში, ასევე, შეერთებულ შტატებს უნდა საქართველოს ომში ჩათრევა.

„ამ დემაგოგიას და რუსულ პროპაგანდას ავრცელებდა იგივე ხალხი, რომელიც ახლა გვეუბნება, რომ ახლა რეკომენდაციებს შეასრულებენ. მათდამი ნდობა არ არსებობს საზოგადოებაში, სწორედ ამიტომ აუცილებელია „ქართულმა ოცნებამ" გააცნობიეროს, რომ აუცილებელია ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა. ეს იქნება გარანტია, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულდება. ასეთ მთავრობას ექნება სრული ნდობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ პოლარიზაციის შემცირების ყველაზე სწორი გზა სიძულვილის ენის გამოყენებაზე უარის თქმა და ბრალდებების შემცირებაა.

„ფაქტიურად იმას ითხოვს მმართველი გუნდი, რომ კრიტიკული განცხადებები არ გააკეთოს ოპოზიციამ და არ მოითხოვოს ხელისუფლების გადადგომა. ამას არ დათანხმდება ოპოზიცია. ეს შეთავაზება არის უფრო პიარსვლა, ვიდრე რეალური მოთხოვნა.

„პოლარიზაციის შემცირებას განაპირობებს ხელისუფლების სწორი ქმედებები. ვფიქრობ, პირველ რიგში მათ ამგვარი ქმედებებით კი არ უნდა მოუწოდონ მორატორიუმისაკენ, არამედ, უარი უნდა ითქვას სიძულვილის ენის გამოყენებაზე.

„გარდა ამისა, კიდევ უფრო უნდა დააკონკრეტოს მმართველმა გუნდმა რას მოითხოვს და რა მიაჩნია პოლარიზაციის შემცირებად, რადგან ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაზე უარის თქმა არ ნიშნავს პოლარიზაციის შემცირებას, ეს არის ოპოზიციის პოლიტიკური მოთხოვნა.

„მე მაინც მგონია, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების ერთადერთი გზა არის უარის თქმა სიძულვილის ენაზე, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მხრიდან. შემდეგ თავისთავად გახორციელებული პროცესები მოიტანს მის შემცირებას, რადგან ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ უნდობლობაა მხარეებს შორის. უნდობლობა თუ აღმოიფხვრება, ადგილიც აღარ დარჩება პოლარიზაციისთვის ", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე