თამთა ჩაჩანიძე
(29.06.2022)

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს 28-30 ივნისის სამიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებთან, ისე ამერიკელ კონგრესმენებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ მადრიდში ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით, ნატოს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ ვახშამი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, საქართველოს მთავრობის მეთაურიც დაესწრო.

ნატოს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფემ ფილიპე VI -მ. ნატოს სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ტომ ტილისი ხელმძღვანელობდნენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. საუბარი შეეხო იმ მიღწევებს, რომლებიც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სფეროებს მოიცავს. გამოითქვა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.

ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურად იქნა აღიარებული, რაც ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრმა სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აშშ-ის კონგრესის სენატორები: დიკ დარბინი, კრის კუნსი, როი ბლანტი, დიბ ფიშერი და ჯონი ერნსტი.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნულ შეხვედრას ეხმიანება. ამბობს, რომ აშშ-ის სენატორების დელეგაციასთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა განიხილეს.

"სიღრმისეული საუბარი მქონდა აშშ-ის სენატორების ერთობლივ დელეგაციასთან ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ტომ ტილის მონაწილეობით. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერზე".

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ერთ-ერთი მაღალი დონის შეხვედრა შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან მაგდალენა ანდერსონთან ჰქონდა, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის პოზიტიური დინამიკა და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება.

ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

ამ შეხვედრას ღარიბაშვილი „ტვიტერზე" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო მეგობარი შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს მიესალმება.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან. საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს. საქართველოში ამაყობენ შვედეთის სახით ნამდვილი მეგობრისა და სანდო პარტნიორის ყოლით. შვედეთის მხრიდან ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფებების უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მორიგი შეხვედრა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებს შორის შედგა, ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს მადრიდში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. განხილვის მთავარი საკითხები კი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები იყო.

ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბორის ჯონსონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია.

აღსანიშნავია, რომ 28-30 ივნისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნატოს სამიტზე ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტზე მიიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე