ელზა პაპოშვილი
(17.05.2022)

მარიუპოლისთვის ბრძოლა დასრულებულია - ქალაქის უკანასკნელ დამცველებს, რომლებიც ქარხანა „აზოვსტალში“ იყვნენ გამაგრებული, უკრაინის სარდლობამ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა უბრძანა. რამდენიმე ასეული მებრძოლი ორშაბათს ღამით უკვე დანებდა მოწინააღმდეგეს და ეს პროცესი ამჟამადაც გრძელდება. რა სახის გარიგება შედგა რუსეთსა და უკრაინას შორის, მოხდება თუ არა ტყვეების გაცვლა და რა ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენს მებრძოლ მხარეებზე „აზოვსტალის“ გარნიზონის მიერ იარაღის დაყრა?

„აზოვსტალთან“ დაკავშრებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, მოლაპარაკებაში „წითელი ჯვარი“ და გაერო მონაწილეობენ. ზელენსკი იმედოვნებს, რომ ჯარისკაცების სიცოცხლეს გადაარჩენენ.   

„უკრაინელი სამხედროების ქმედებების დახმარებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მომლაპარაკებელი ჯგუფის, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტისა და გაერო-ს დახმარებით. გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. მათ შორის არიან დაჭრილები, მათ სჭირდებათ დახმარება. მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია უკრაინელი სამხედროების და მზვერავების მიერ დაწყებულია. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობას და დროს საჭიროებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

თუმცა მოსკოვში ამ გაცვლის კატეგორიული წინააღმდეგი არიან. რუსეთის უმაღლესი სასამართლო უახლოეს დღეებში ბატალიონ „აზოვს“ ოფიციალურად გამოაცხადებს ტერორისტულ ორგანიზაციას, დუმაში კი აცხადებენ, რომ ამ ბატალიონის მებრძოლების რუს ტყვეებში გაცვლა მიუღებელია და ისინი რუსეთში უნდა გასამართლდნენ.

სისხლიანი ალყის ქრონიკები

ბრძოლა მარიუპოლისათვის 83 დღეს გრძელდებოდა. 3 მარტიდან მოყოლებული, ქალაქი რუსებს უკვე ალყაში ჰყავდათ და ნელნელა ავიწროებდნენ მოწინააღმდეგეს. დაახლოებით ბოლო ერთი თვე კი უკრაინელი მებრძოლები მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალში“ ივნენ გამაგრებული.

„აზოვსტალის“ გარნიზონი ძირითადად ბატალიონ „აზოვის“ წევრებისა და უკრაინელი საზღვაო ქვეითებისგან შედგებოდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ჯამში ეს იყო დაახლოებით 3 000-კაციანი დაჯგუფება, რომელსაც, ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, რუსების 20 000-იანი კონტიგენტი უტევდა.

გარდა ამისა, რუსები მათ წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშრისო ონვენციებით აკრძალულ იარაღს იყენებდნენ.

„აზოსვტალს“ ასევე თავს აფარებდა 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა გამოყვანაც საბრძოლო მოქმედების ზონიდან ეტაპობრივად მოხდა და დაახლოებით 10 დღის წინ დასრულდა.

16 მაისს კი უკრაინელებმა წინააღმდეგობა შეწყვიტეს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გარნიზონმა ამოწურა ყველანაირი რესურსი - გაუთავდათ როგორ შეიარაღება, ასევე საკვები და სასმელი წყალი. გათავდა აუცილებელი მედიკამენტებიც, რაც განსაკუთრებით ამძიმებდა დაჭრილების მგდომარეობას.

ორშაბათს ღამით „აზოვსტალიდან“ 264 უკრაინელი სამხედრო გამოიყვანეს. მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 კი ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენივკაში - ეს ქალაქები რუსების კონტროლის ქვეშაა.

ტყვედ ჩაბარების პროცესი ამჟამადაც გრძელდება, თუმცა ვითარება ბოლომდე გარკვეული არ არის. არაოფიციალური ინფორმაციით, ქარხნის ქვეშ მოწყობილ ბეტონის კატაკომბებში კიდევ 2 000-მდე უკრაინელი სამხედრო რჩება და ვრცელდება ცნობები, რომ მათი ნაწილი დანებებაზე კატეგორიულად ამბობს უარს.

ჩვენი დროის სპარტელები

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, „აზოვსტალის“ ალყამ და განსაკუთრებით ბატალიონ „აზოვის“ გმირობამ ომის მომდინარეობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. მათი შეფასებით, რუსებმა სწორედ იმის გამო დაიხიეს კიევიდან, რომ მარიუპოლის სწრაფად აღება ვერ შეძლეს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა გააკეთა.

„მარიუპოლის გარნიზონის გმირობის წყალობით შესაძლებელი გახდა კიევიდან რუსი ოკუპანტების ჯარების გაყვანა. მათ შეასრულეს ბრძანება, შეეკავებინათ 20 000 რუსი დამპყრობლების ჯგუფი და არ გაეშვათ ისინი ზაპოროჟიეში და კიდევ უფრო მეტად დონეცკის ოლქში. ჩვენი მთავარი მიზანია, გადავარჩინოთ მარიუპოლის დამცველთა გარნიზონის სიცოცხლე, რომელშიც შედიან საზღვაო ქვეითები, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები, პოლიცია, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდია, ცალკეული ლეგიონის „აზოვის“ ჯარისკაცები“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

მანვე ჟურნალისტებთან საუბრისას მოლაპარაკების გარკვეული დეტალებიც გაამხილა.

„მე მესმის მარიუპოლის მკვიდრი დამცველების სურვილი ჩინეთთან მიმართებაში. ჩინეთის სუბიექტურობა ამ შემთხვევაში ცოტას გადაწყვეტს. ერთი თვის წინ მე თვითონ განვიხილე სტამბოლში თურქეთის ჩართვის შესაძლებლობა პრეზიდენტ ერდოღანთან, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. კრემლის ლიდერს ხომ თავისი იდეა და ხედვა აქვს. სწორედ ამიტომ, პუტინმა საბოლოოდ უარი უთხრა ერდოღანს“, – თქვა რეზნიკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კი „აზოვსტალის“ მცველები ლედენდარულ 300 სპარტელს შეადარა.

„მარიუპოლის თავდაცვის 83 დღე ისტორიაში დარჩება, როგორც XXI საუკუნის თერმოპილე. „აზოვსტალის" მცველებმა ჩაშალეს რუსეთის გეგმა, დაეპყრო უკრაინის აღმოსავლეთი და დაამტკიცეს ნამდვილი „საბრძოლო შესაძლებლობები“. ამან მთლიანად შეცვალა ომის კურსი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

რამდენად გამართლებულია უკრაინის სარდლობის გადაწყვეტილება 

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან „აზოვსტალის“ რუსებისთვის ჩაბარების ბრძანება სწორია, რადგანაც ამ მებრძოლების სიცოცხლე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათი გაწირვა წარმოუდგენელი ტრაგედია იქნებოდა. ამიტომ უკრაინას მათ გადასარჩენად სხვა გზა არ ჰქონდა. 

„უკრაინის ხელისუფლებისთვის და მითუმეტეს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ძალიან დიდი ტრაგედია იქნებოდა, თუკი „აზოვის“ პოლკის მებრძოლების ასე უბრალოდ დაღუპვას დაუშვებდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგანაც სხვა გამოსავალი აღარ არსებობდა. 

„გასაგები იყო, რომ სიტუაცია ასე დასრულდებოდა. სადღაც 2000-მდე კაცი ჯერ კიდევ აზოვსტალში რჩება და როგორც ჩანს, მათი ევაკუაცია და ჩაბარებაც ნელ-ნელა მოხდება. „აზოვსტალი“ და მთლიანად მარიუპოლი უკვე რუსების ხელშია და იქ რაიმე წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა. 

„მესმის „აზოვის“ პოლკის მებრძოლების და მათი ოჯახის წევრების განწყობის, რომლებიც ხელისუფლებაზე ნაწყენები იყვნენ, მაგრამ ომში ყვლაფერი ხდება და ნებისმიერი სამხედრო ომში მზად არის, რომ შესაძლოა მსგავსი რა მოხდეს. კი, ბატონო, იყო გარკვეული შეცდომები დაშვებული უკრაინელების მხრიდან, მაგრამ არც რუსები არინ გულუბრყვილოები. ომი მათაც იციან. ქარხნის ტერიტორიაზე ისეთი სპეცრაზმი შეიყვანეს, რომელბიც მსგავს ბრძოლებში გამოცდილია. ასევე ისეთ აკრძალულ ბომბებს თუ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ, რომ 3000-მდე ადამიანს მეტი რაღა უნდა ექნათ. 1000-კილომეტრიან დერეფანს და ალყას კი უკრაინის ჯარი ვერ გაარღვევდა. შეცდომა ის იყო, რომ უკრაინელებს ეგონათ „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები 5 თვე მაინც ვერ შევიდოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.

„აზოვსტალის“ დანებების ფსიქოლოგიური ეფექტი

მაისაია ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ამას გარკვეული გავლენა ექნება, მაგრამ მათი ქარხანაში დარჩენა და ასე უბრალოდ დაღუპვა უფრო დიდი ტრამვა და შოკი იქნებოდა, რაც თავად უკრაინელ ხალხშიც დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა. „აზოვსტალის“ გარშემო უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ უკვე გარკვეული უკმაყოფილების მუხტი გროვდებოდა, ამიტომაც ეს გადაწყვეტილება ყველა მხრივ საუკეთესოა. 

„რა თქმა უნდა, „აზოვის“ პოლკის დანებება უკრაინის ჯარზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს, მაგრამ მათი დაღუპვა საერთოდ კატასტროფა იქნებოდა. ეს ხალხი იქ რომ დარჩენილიყო და ასე უბრალოდ დახოცილიყვნენ, დამიჯერეთ უკრაინის ხელისუფლების რეიტინგიც დაეცემოდა და მოსახლებაში დიდი ნიჰილიზმი გაჩნდებოდა. ჯარის დემორალიზებას გამოიწვევდა. ამიტომ ეს არის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი. 

„ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული მოვლენები, საბოლოო ჯამში როგორ დასრულდება - მოხდება თუ არა ტყვეების გაცვლა და რა ვადებში, ამ ხალხს რუსები როგორ მოექცევიან, ხომ არ მოხდება მათი წამება და ა.შ. მოვლენების შემდგომ განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებს მაისაია „რეზონანსთან“. 

რა შეიცვლება ბრძოლის ველზე

ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ქალაქი მარიუპოლი, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით ორივე ქვეყნისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს. ამიტომ რუსები ახლა სტრატეგიულად ბევრად მომგებიან სიტუაციაში იქნებიან. 

„რუსები მარიუპოლს ზურგის გამაგრებისთვის გამოიყენებენ. ლოჯისტიკური თვალსაზრისით მათთვის ეს ქალაქი ძალიან ღირებულია. ამით დონეცკის რეგიონის ანექსიის კიდევ უფრო  მეტი შესაძლებლობა ეძლევათ. მარიუპოლში მყოფი შეიარაღებული ძალების ნაწილები უკვე სხვა ფრონტებზე გადანაწილდება, ამან კი შესაძლოა დონბასში მოქმედი უკრაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევის საფრთხე გააჩინოს“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.

ვინ იყო შუამავალი და შეიძლება თუ არა რუსების ნდობა 

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი „რეზონანსთან“ მბობს, რომ ყველფერი  გაისაიდუმლოებულია და ზუსტად არავინ იცის რა სახის გარიგებასთან გვაქვს საქმე, მოუწია თუ არა უკრაინას „აზოვის“ პოლკის მებრძოლების სიცოცხლის ფასად რამის დათმობა, თუ ყველაფერი მხოლოდ პუტინის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.  

„მთავარია შეთანხმება როგორ მოხდა და რა სახის მოლაპარაკებაზეა საუბარი. ყველაფერი იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ჩვენ არ ვიცით ამ წუთას იქ რა ხდება. რუსების პოზიცია სხვაა, უკრაინელები კი სრულიად სხვას ამბობენ. დღეს ფაქტია, რომ „აზოვის“ პოლკის მეომრების ნაწილი უკვე რუსების მხარეს არიან და ყველაფერი მაინც საბოლოო შედეგზე იქნება დამოკიდებული. შემდგომი რეაგირება და განწყობები როგორც ჯარში, ასევე მოსახლეობაში მერე უფრო გამოჩნდება. 

„თუკი ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც დეკლარილებულია და ამ მეომრების რუს ტყვეებში გაცვლა მოხდება, მაშინ ეს მოლაპარაკება წარმატებულად ჩაითვლება. ყველა მეომარი თუ იქიდან ცოცხალი ამოსვლას შეძლებს და გაცვლაც წარმატებით დასრულდება, მაშინ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ადამიანების ფიზიკური გადარჩენაა მნიშვნელოვანი, მითუმეტეს მებრძოლების, რომლებმაც უკრაინის არმიის და ომის წარმატებაში დიდი  წვლილი შეიტანეს. ისინი უკვე ისედაც გმირები არიან, რადგანაც ამხელა შეტევებს სულ რაღაც 3000-მდე ადამიანი  იგერიებდა“, - ამბობს ბენდიანიშვილი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, შესაძლოა მოლაპარაკებაში გაეროსა და „წითელი ჯვრის“ გარდა სხვა მხარეც არის ჩართული, რომლის შესახებაც საჯაროდ ცნობილი არაფერია. 

„ეჭვი გაჩნდა, რომ მხოლოდ ამ ორგანიზაციების გარანტიების საფუძველზე „აზოვის“ პოლკის მებრძოლები იარაღის დაყრისა და ჩაბარების გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. ეს არის ძალიან სერიოზული ოპერაცია, რომელშიც მგონია, რომ უფრო  სხვა მხარეები არიან ჩართულები. კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, თუ ეს პროცესი არ დასრულდა და საბოლოო სურათი არ გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, აქ ვიღაც მესამე  მხარეა, რომელსაც უფრო ძლიერი და დიდი  გავლენა აქვს. 

„ასევე არსებობს მეორე ვერსიაც - რომ პუტინი ამ ომიდან გამოსავლის პოვნას ცდილობს და სწორედ ეს არის ის გადაწყვეტილება, რომლის მიხდევითაც მას უნდა მსოფლიოს აჩვენოს, რომ არ არის ისეთი კაციჭამია, როგორიც  ჩანს, ჰუმანური ადამიანია, რომელიც დაჭრილებს პატრონობს. ამიტომ მოვლენების დასრულებას უნდა დაველოდოთ. საკმაოდ საინტერესო ფაქტის მომსწრენი  ვართ“, - აცხადებს კონფლიქტოლოგი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე