თამთა ჩაჩანიძე
(17.05.2022)

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგ ომზე წავიდეს, რათა უკრაინის წარუმატებლობის ფონზე სწრაფად მოიპოვოს გამარჯვება და შეინარჩუნოს თავისი რეპუტაცია - „სიენენის" ცნობით, ამის შესახებ ამერიკელი მეცნიერი და ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი აცხადებს. ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ საფრთხე მართლაც რეალურია და ამაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები საუბრობენ.

„რამდენიმე მკვლევარმა და აქტივისტმა თქვა, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიჭედა, მას სწრაფი გამარჯვება დასჭირდება და შესაძლოა საქართველოზეც გადაერთოს", - თქვა ლინკოლნ მიტჩელმა.

მისივე თქმით, მას ამ თემაზე მას საუბარი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომელმაც განაცხადა, რომ „მათ (რუსეთს) შეუძლიათ რაღაც რადიკალური გააკეთონ თავისი რეპუტაციის გადასარჩენად".

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ მიტჩელი იმეორებს იმას, რაც მანამდე სხვებმა თქვეს, თუმცა საფრთხე მართლაც დიდია, რადგან ამაზე გაცილებით სერიოზული ხალხი საუბრობს და ყველაზე მთავარი - საქართველოს არაპროგნოზირებადი მეზობელი ქვეყანა ჰყავს.

„ლინკოლნ მიტჩელი იმეორებს იმას, რაც მასზე ადრე სხვებმა თქვეს. ამაზე გაცილებით უფრო სერიოზული ხალხი ლაპარაკობს, როგორიცაა, მაგალითად, ჩვენი ნატო-ელი და ევროკავშირელი პარტნიორები. ვგულისხმობ როგორც სახელმწიფოს მეთაურებს, ისე ნატოს გენერალურ მდივანს, საგარეო საქმეთა მინისტრებს. ამაზე საკმაოდ სერიოზული პოლიტიკოსები საუბრობენ.

„სამწუხაროდ, საფრთხე არსებობს და არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს საკმაოდ სერიოზულია, რადგან ჩვენ გვყვავს მეზობელი, რომელიც აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია და ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც მანიაკალური იდეებითაა შეპყრობილი. ამიტომაც ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს.

„თავდაცვისუნარიანობის მაქსიმალური გაზრდა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველა შეხვედრაზე, რომელიც ახლა იმართება, იქნება ეს ნატო-ს ფორმატში, ორმხრივ თუ ნებისმიერ ფორმატში, საქართველო უნდა იყოს წარმოდგენილი და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის და დაცულობის საკითხი აქტუალურად განსახილველ თემებს შორის იყოს.

„ეს საფრთხე გვიდგას, რაც ჩვენ ვარსებობთ. რუსეთს საქართველოს სახელმწიფოს არსებობა აღიზიანებს და ამის შესახებ უკვე ღიად საუბრობენ. მათ საქართველო სხვანაირად წარმოუდგენიათ, რაც ჩვენს ეროვნულ ინეტერესებს ეწინააღმდეგება. ამიტომ ეს საფრთხე არსებობს პოლიტიკურ დოკუმენტებშიც და განხორციელებულიცაა აგერ თბილისიდან 40 კილომეტრში და იმ მეხუთე კოლონის სახითაც, რომელიც საქართველოში ყოველდღიურად აქტიურდება და ქართულ მოსახლეობას წამლავს. ამას თუ ყურადღება დროზე არ მივაქციეთ, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით", - განაცხადა ფხალაძემ.

კითხვაზე, ამ საფრთხისთვის საქართველოს ხელისუფლება რამდენად მზადაა, ფხალაძემ განაცხადა:

„ვერ ვიტყვი, რომ მზადაა. ამ საკითხებს გაცილებით მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდება, ესაა საქართველოში მეხუთე კოლონის აქტიურობა, თუ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ოპერაციები. ჩვენს პარტნიორებთან ძალიან აქტიური მუშაობა გვჭირდება, რომ ყველა ფორმატში, ეს იქნება ნატო, „დიდი შვიდეული" თუ ევროკავშირი, სადაც რეგიონის უსაფრთხოება განიხილება, იქ საქართველოს თემა უნდა იდგეს,"- განაცხადა ფხალაძემ.

ლინკოლნ მიტჩელი კოლუმბიის უნივერსიტეტის „ჰარიმანის ინსტიტუტის" ასოცირებული პროფესორია. 2006-2009 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. 2002-2004 წლებში „ენდიაი"-ს საქართველოს ბიუროს დირექტორი.

მიტჩელი სხვადასხვა დროს მუშაობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში, ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა საარჩევნო კამპანიების პოლიტიკურ მრჩევლად ნიუ-იორკში. 2008 წელს გამოვიდა მისი წიგნი „ბუნდოვანი დემოკრატია: ამერიკის საგარეო პოლიტიკა და საქართველოს „ვარდების რევოლუცია".

2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს იყო კოალიცია „ქართული ოცნების" მრჩეველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე