ია აბულაშვილი
(13.05.2022)

მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასა და პოლიტიკური პარტიების სამომავლო გეგმებზე საუბრისას პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან" აღნიშნა, რომ საქართველოში კლასიკური ტიპის პოლიტიკური პარტია არ არსებობს, არ გვყავს მოაზროვნე პოლიტიკოსები და პოლიტიკურ პროცესებს მართავენ პოლიტიკით მოთამაშე ადამიანები.

იგორ კვესელავა: სამწუხაროდ, საქართველოში კლასიკური ტიპის პოლიტიკური პარტია არ არსებობს, 30 წელია, ჩვენი პოლიტიკური ელიტა ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს. არ გვყავს ღრმად მოაზროვნე პოლიტიკოსები, პოლიტიკურ პროცესებს მართავენ პოლიტიკით მოთამაშე ადამიანები. არ ხდება განვითარება, პოლიტიკოსების ენა ღარიბია, პარლამენტში ისეთი დეპუტატები გვყავს, ორ სიტყვას ვერ ამბობენ, დიპლომატიაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ამიტომაც ვართ ამ დღეში.

რაც შეეხება სააკაშვილის ფაქტორს და გავლენას ქვეყნის შიდა პროცესებზე, მიშა არის საფრთხე ხელისუფლებისთვის, რადგან ჰყავს თავისი ამომრჩეველი, დეპუტატები პარლამენტში, მხარდამჭერები უკრაინის მთავრობაში და ევროპაში. მაგრამ ანგარიშგასაწევი საფრთხე არ არის იმიტომ, რომ ვერ მოახდენს გადატრიალებას, 50 ათას კაცს ყოველდღე რუსთაველზე ვერ გამოიყვანს, პოლიტიკური კრიზისი რომ შექმნას, მის გარეშე კი ნაცმოძრაობა ვერანაირ პოლიტიკურ კრიზისს ხელისუფლებას ვერ შეუქმნის.

ვურჩევ ხელისუფლებას, მოიშოროს ეს თავის ტკივილი და სააკაშვილი გაუშვას საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ეს კაცი ხომ ისევ პატიმარი რჩება, მაგრამ ზოგიერთი ლენჩი ეუბნება ირაკლი ღარიბაშვილს, მიშა რომ გავუშვათ, მხარდამჭერებს დავკარგავთო. ირაკლი არ დაკარგავს მხარდამჭერებს, ეგენი დაკარგავენ. კუდში მაინც დაიჭერენ ნაცმოძრაობას, მიშა თუ არ იქნება, ნაცმოძრაობა მაშინვე დაიშლება.

„რეზონანსი": დანარჩენი პოლიტიკური პარტიები თუ შეინარჩუნებენ პოზიციას?

ი.კ: პოლიტიკური პარტიები, რომლებიც „ნაციონალებს" იყვნენ მიკედლებული და მათ „კარმუშკაზე" იმყოფებოდნენ, აღარ ჩანან და არც თავს გაწირავენ მიშასთვის. ვხედავთ უკვე განცხადებებს, მიშა, ამდენს ნუ ტირიხარო. ვინ არის ეს ხალხი, ნათელაშვილები და სხვები, ერთი კაცი ვერ გაიყვანეს პარლამენტში. დღევანდელი ოპოზიცია თუ არ გაერთიანდა, „ქართული ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში. დღეს მმართველი გუნდისთვის „ნაცმოძრაობა" და მიშა კი არ არის ოპოზიცია, ქვეყანაში შექმნილი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობაა ოპოზიცია. ერთი ირაკლი ღარიბაშვილი რას იზამს, ეკონომიკას მიხედოს, განათლებას თუ ექიმებს...

პროფესორი ვარ და კარგად ვიცი, რა პრობლემებია დღეს განათლების სისტემაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენთან მხოლოდ დიპლომი უნდათ და განათლება - არა, სტუდენტებმა წერა-კითხვა არ იციან, ილია ჭავჭავაძე ვინ არის, ვერ გეტყვიან... განათლების გარეშე ვერ იქნება ქვეყნის განვითარება. ამის გამო მოხდა უთანხმოება ჩემსა და სააკაშვილს შორის. მისი მრჩეველი ვიყავი და ვეუბნებოდი, განათლებაში პრობლემებია და ქვეყანა დაიღუპება-მეთქი. კი მისმენდა, მაგრამ მისი ლენჩები, მასაც ჰყავდა ლენჩები, ეუბნებოდნენ, რას ამბობს ეს კვესელავაო? ერთხელ ისიც თქვა მიშამ, აქ მეათე სართულზე წყდება ყველფერი და არა მეხუთე სართულზეო, ჩემს გასაგებად. კანცელარიაში მეათე სართულზე მიშა იჯდა, მეხუთეზე ჩვენ - მრჩევლები.

„რ": პრემიერმა ევროკავშირის ელჩს კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. რას ელით, სამივე ქვეყანას - უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ერთნაირი ყურადღება დაეთმობა?

ი.კ: არ მაქვს მოლოდინი, რომ მიდგომა ამ ქვეყნების მიმართ იდენტური იქნება, დღეს პრიორიტეტი არის უკრაინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე