ელზა პაპოშვილი
(12.05.2022)

უკრაინაში ომის 78-ე დღეა - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსებმა იერიში მიიტანეს ხარკოვზე - სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ვრცელდება პოლტავის რეგიონში საავიაციო თავდასხმის შესახებ. ოკუპანტებმა დაბომბეს დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქები. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ძალების ძალისხმევა ქალაქ რუბეჟნოეზე სრული კონტროლის მოპოვებისკენ არის მიმართული. რუსები იერიშს ცდილობენ ლიმანის დასახლებისკენ. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა მებრძოლებმა დონბასში 9 რუსული თავდასხმის მოგერიება მოახერხეს.   

უკრაინა „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაჭრილი სამხედროების გამოყვანის სანაცვლოდ რუსეთს ტყვეების გადაცემას სთავაზობს. ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რომ მოსკოვიდან ამ საკითხზე პასუხი ჯერჯერობით არ არის.

კიევში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ აზოვსტალის სამხედრო გზით განბლოკვა შეუძლებელია და რომ რუსეთი  სამხედროების მესამე ქვეყანაში გადაყვანაზეც უარს აცხადებს. მარიუპოლში მყოფი უკრაინელი სამხედროები კი დახმარებისთვის ილონ მასკს მიმართავენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა „ტვიტერზე“ „ტესლას“ დამფუძნებელ მილიარდერს სთხოვს დაეხმაროს მებრძოლებს „აზოვსტალიდან“ მესამე ქვეყანაში გასვლაში.

სიენენ-თან საუბრისას კი აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ ქარხანა, სავარაუდოდ, ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ უკვე დატოვა, თუმცა დანამდვილებით ამის თქმა შეუძლებელია. პალამარის განცხადებით, მისი 600 მებრძოლი მძიმედ დაჭრილია და კიევმა „აზოვის“ მეომრების გადასარჩენად შეუძლებელი უნდა შეძლოს.

„ხელისუფლებას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ შეიძლებოდა ჩვენ ალყაში აღმოვჩენილიყავით და უნდა მიეღოთ ყველა საჭირო ზომა ლოგისტიკური დერეფნის შესაქმნელად, მომარაგებისთვის. ჩვენ არ მიგვიღია მითითება გასვლაზე, იყო და რჩება მხოლოდ ერთი ბრძანება: დაცვის გაგრძელება და ჩვენ ვაგრძელებთ დაცვას. ეს არის უაღრესად რთული და მძიმე ვითარება,“ - განაცხადა პალამარმა.  

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და სიბრძნის უკან ათასობით რეალური ისტორია, სახელი და გმირობის ისტორია დგას. ქვეყნის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ საჭიროებას, რაც უკრაინას უდგას ამ რთულ ბრძოლაში იარაღისა და ფინანსური დახმარების კუთხით. ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მთელი მსოფლიოსგან იგრძნონ, რომ ამ განსაცდელში მარტო არ არიან.

„ეს სამართლიანი და სწორი ჟესტია, პატივი მიაგო უკრაინელ ხალხს, რადგან სიმამაცე ჩვენი ხასიათის ეროვნული თვისებაა. ესენი არიან მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ შეუპოვარი მცველები, რომლებიც თვეებია ინარჩუნებენ პოზიციას. ეს ყველა მებრძოლია, რომელიც დაიღუპა უკრაინის დაცვისთვის, მაშასადამე ევროპის დაცვისთვის. ნუ შეგეშინდებათ, მოდით უკრაინაში. მოისმინეთ ათასობით მსგავსი ისტორია ჩვენზე, უკრაინელებზე. ჩახედეთ მათ მამაც თვალებში, ჩამოართვით მათ ხელი და დაინახავთ, რომ ისინი ამას დიდებისთვის არ აკეთებენ, რომ მათ მხოლოდ ჯილდოები არ სჭირდებათ, არამედ კონკრეტული დახმარება და მხარდაჭერა.

იარაღი, აღჭურვილობა, ფინანსური დახმარება, სანქციები რუსეთზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განცდა, რომ ამ რთულ ბრძოლაში მარტო არ არიან, რომ თქვენ, მთელი მსოფლიო, ჩვენი პლანეტის თავისუფალი სახელმწიფოები და ერები მხარს უჭერთ მათ,“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.  

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა ფრონტის ხაზზე ორივე მრიდან პოზიციური ბრძოლები მიდის. ამ ეტაპზე ფრონტებზე სიტუაცია 50-50-ზეა, ორივე მხარე თანაბარ საომარ მდგომარეობაში იმყოფება. შესაძლოა ითქვას, რომ უკრაინას თავდასხმით პოზიციებზე გარკვეული წარმატებებიც აქვს. 

„უკრაინამ შეტევაზე გადასვლა დაიწყო და ხარკოვიდან რუსების ოკუპაციური ძალების 50 კილომეტრით გაძევება შეძლო. რუსეთის ფედერაციის  საზღვრებს მიუახლოვდნენ, რაც რუსებისთვის საკმაოდ საგანგაშო სიტუაციას ქმნის. ხარკოვი  უკრაინელებმა  საარტილერიო დარტყმებისგან  გაათავისუფლეს. ახლა საფრთხეს იქით უქმნიან და არაა გამორიცხული, უკრაინულმა ძალებმა ზალპური და საარტილერიო ცეცხლით დარტყმები განახორციელონ რუსების ტერიტორიაზე, კომუნიკაციური ხაზების განადგურებაც კი შეუძლიათ. ეს კი საკმაოდ დიდი წარმატებაა. ამას თავის დროზე მე ვწინასწარმეტყველებდი და თქვენს  გამოცემასთანაც არა ერთხელ მითქვამს. უკრაინელები საკმაოდ კარგ და სწორ აქტიურ თავდაცვით ბრძოლებს ახორციელებდნენ, რაც საშუალებას იძლეოდა, რომ მათ კონტრდარტყმებიც განეხორციელებინათ. ეს პროგნოზიც აღსრულდა და უკრაინელებმა შეტევაზე გადასვლა დაიწყეს. 

რაც შეეხებათ რუსებს, მათაც ფორნტის სხვა ხაზზე წარმატებები აქვთ. აქ თუ უკრაინამ ბრძოლები მოიგო, კრამატოვსკის და სევეროდონეცკის  მიდამოებში  უკრაინელებს მძიმე სიტუაცია აქვთ. რუსებმა თავდაცვითი ზღუდეები გაარღვიეს. ბრძოლები უკვე ქალაქ პოპასნოესთან მიდის და დასახლება სამწუხაროდ უკვე მათ ხელშია. არსებობს გარკვეული საფრთხე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ მცირე ტომარაში მოხვდნენ. ანუ რუსებმა ალყისთვის რკალი შეკრან და მათ უკან დახევა ვერ შეძლონ. თუ უკრაინელებმა წარმატებით შეუტიეს ხარკოვიდან, რუსებს წარმატება ამ მიმართულებით აქვთ“, - ამბობს მაისაია „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, რაც შეეხება დონეცკის და ლუგანსკის რეგიონში  არსებულ სიტუაციას, აქ უპირატესობა როგორც აღინიშნა რუსებს აქვთ. რაც შეეხება ოდესას, მაისაია ამბობს, რომ აქ სტაბილური სიტუაციაა. ხერსონის და საპროჟეთის მიმართულებითაც არცერთი მხრიდან აქტიურობა არ შეიმჩნევა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე