თეონა ვეშაგური
(12.05.2022)

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანეს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის" წევრები კვლავ მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას ითხოვენ. ოპოზიციის სხვა წევრებს კი მიაჩნიათ, რომ „ნაცმოძრაობამ" უნდა გამოაცხადოს თვითდაშლა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანა ვერ ჩააცხრობს იმ აჟიოტაჟს, რომელიც ენმ-მ წამოიწყო, მაგრამ „ოცნებას" ექნება პასუხი იმ დასავლელი დიპლომატებისთვის, რომლებმაც გამოხატეს შეშფოთება სააკაშვილის საქმეზე.

„სააკაშვილის ირგვლივ ასეთი აჟიოტაჟი რომ არ იყოს, მალე დაავიწყდება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ის არ ადარდებს. აქედან გამომდინარე, მუდმიავად ამ საკითხის გააქტიურებით იქნებიან დაკავებულნი მისი მხარდამჭერები.

„რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიიღო ხელისუფლებამ მისი გადაყვანის გადაწყვეტილება. ამას აქვს ორი ახსნა - ერთი შეიძლება იყოს წმინდა სამედიცინო მხარე, რადგან გასაგებია, რომ ციხის საკანში ვერ მოხერხდება შესაბამისი მკურნალობის გაწევა. სწორედ ამიტომ, მოიძებნა კომპრომისული ვარიანტი. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ამით „ოცნებამ" გადადგა გარკვეული შემხვედრი ნაბიჯი „ნაცმოძრაობის" მოთხოვნის საპასუხოდ. მათ ასევე გარკვეულწილად უპასუხეს იმ განცხადებებსა და შეშფოთებას, რაც დასაველეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან მოდიოდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათი კონტროლის ქვეშ იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

რაც შეეხება „გირჩის" დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად აუცილებელია ენმ-ის დაშლა, ამაზე ანჯაფარიძე ამბობს, რომ გამოთქმული მოსაზრება სრულიად აბსურდულია, რადგან სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა" არასდროს განახორციელებს პარტიის თვითდაშლას.

„ვის წარმოუდგენია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ადგება და თვითდაშლას გამოაცხადებს და როგორც პოლიტიკური სუბიექტი შეწყვეტს არსებობას? როგორ უნდა მოგივიდეს ასეთი რამ თავში? ეს წარმოუდგენელია და ამაზე კომენტარის გაკეთება არც ღირს", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

„ვივა მედის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სააკაშვილი ხუთშაბათს გადაიყვანეს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომობილები იყო მობილიზებული, ადგილი კი ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრეს. ენმ-ის წევრები ექსპრეზიდენტის კვლავ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას ითხოვენ.

„ბატონმა პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ მის ინტერესებს იცავენ და არავინ აპირებს მის დათმობას. თქვენ ხედავთ საზოგადოების ერთიანობით, კონსოლიდაციითა და უცხოელებთან მუშაობით მიღებულ შედეგებს. ეს ასე გაგრძელდება და ამას კონკრეტული შედეგი მოჰყვება, მიშა მალე უნდა გავიდეს ქვეყნიდან სამკურნალოდ. აქ მოსვლა არ არის მკურნალობა, ეს არის მოსამზადებელი ეტაპი, რომ ქვეყნიდან გავიდეს პრეზიდენტი," - განაცხადა ენმ-ის წევრმა გიორგი ჩალაძემ.

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად საჭიროა „ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება და ეს ნება რომ დადგეს, ამისთვის ყველაზე მოკლე გზა "ნაცმოძრაობის" დაშლაა. ჩემი აზრით, ეს პარტია მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაა. შესაბამისად, მისი გადასაწყვეტია ამ საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიება, მათ შორის დაშლა. აქედან გამომდინარე, მთავარი არ არის „ნაცმოძრაობის" დაშლა, მთავარია მიხეილ სააკაშვილს ეყოს ძალა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის. მისი ჯანმრთელობისთვის უკიდურესად აუცილებელია არა „ვივამედში" გადაყვანა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის" დაშლა. ეს არის რეცეპტი. არ ვიცით, ყველა წამალი საბოლოო ჯამში განკურნავს თუ არა, მაგრამ სწორი წამლის დანიშვნა პირველი გზაა გამოჯანმრთელებისთვის. სწორი წამალი „ნაციონალური მოძრაობის" დაშლაა, ეს როგორ იმოქმედებს ვნახოთ, მაგრამ თუ წამალს არ დალევ, ისე ვერ გამოჯანმრთელდები," - განაცხადა ხვიჩიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე