თამთა ჩაჩანიძე
(12.05.2022)

რუსეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს აჭიანურებს, თუმცა საჰაერო იერიშებს არ წყვეტს. განსაკუთრებით აქტიური საბრძოლო მოქმედებების ფაზა ხარკოვის მიმართულებითაა, სადაც უკრაინელებმა შეძლეს, საოკუპაციო ძალები განდევნეს და რამდენიმე ქალაქი და სოფელი დაიბრუნეს. სამხედრო ანალიტიკოსთა ცნობით, რუსებს ახლა შიში აქვთ, რადგან თუ საბრძოლო ზონა რუსეთის ტერიტორიაზე გადავა, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი დაეცემა და ხალხი მიხვდება, რომ ქვეყანა რეალურად ცხარე ომშია.

რა ხდება ფრონტის ხაზზე - რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე თავდასხმა მძიმე არტილერიის გამოყენებით განახორციელეს, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

რუსი ოკუპანტების მიერ ნოვგოროდ-სევერსკზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა 14 კი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანა არ შეიძლება. მსუბუქად დაშავებულებს ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობენ.

საოკუპაციო ძალები „აზოვსტალზე" საჰაერო დარტყმებს არ წყვეტს, ძალისხმევა მიმართულიას უკრაინული შენაერთების დაბლოკვასა და განადგურებაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში, რათა დაამყარონ სრული კონტროლი დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქების ტერიტორიაზე და შეინარჩუნონ სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან.

„დონეცკის მიმართულებით რუსული ქვედანაყოფები ცდილობენ განავითარონ შეტევითი ოპერაციები ლიმანის, სევეროდონეცკის, ბახმუტის, ავდიივკასა და კურახივის მიმართულებით. მთავარ ამოცანად რჩება რუბეჟნოეზე სრული კონტროლის დამყარება, ლიმანისა და სევეროდონეცკის აღება.

„ლიმანის მიმართულებით, მტერმა გადალახა მდინარე სივერსკი დონეცი, რათა განეხორციელებინა შეტევა. სივერსკის მიმართულებით შეტევა ხორციელდება ზელენა დოლინას და ნოვოსელივკას მიმართულებით. ბრძოლა გრძელდება.

„სევეროდონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგე ნაწილობრივ წარმატებით მიიწევს კუდრიაშივკას მიმართულებით. ბახმუტის მიმართულებით მტერი შტურმით უტევს პერვომაისკსა და კომიშუვახას. ბრძოლა გრძელდება. ავდიივკას მიმართულებით მტერი შტურმით უტევს ნოვობახმუტივკასა და ნოვოკალინოვს. კურახივის მიმართულებით მოწინააღმდეგე მიიწევს სტეპნე - ნოვომიხაილივკის, სლავნე - ნოვომიხაილივკის და ოლექსანდრივკას - მარინკას მიმართულებებით. ბრძოლა გრძელდება,"- აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე ცხრა შეტევა მოიგერიეს. გაანადგურეს 8 ტანკი, 6 ერთეული ჯავშანტექნიკა, 5 მანქანა და ერთი საზენიტო დანადგარი. ამასთან, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

უკრაინის დედაქალაქ კიევის სოლომენსკის რაიონში მდებარე კინოთეატრ „ტამპერეში" ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განმარტებით, უკრაინის დედაქალაქი კვლავ რუსეთის მთავარი სამიზნეა - თავდასხმა ნებისმიერ წამს შეიძლება განხორციელდეს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების სადაზვერვო ცნობებში ნათქვამია,რომ რუსეთი ხარკოვის რეგიონიდან სამხედრო შენაერთებს გამოიყვანს, რათა მძიმე დანაკარგების შემდეგ ძალების რეორგანიზაცია და შევსება განახორციელოს.

„უკრაინული ძალები ხარკოვის ჩრდილოეთით კონტრშეტევებს აგრძელებენ და რუსეთის საზღვრის მიმართულებით რამდენიმე ქალაქი და სოფელი დაიბრუნეს. დონბასში რუსეთის ოპერაციების პრიორიტეტულობამ ხარკოვის რეგიონში განლაგებული ქვედანაყოფები დაუცველი გახადა მობილური და უაღრესად მოტივირებული უკრაინის კონტრშეტევითი ძალების მიმართ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბრიტანეთის დაზვერვისვე ინფორმაციით, კონფლიქტის საწყის ეტაპზე ხარკოვის გარშემო მიღწეული წარმატების მიუხედავად, დიდი დანაკარგების შემდეგ, რუსეთმა ამ ტერიტორიიდან ქვედანაყოფები გამოიყვანა რეორგანიზაციისა და ძალების შესავსებად.

მათი ცნობებით, ხარკოვის რეგიონიდან გაყვანილი ძალები, გაძლიერების შემდეგ სავარაუდოდ მდინარე სევერსკი დონეცკის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგდებიან, შექმნიან ბლოკირებულ ძალას, რათა დაიცვან მთავარი რუსული ძალების კონცენტრაციის დასავლეთ ფლანგი და იზიუმის რეგიონში ძირითადი საოპერაციო მარშრუტები.

„რუსული ჯარების გაყვანა ხარკოვის რეგიონიდან ამის იმის „მდუმარე აღიარება", რომ რუსეთი უკრაინის იმ მთავარი ქალაქების ხელში ჩადებას ვერ ახერხებს, სადაც ხალხის შეზღუდული წინააღმდეგობა იყო მოსალოდნელი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, გაჭიანურებული საბრძოლო მოქმედებები მიდის, თუმცა ხარკოვის მიდამოებში უკრაინულმა შენაერთებმა წარმატებას მიაღწიეს.

„ფაქტიურად პოზიციური გაჭიანურებული ბრძოლები მიდის, აქტიური ფაზა არცერთი მიმართულებით არ შიმჩნევა. უკრაინელებს ყველაზე წარმატებული ვითარება ხარკოვის მიდამოებში აქვთ. მათ საოკუპაციო ჯარების განდევნა შეძლეს, იმ ტერიტორიებიდან, საიდანაც ხარკოვი სარაკეტო და საარტილერიო სისტემებით იბომბებოდა.

„ახლა რუსებს შეექმნათ პრობლემა, რომ შეიძლება უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიებზე ქალაქების დაბომბვა იქით განახორციელონ. სოფლების ევაკუაციაც ამიტომ დაიწყეს, რომ შიში აქვთ. უკრაინელები ამ შესაძლებლობას ბუნებრივია ხელიდან არ გაუშვებენ და რუსული ტერიტორიების დაბომბვას განახორციელებენ.

„უკრაინელებს უკვე შეუძლიათ, რომ რუსეთის შიდა ტერიტორიებსაც მიწვდნენ და შიდა კომუნიკაციები გაანადგურონ, როგორც რუსები უკრაინელებს უნადგურებენ შიდა კომუნიკაციურ სატრანსპორტო არტერიებს, საიდანაც უკრაინის სამხედრო ძალებს შეიარაღება მიეწოდება, მათ შორის დასავლეთიდან.

„უკრაინელებს ახლა შეუძლიათ, რომ საპასუხოდ თუნდაც იგივე ბელგოროდის კურსკის ხაზის საარტილერიო დაფარვის ზონის კუთხით დარტყმები განახორციელონ და საერთოდაც საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე იქნას გადატანილი,ზუსტად ამის ეშინიათ რუსებს.

„რუსებისათვის ყველაზე მოწყვლადი ტერიტორია ხარკოვის საბრძოლო მოქმედებათა ზონა გახდა. სხვა მიმართულებებით სიტუაცია აქტიურობის ფაზის კუთხით არ გამოირჩევა. როგორც ჩანს რუსებს კიდევ ოპერატიული პაუზის აღება და თავიანთი დაჯგუფებების გადანაწილება მოუწევთ. მათ სჭირდებათ, რომ ხარკოვის მიმართულებით დაჯგუფება გააძლიერონ, რათა მათ სასიცოცხლო ინტერესებს ეხება.

„თუ უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორია დაიბომბა, ეს პუტინის რეიტინგისთვის დიდი დარტყმა იქნება. სანამ რუსები გადაჯგუფდნენ იმედია უკრაინელები დროს იხელთებენ. ბელარუსის ლიდერი მოსკოვში ჩადის და პუტინი შეეცდება, რომ ლუკაშენკო დაარწმუნოს ფრონტი ჩრდილოეთის მიმართულებიდან გახსნან. ბელარუსის პასუხი ერთია, რომ არ ერთვება, მაგრამ შესაძლოა თავად რუსეთმა განახორციელოს ბელარუსიდან დარტყმები.

„რაც შეეხება „აზოვსტალს", აქ ცოტა რთული სიტუაციაა, ალყაში არიან, ბრძოლას აგრძელებენ და მათი დებლოკაცია, დახმარების აღმოჩენა რთულია, მაგრამ „აზოვსტალის" ბრძოლები რუსებს საკმაო დროს, ძალებს და რესურსებს აცლის,"- განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე